„თუ ამათ ახალი არჩევნების ჩატარებას არ აიძულებენ, მაშინ ან საყოველთაო დეპრესია დაიწყება, ან იქნება საყოველთაო რეპრესიები“
ბოლო დღეებია საქართველოში, თბილისსა და სხვა ქალაქებში მასობრივი პროტესტი იმართება, სადაც ათიათასობით ჩვენი მოქალაქე აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ. ეს პროტესტი მოჰყვა კობახიძის განცხადებას, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირისგან". მისი განმარტებით, ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. "კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება", - განაცხადა კობახიძემ და საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღებისთვის ევროპარლამენტიც გააკრიტიკა, სადაც არჩევნების გაყალბების გამო "ოცნების" დასანქცირების საკითხია ფოკუსირებული. რეალურად რას უკავშირდება "ოცნების" გადაწყვეტილება, რა შეიძლება მოჰყვეს ამას და რა შანსია, რომ ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, ამ საკითხებზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.
კახა გოგოლაშვილი: - თუ ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა იქნა, გადაწყვეტილებას შეცვლის, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებაში არ არის იმხელა პრობლემა, რამხელაც თავად ამ ხელისუფლების დარჩენაშია. მიზანი ის უნდა იყოს, რომ ეს ხელისუფლება გადადგეს და ჩაატაროს ახალი არჩევნები. თუ ეს არ მოხდა, გინდა შეცვალოს გადაწყვეტილება და გინდა არა, მათი პოლიტიკა ხომ არ შეიცვლება? განცხადება დემონსტრაციულად გააკეთეს, ვწყვეტთ მოლაპარაკებას 2028 წლამდეო, როცა შეეძლოთ ეს ჩუმად გაეკეთებინათ. უბრალოდ, არ დაეწყოთ მოლაპარაკება, არაფერი გაეკეთებინათ და მორჩა, მაგრამ პროვოცირებაზე წავიდნენ, რათა გადაიფაროს უფრო დიდი პრობლემა, ანუ მათი ლეგიტიმაციის საკითხი. ახლა ხალხის რეაქციიდან გამომდინარე თუ იტყვიან, უკან მიგვაქვსო, როგორც გააკეთეს აგენტების კანონზე, როგორღაც მოულბონ ხალხს გული, რომ აღარ გააპროტესტონ არჩევნების გაყალბება და მათი ხელისუფლებაში დარჩენა. შესაძლოა ეს იყოს მათი სცენარი, მაგრამ ასე არ უნდა მოხდეს.
- ჩვენ მოვემზადებით 2028 წლისთვისო, რამდენად სერიოზულია ეს განცხადება?
- ეს დაცინვაა. ესენი ამბობენ, ამ კანონებს, რომელთა მიღებას გვთხოვენ, არ მივიღებთ, რადგან ჩვენს ღირსებას ეწინააღმდეგებაო. 2028 წელს რა, ღირსებას დაკარგავენ თუ რა მოხდება?! თუ ევროკავშირი შეიცვლება და აღარ მოსთხოვენ ან იმ კანონების გაუქმებას, ან იმ რეფორმების გატარებას?! ჰგონიათ, ძალიან პრიმიტიულია საზოგადოება. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენაც, აი, რა კარგი ქართული გარეგნობა აქვს, რა კარგი ქართველი ვაჟკაციაო, ხომ ამის ნიშანია, რომ ივანიშვილი ქართველ საზოგადოებას ასე უყურებს? ეს კობახიძესაც გადაედო, რადგან 2028 წელზე რა არგუმენტებიც მოიყვანა, მერე ორ წელში გავწევრდებითო, პრიმიტიულ საზოგადოებაზეა გათვლილი. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მოლაპარაკების დაწყებიდან 5 წელზე ნაკლებში გაწევრებულიყოს ვინმე. მეტიც, 7 წელი იყო ყველაზე მცირე, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებას მოანდომეს და როგორ გაწევრდებიან ესენი ორ წელში?!
- ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ აქცენტი გააკეთეს ეკონომიკურ განვითარებაზე, დემოკრატიული რეფორმები არც უხსენებიათ.
- ევროკავშირი უპირველესად რეფორმებს ითხოვს. მისთვის მოლაპარაკების პირველი კლასტერი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობაა. თუ ეს არ შეასრულე, შენთან მოლაპარაკებას არც დაიწყებენ, ეკონომიკაში სულ რომ გადაატრიალო ყველაფერი და ვთქვათ, ახალი ზელანდიის დონეზე ახვედი. ძალიან ბევრი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერია, მაგალითად, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი, მაგათ ხომ ვერ გაასწრებ ეკონომიკაში, და ეგენი შევლენ ევროკავშირში? არ ვლაპარაკობ ტერიტორიულ ფაქტორზე, ამ ძლიერი ეკონომიკების მიუხედავად, იქ დემოკრატია არ არის. კობახიძის ნათქვამი ისეთი ნონსენსია, კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ამით მოსახლეობას ის უთხრეს, ჩვენ ახლა თქვენს კეთილდღეობას გავზრდით და მეტი რა გინდათ, კიდევ რა დემოკრატია მომინდომეთ და ადამიანის უფლებების დაცვაო. ასეთი განცხადებები აქვთ, მაგალითად, თურქმენეთსა და საერთოდ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ ხალხს ეუბნებიან, ხელფასი გაქვთ, საჭმელ-სასმელი გაქვთ, გათბობა გაქვთ, ტელევიზორი გაქვთ და დასხედით, უყურეთ და რა დემოკრატია, რის დემოკრატიაო. კი, ქართველებშიც არიან ასეთი პრიმიტივები, მაგრამ ეს არ არის უმრავლესობა, ეს არ ახასიათებს ერს.
