სად არის საშველი და რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი?! - კვირის პალიტრა

სად არის საშველი და რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი?!

თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში პროტესტის პარალელურად ჩნდება კითხვა, რა უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა და როგორ უნდა მოიქცეს ქართველი საზოგადოება, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ამ კითხვებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მივმართეთ.

- ხელისუფლება ზუსტად ისე იქცევა, როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს მოიქცა იმჟამინდელი მმართველი. მაშინაც სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, მისდევდნენ, ურტყამდნენ, აპატიმრებდნენ. ახლაც იგივე მოხდა... კანონი ამბობს, რომ თუ ვინმე სჩადის კანონსაწინააღმდეგო­ ქმედებას, ეს პოლიციამ უნდა აღკვეთოს და იქვე ამბობს, უნდა აღკვეთოს თანაზომიერი­ და პროპორციული ძალის გამოყენებით - ეს ხაზგასმით არის ნათქვამი. ახლა მითხარით, რანაირად შეიძლება გაამართლო პოლიციელის მოქმედება, როდესაც პირი გარბის, პოლიციელი მას ეწევა და ნაცვლად იმისა, დააკავოს, აგდებს მიწაზე და წიხლებს ურტყამს, შემდეგ მას ეშველებიან კოლეგები და ურტყამენ წიხლს ძირს დავარდნილ მოქალაქეს.­ ჩვენ ხომ არაერთი ფაქტი გვაქვს პროტესტანტების მძიმე ფიზიკური დაზიანებისა, არა მხოლოდ მათ, პირდაპირი ნადირობა­ იყო ჟურნალისტებზე, იყო მიზანმიმართული წყლის ჭავლი სწორედ იმ ტელეკამერებზე, რომლებიც ტრანსლირებდნენ აქციაზე მიმდინარე პროცესს. დაშავებული არიან მედიის თანამშრომლები, მათ შორის ერთს სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი; ჟურნალისტს, რომელსაც მიკროფონი ეჭირა და თავის მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტზე თავდასხმა და საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. რა უნდა ვთქვათ ამის შემდეგ?! - ძალის გამოყენების რაიმე თანაზომიერებასა და პროპორციულობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ხელისუფლება მთლიანად არის გასული კონსტიტუციური რეჟიმიდან­ და ეს უზარმაზარი საფრთხეა თითოეული­ მოქალაქისთვის. ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების დაბრუნება კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს შეიძლება შესაძლებელი­ გახდეს მხოლოდ პარლამენტის ხელახალი არჩევნებით. რადგან დღეს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი, რომლის არჩევასაც აპირებენ, არალეგიტიმურია. მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.

როგორ მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს? - ცხადია, "ქართულ ოცნებას" კატეგო­რიულად არ სურს ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან, მაღალი ალბათობით, დაკარგავს ხელისუფლებას, რაშიც უპირველესად თავადვე არის დამნაშავე. ამიტომ, თუ არ აიძულეს, ამ ნაბიჯს არ გადადგამს, იძულება კი უკვე ხალხზეა დამოკიდებული. თუ არ იქნა ხელისუფლებაზე ზემოქმედების ძალიან ინტენსიური და მაღალი ხარისხის ზეწოლა, არ წავლენ ხელახალ არჩევნებზე და შეგვრჩება ეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს არათუ სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს, არამედ უფრო და უფრო ღრმად შეათრევს რუსულ ჭაობში. კობახიძის განცხადება, რომ 4 წლით აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებაზე საუბარს, ეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის პირდაპირი დარღვევაა. ჩვენ ევროპული მომავალი კონსტიტუციით გვაქვს დამტკიცე­ბული. 78-ე მუხლში წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრირების ხელშესაწყობად. მათი მოქმედებები კი ანტიკონსტიტუციურია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში "ოცნების" ხელისუფლების საქმიანობა დიამეტრულად საწინააღმდეგო იყო იმ მოთხოვ­ნებისა, რომელთა შესრულებასაც მოითხოვდა ევროკავშირი, რათა დაეწყო საქართველოსთან მოლაპარაკება. ფარსია ყველა ის განცხადება, რომელსაც ხელისუფლება­ ჩვენი­ ევროპული გზის შესახებ აკეთებს, წინასაარჩევნოდ ბანერებზე გამოფენილი ჰქონდათ­ "ღირსებით ევროპისკენ". კობახიძემ დაადასტურა, რომ არც აპირებდნენ ევროკავშირში შესვლას და ევროკავშირის წევრობისთვის პირობების შესრულებას­. ახლა წერტილი დაესვა ყველაფერს. საქართველოში იქნება ისეთივე რეჟიმი და გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, როგორიც ჰყავს რუსეთს, ბელარუსს. თუ ამათ ეს ყველაფერი გაუვიდათ, მაშინ გვექნება სახელმწიფო მთლიანად რუსულ გავლენაში მოქცეული, სადაც ადამიანის უფლებებზე საუბარი უაზრო იქნება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება, საქართველო­ მოსწყდება განვითარებულ ქვეყნებს. ყველას, ვისაც რაიმე შანსი და ცოდნა აქვს იცხოვროს ევროპაში ან ამერიკაში, ყველა უნარიანი მოქალაქე დაიწყებს საქართველოდან წასვლას, რაც კიდევ დამატებითი დარტყმა იქნება მათთვის, ვინც დარჩება ამ ქვეყანაში. ასე მივგორდებით რუსეთის რომელიმე ჩამორჩენილი გუბერნიის მდგომარეობამდე.

