"საქართველო მართლაც დაუცველია, არა აქვს არანაირი გარანტია და ცდილობს­ რაღაცნაირად მოერგოს ახალ წესრიგს" - კვირის პალიტრა

"საქართველო მართლაც დაუცველია, არა აქვს არანაირი გარანტია და ცდილობს­ რაღაცნაირად მოერგოს ახალ წესრიგს"

ბიძინა ლებანიძე, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარი:

- კობახიძის განცხადება დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით მუშაობას ვაჩერებთ. გაწევრება მარტო ის ხომ არ არის, განცხადებას­ გააკეთებ და მეორე დღესვე მიგიღებენ, ამას სჭირდება ხანგრძლივი მუშაობა. ბევრი რეფორმაა გასატარებელი, გაწევრების ვალდებულებების თავები დასახური - ამას სჭირდება წლები, რამდენიმე ფაზის­ გავლა და ყველაფერი­ მომავალში გადაიწევს. თუ პროცესი 2028 წელს განახლდა, ამას კიდევ დასჭირდება გაწევრების პროცესში დაკარგული წლების ანაზღაურება. ამიტომ ეს გაჩერება თუ გადადება ძალიან სარისკო საქმეა. გაწევრება არა მარტო ტექნიკური, ასევე პოლიტიკური­ პროცესია და დღეს არის საამისო ფანჯარა - ევროკავშირს აქვს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყნებთან გაწევრების პროცესი წარმა­რთოს და დააჩქაროს, რადგან რა იქნება 5 თუ 7 წლის შემდეგ, კაცმა არ იცის. ვარაუდობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დამთავრდება და შემდეგ შეიძლება ევროკავშირში ისეთი ძალები­ მოვიდნენ, რომლებიც სკეპტიკურად იქნებიან განწყობილი გაფართოების მიმართ. ამიტომ შესაძლებლობის ფანჯარა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

- კობახიძის არგუმენტი, რომ ეს საკითხი არ გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ შანტაჟისთვის, რამდენად სერიოზულია?

- გაწევრების პროცესი არ არის თანა­ბარი დიალოგი ევროკავშირსა და მისი წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის მკაცრად გაწერილი პროცესი, რომელსაც ევროკავშირი კარნახობს კანდიდატ ქვეყნებს და მათ უნდა შეასრულონ ყველა პუნქტი, რომლებიც გაწერილია ამ პროცესის განმავლობაში, მათ შორის ის 35 თავი, რომელიც უნდა დახურონ კანდიდატმა ქვეყნებმა. საქართველოს გამო ამ ნორმებს არ გადახედავენ. საქართველოს ხელისუფლება რატომღაც შანტაჟად მიიჩნევს, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, გაატარეთ ის რეფორმები, რაც საჭიროა გასაწევრებლადო.­ ეს ევროკავშირის პერსპექტივით ძალიან ნორმალური პროცესია და ჩვენ თუ შანტაჟად აღვიქვამთ, ეს ჩვენი პრობლემაა.

- კობახიძემ აქცენტი გააკეთა მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორზე და თან იმ კონტექ­სტში, თითქოს ჩვენ ყველაზე მეტად ვართ მზად გასაწევრებლად და გვჩაგრავენ. ეს გათვლილია შიდა აუდიტორიაზე თუ მესიჯია­ დასავლეთისთვისაც?