- საერთაშორისო დონეზე განცხადებები უკვე მოვისმინეთ, მაგრამ თუ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე გაიზრდება, საზოგადოების პროტესტმა რა ფორმა შეიძლება მიიღოს?
- ევროკავშირი, საერთოდ ევროპული ცივილიზაცია, კომპრომისების ცივილიზაციაა. ისინი ყოველთვის ცდილობენ მშვიდობიანი გამოსავლის გამონახვას, მინიმალური ბოროტების გზით სიარულს, რომ თუ კეთილად არ გამოდის, ბოროტება მაინც მინიმალური იყოს. ამიტომ რაღაც გზების მოძებნას შეეცდებიან, რომ ესენი ცოტა ჭკუაზე მოიყვანონ, მაგრამ ბოლო ორი-სამი წელია უკვე ამათ აღვირი ახსნილი აქვთ, შეუძლებელია ამათი გაჩერება. ჯერ მაინც შეეცდებიან დააშინონ, თითი დაუქნიონ, ახლავე არ დაასანქცირონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიიღებენ სანქციებს, რადგან გამოსავალი აღარ დარჩა. მაგალითად, პლახატნიუკი და რამდენიმე ოლიგარქი, რომლებმაც ბიუჯეტი შეჭამეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფული მოიპარეს და გაიქცნენ, ევროკავშირმა ყველა დაასანქცირა. ახლა გაქცეულები ტირიან, უფულოდ დავრჩითო... მგონი, ამათაც დაუწესებენ სანქციებს, უკვე სრულად გამოვიდნენ კონტროლიდან, აღარაფერს სცემენ პატივს, აღარც კონსტიტუციას, აღარც კანონს. ბოლო წლების პარლამენტი გავიხსენოთ, ეს საწყალი ოპოზიცია რა დღეში იყო და როგორ ცდილობდნენ მათთვის პირში ბურთის ჩაჩრას - გამოდიოდნენ ოპოზიციონერები, რაღაცის შეცვლას ითხოვდნენ, ესენი კი ყველაფერზე იცინოდნენ, არაფერს ითვალისწინებდნენ. ეს არ არის არათუ დემოკრატია. ახლა ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერი უკანონობა ჩაიდინონ. უკვე რამდენი ჩაიდინეს, თუნდაც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი; ოპოზიციონერებს უფლებამოსილებას არ უუქმებენ და გაიძახიან, როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო. ადამიანი ამბობს, არ მინდა ამისთანა პარლამენტის წევრობაო, შენ კი მანდატს არ უუქმებ, იმიტომ, რომ ძალა შენს ხელშია?! პრეზიდენტობის კანდიდატად ვიღაც ულვაშიანი კაცი მოიყვანეს და ამ ულვაშის გამო ვასახელებთო, ეს ხომ საოცრებაა?! ხომ არის დაუწერელი კანონიც და ის ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ღირსეული, განათლებული, ერის სიმბოლო, რომელსაც ადამიანი რომ დაელაპარაკები, წარმოდგენა შეგექმნას მის ხალხზე. ამიტომაც, როგორც წესი, ერში ყველაზე გამორჩეული უნდა შეარჩიო, ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მაგათთვის აღარც კანონი კანონობს და აღარც კონსტიტუცია. ამიტომ, ალბათ, მათი მორჯულება მოუწევთ, მორჯულება კი მათრახისა და სახრის გარეშე შეუძლებელია - მათრახი და სახრე სანქციები იქნება. ამათ აღარავინ ელაპარაკება, ხელს არ ართმევენ, არსად არ პატიჟებენ და შემდეგი იქნება სანქციები.
- ქვეყანას რა პერსპექტივა რჩება?
- თუ ამათ ახალი არჩევნების ჩატარებას არ აიძულებენ, ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს - ან საყოველთაო დეპრესია დაიწყება, ან იქნება საყოველთაო რეპრესიები. მე არც ბელარუსის სცენარს გამოვრიცხავ, არც ის არის გამორიცხული, სწორედ ამიტომაც ამწვავებდნენ სიტუაციას. ადამიანების ასე უმოწყალოდ ცემა ხომ საგანგებოდ დაგეგმილია, შეიძლება სწორედ ლუკაშენკოს სცენარის გამეორება აქვთ მიზნად.
რუსა მაჩაიძე