„კარს არის მომდგარი ძალიან დიდი საფრთხე!..“ - კვირის პალიტრა

„კარს არის მომდგარი ძალიან დიდი საფრთხე!..“

"ვითარება არაორდინარულია, ამასთანავე, ძალიან რთული, ჩვენ შესაძლოა არ ჩავერთოთ სამოქალაქო ომში, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირებას არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. სამოქალაქო დაპირისპირება უკვე ძალიან ახლოსაა, შეიძლება ითქვას, კარს არის მომდგარი", - ამბობს პოლიტიკოსი ვაჟა ბერიძე და აცხადებს, რომ ამ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, ორივე მხარეს მართებს კომპრომისის გამონახვა.

- ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ასეთ დროს ურთიერთობაში აქცენტი გადადის ძალაზე და საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვისაც უფრო დიდი ძალა აქვს. ერთადერთი გამოსავალია კომპრომისი, პოლიტიკურ პროცესში შესვლა და გარკვევა იმისა, ვინ მტყუანია, ვინ მართალი და მიდის თუ არა ჩვენი ქვეყანა დასავლეთისკენ. ხელისუფლება ამბობს, რომ მიდის, ოპოზიცია ამბობს, რომ არ მიდის. მე როგორც ერთ მოქალაქესა და ანალიტიკოსს მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ხელისუფლების ასეთი განცხადებებით და ქმედებებით დასავლეთისკენ ვერ წავა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და იქ გააგრძელოს ბრძოლა, მათ შორის უნდა მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" სრული კათარზისი და ის პირები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშაულებს სჩადიოდნენ, უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმეზე შეთანხმება და ქვეყნის მშვიდობიანი გზით განვითარება.

- ეს, ალბათ აქამდე უნდა მომხდარიყო...

- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პოლიტიკა შესაძლებლობების გამოყენების ხელოვნებაა, პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პრაგმატულ გადაწყვეტილებებს და არა მავანთა ფანტაზიებს. თუ უარს ვამბობთ საპარლამენტო გზასა და პოლიტიკურ პროცესზე, რჩება ერთადერთი გზა - რევოლუცია და გადატრიალება.

ივანიშვილს პოლიტიკაში გადმოტანილი აქვს მოსკოვში მუშაობის მეთოდები, "ლიფტიორებისგან" რომ ბანკირებს ქმნიდა. ამ ქვეყანაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა მიდის. ეს ყველაფერი ივანიშვილმა დააგვირგვინა "შუას გაკრეფის" კოსმოპოლიტური მეთოდით. ეს გააკეთა ქვეყანაში, სადაც სწორედაც რომ შუაკაცია ყველაფერი. შუა არის ის სივრცე, საიდანაც მისი ალტერნატივა უნდა გაჩნდეს.

- სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ოპოზიციური ელექტორატი ოპოზიციით უკმაყოფილო იყო, ზოგიერთ მათგანს ხელისუფლებასთან გარიგებაშიც ადანაშაულებდა. შეიძლება ითქვას, პროტესტს, რომელიც ახლა ქუჩაშია­, ოპოზიცია არ თუ ვერ მართავს. თქვენი შეფასებით, ეს არის თუ არა სახიფათო?

- ეს უმწვავესი პრობლემაა. გასაგებია, რომ "ქართული ოცნება", რომელიც უკვე 12 წელია მართავს ქვეყანას, უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ პრობლემაა ოპოზიციისა და ხალხის ერთმანეთთან შეთა­ნხმებაც, უფრო მეტიც, შეუძლებელია.

შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არეულობის ორგანიზება რჩება. რა თქმა უნდა, ეს დამანგრეველია ქვეყნისთვის, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც უნდა მოვიდეს ოპოზიციაში ან თუნდაც ხელისუფლებაში, კონკურენტუნარიანი გარემო სჭირდება. როგორ შეიძლება არსებობდეს კონკურენტუნარიანი გარემო იმ ქვეყანაში, სადაც სახელისუფლებო პარტიის დამფუძნებელს უსასრულო ფინანსური რესურსი აქვს. მას ოპოზიცია ვერ დაამარცხებს ვერც ერთ თუნდაც დემოკრატიულად ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებში. მე ყველაზე მეტად იმის მეშინია, საბოლოოდ ხალხი არ დაისაჯოს.

- რატომ გამოაცხადა ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნა 2028 წლამდე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი,­ რა პოზიციას დაიკავებდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მით უფრო მაშინ, როცა "ქართული ოცნების" ლიდერები ჯერ კიდევ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქართულ-ამერიკული და საზოგადოდ, დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა ეძლეოდათ?

- ამ საკითხზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - თუ შენი ქვეყნისთვის ნამდვილად სიკეთე გინდა, თუ შესაბამისი ცოდნა არა გაქვს, პოლიტიკას ხელი არ უნდა მოჰკიდო. პოლიტიკა გაცილებით რთული მეცნიერებაა, ვიდრე ფიზიკა, მათემატიკა და ნებისმიერი სხვა. ზოგს ისიც ჰგონია, თუ დასავლეთის რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლიან და დიპლომს აიღებენ, უკვე ქვეყნის მართვა შეუძლიათ. სამწუხაროდ, ამ ხალხმა ისიც კი არ იცის, რომ პოლიტიკა ხელწამოსაკრავი მეცნიერება არ არის. განსაკუთრებით, დაუშვებელია პოლიტიკაში ემოციებზე აყოლა. საქართველოში პოლიტიკას ისე უყურებენ, როგორც ავტობუსის გაჩერებას - მიდიხარ ვარკეთილში და უცებ გადაწყვეტ, რომ გლდანში წასვლა გინდა... ასე არ არის. მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია, ამ შემთხვევაში მხოლოდ "ფეისბუკის" პოსტით მივმართე პრემიერს, როგორმე თავისი განცხადების დეზავიურება მოეხდინა.

- არ იყო დამაკმაყოფილებელი­ განმარტება, რომ დღის წესრიგში არ იქნება მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს?

- არა, ეს არასერიოზული და არადამაჯერებელია. "ქართულმა ოცნებამ" ევროპელ პოლიტიკოსებს პირდაპირ უთხრა, ოთხი წლით მოკეტეთო!

- ამ ყველაფერზე დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებები უკვე მოვისმინეთ განცხადებების სახით. თქვენი აზრით, როგორი იქნება მათი ნაბიჯები?

- ნაბიჯები იქნება ფრთხილი, მოზომილი, მაგრამ რიგ შემთხვევაში უხილავი და სახიფათო. ვგულისხმობ როგორც ხილულ და უხილავ სანქციებს, ასევე ხილულ და უხილავ სასჯელებს.

- მაგრამ ამასობაში, უახლოეს დღეებში, პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?

- თუ პროცესები ასეთი სიმძაფრით განვითარდება, ჩვენ გველის რთული ოთხი წელი, რომლის დროსაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ამბოხების, რევოლუციისა და სამოქალაქო დაპირისპირების ჩათვლით. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მინდა ეს არ მოხდეს, ამიტომ ყველასგან, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისგან, კატეგორიულად მოვითხოვ პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებას - პარლამენტში შესვლას და კანონშემოქმედებით საქმიანობას, მათი მთავარი ტრიბუნა პარლამენტი უნდა იყოს. თუ რამეზე ვერ თანხმდებიან, მაგალითად, არის თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა პრორუსული, ჩატარდეს ამ საკითხზე შესაბამისად ფორმულირებული დღის წესრიგით პლებისციტი. ხალხმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კარდინალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

ხათუნა ბახტურიძე