pageess-1733009278.jpg

როცა ვამბობ, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება-მეთქი, ვგულისხმობ იმას, რომ აღარ იქნება დახმარება, რომელსაც უხვად ვიღებდით ევროპიდან და ამერიკიდან. ამ დახმარებების ხარჯზე მუშაობდნენ სიპები და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტი; ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გრანტები - ყველაფერი შეწყდება, მაგრამ ყველაზე მძიმე ის იქნება, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები აბსოლუტურად შეილახება. სად არის საშველი?! - მხოლოდ ხელახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში, რათა ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში. ხელახალმა არჩევნებმა უნდა გვაჩვენოს, როგორი ხელისუფლება სურს ხალხს.

- სალომე ზურაბიშვილი აქციაზე სპეცრაზმის პირისპირ იდგა, მოვისმინეთ მისი მწვავე განცხადებები ხელისუფლების შესახებ. შეიძლება ითქვას, ქართველი ხალხის ერთადერთი იმედი პრეზიდენტია, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ძალიან ცოტა დრო დარჩა.

- სამართლებრივად სალომეს აქვს იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება ახალი პრეზიდენტის კანონიერად არჩევას. "ქართული ოცნების" დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ანტიკონსტიტუციურია, არ ჰქონდა დანიშვნის უფლება. ქალბატონი სალომე ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია. თუ ხელისუფლებას დასცალდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება, გვეყოლება არალეგიტიმური პრეზიდენტი - ეს იქნება მიტაცებული თანამდებობა. სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთადერთი ლეგიტიმური, კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ცდილობს დაიცვას საქართველო და მისი მოქალაქეთა ინტერესები. არალეგიტიმურმა პარლამენტმა დანიშნა და ცდილობს ჩაატაროს პრეზიდენტის არალეგიტიმური არჩევნები არალეგიტიმურ აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრებთან, პრობლემური ლეგიტიმურობის მქონე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ლეგიტიმურ საკრებულოს წევრებთან ერთად. თავად ეს კოლეგია იქნება არალეგიტიმური და ცხადია, მათი ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმური იქნება, ისევე, როგორც არჩეული პრეზიდენტი. საქმე გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და არჩევნების კონსტიტუციურობა ანუ არჩეულად გამოცხადებული 150 პირის უფლება დასადგენია. კანონის თანახმად, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მათ არჩევას კანონიერად არ ცნობს, მანამდე პარლამენტს უფლება არ ჰქონდა ეცნო თავისი წევრების უფლებამოსილება - ეს პირდაპირ წერია კანონში. თუ საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა სარჩელი, მაშინ არჩევნების შედეგები იქნება ბათილი და უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. თუ არ დააკმაყოფილა სარჩელი, მაშინ არჩეულად გამოცხადებულ პარლამენტის წევრებს ექნებათ უფლება ცნონ თავიანთი უფლებამოსილება. ამწუთას ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. მე დიდი იმედი არა მაქვს, რომ საკონსტიტუციო ამ სარჩელებს დააკმაყოფილებს. არადა, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან.

საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია დროში გადაწყვეტილების მისაღებად, მან ერთი თვის ვადაში უნდა გამოიტანოს განაჩენი. იბადება კითხვა, თუ "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა არაკონსტიტუციურად მოქმედება და აირჩია პრეზიდენტი, ლეგიტიმურ პრეზიდენტს შეუძლი მისთვის წინააღმდეგობის გაწევა? - რა თქმა უნდა, არა, რადგან პრეზიდენტს თავისი­ დამცველი ძალოვანი სტრუქტურა არა ჰყავს. გვეყოლება ლეგიტიმური პრეზიდენტი და ფაქტობრივი, არალეგიტიმური. ჩვენი­ ქვეყნის მართვა აღმოჩნდება მთლიანად არალეგიტიმური მთავრობის ხელში. ეს პირდაპირ კონსტიტუციური გადატრიალებაა. იგუებს თუ არა ასეთ ხელისუფლებას ხალხი, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. ქალბატონ სალომესთან ურთიერთობას დემოკრატიული დასავლეთი, ალბათ, არ შეწყვეტს და არ მოინდომებენ არანაირ ურთიერთობას ფაქტობრივ პრეზიდენტთან.

სოფო კაჭარავა