- შესაძლოა უფრო გათვლილია შიდა აუდიტორიაზე და იმაზე, ახლო მომავალში რა შეიძლება დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრება საქართველოსთვის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, მაგრამ მოკლე პერსპექტივაში შეიძლება ახლდეს, ასე ვთქვათ, ნეგატიური გვერდითი ეფექტები და ბოლომდე არ ტყუის საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ ახლო პერსპექტივაში ეკონომიკური რისკები იქნება. მაგალითად, თუნდაც ის, რომ საქართველოს ძალიან ლიბერალური საგარეო ვაჭრობა აქვს, ბევრ ქვეყანასთან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირი საბაჟო კავშირია და საქართველოს ამის დაკორექტირება მოუწევს. ასევე, თუ გახდება შენგენის წევრი, მოუწევს საიმიგრაციო პოლიტიკის დაკორექტირებაც, რაც აისახება ტურისტების რაოდენობაზე, რადგან საქართველოში, ძირითადად, რუსი ტურისტები შემოდიან. თუმცა საბოლოოდ გაწევრების შემთხვევაში ეს პოზიტიური ფაქტორები გადაწონის ყველა ამ შესაძლო რისკს. საქართველო ევროკავშირში გაწევრებით იმდენ სიკეთეს მიიღებს, რომ ამ ნეგატიურ ფაქტორებს ამხელა გავლენა აღარ ექნება. რუსულ ბაზარზე ჩამოკიდება ძალიან სარისკოა, რადგან ახლა კი აქვს ქვეყანას ამით სარგებელი, მაგრამ როდის დაგვიწესებს ემბარგოს, კაცმა არ იცის, მით უმეტეს, ამის გამოცდილება უკვე გვაქვს და რა დაუშლით, რომ იგივე გააკეთონ?! რუსეთი ძალიან არაპროგნოზირებადია... ევროკავშირის ბაზარი და დამოკიდებულება კი, პირიქით, ძალიან პროგნოზირებადია, რადგან მისი წესები ძალიან ნელა იცვლება. რაც მთავარია, თავის ნებაზე არავინ იღებს გადაწყვეტილებას და ვერც მიიღებს...

- დავუშვათ, "ოცნებამ"­ თქვა, ვითვალისწინებთ ხალხის პროტესტს და უკან მიგ­ვაქვს ეს განცხადებაო, რა მოხდება? ევროკავშირისთვის იქნება ეს მისაღები­ თუ მაინც არასანდო პარტნიორებად ჩავითვლებით?

- "ოცნებას" იმიჯი დასავლეთში ძალზე შელახული აქვს კონფირმაციული რიტორიკის გამო და ა.შ., თუმცა ევროპელები მაინც იმას უყურებენ, თუ რას გააკეთებს­ ქვეყანა, ჰიპოთეზურად, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის დისკურსს და დაიწყებს აქტიურად რეფორმების გატარებას იმ სფეროებში, რაშიც აუცილებელია ცვლილებები, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ამაზე ევროკავშირსაც ადეკვატური რეაქცია ექნება. თუ იქნება ასეთი სცენარი, ევროკავშირს პოლიტიკურ მესიჯებსა და წყენაზე გამოდევნება არ ახასიათებს. თუმცა ეს სცენარი ნაკლებად შესაძლებელი მგონია.

- როგორც კობახიძემ თქვა, ჩვენ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ. ეს კარგია, მაგრამ რამდენად გამოდგება არგუმენტად, რომ გაწევრებაზე არ შეცვლილა მათი პოზიცია?

- ასოცირების ხელშეკრულება სულ სხვა რამაა, ვიდრე, ვთქვათ, გაწევრება. მართალია, რომ ასოცირების ხელშეკრულება, მაგალითად, ფარავს გაწევრების პროცესის რაღაც ასპექტებს, ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ფარავს ამ მიმართულების დიდ ნაწილს, მაგრამ საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრება სულ სხვა პროცესია. საამისოდ მეტი ინდიკატორია, ვიდრე გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში, მათ შორის, პოლიტიკური ინდიკატორები. ასოცირების ხელშეკრულების თუნდაც 100%-ით შესრულება არანაირი გარანტია არ არის და ასევე, საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო გაწევრდეს ევროკავშირში. შესაძლოა მართლები არიან იმაში, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმების უფრო მეტი პუნქტი აქვს შესრულებული, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ ეს არ კმარა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე.

- "ოცნების" ეს გადაწყვეტილება პირადად თქვენთვის როგორ აიხსნება და როგორ აღიქვეს ევროკავშირში?

- საქართველოსთანა ქვეყნების ხელისუფლებებს შესაძლოა უნდოდეთ კიდეც ევროკავშირში გაწევრება, მაგრამ ამასთანავე უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ორი რამ კი ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტშია - შენ რომ ევროკავშირში გაწევრდე, უნდა გაატარო ისეთი რეფორმები, რომლებიც გაიძულებს მოახდინო სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაცია - სასამართლოს დამოუკიდებლობა და ა.შ., რამაც შესაძლოა ძალაუფლება დაგაკარგვი­ნოს. არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებასაც" ეს დილემა აქვს. წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა მსგავსი დილემა ევროკავშირთან ურთიერთობაში და "ნაციონალებს" მოუწიათ ხელისუფლების დათმობამ, როდესაც დასავლეთი მიაწვა. "ქართული ოცნებისთვის" ეს არ არის უნიკალური მომენტი, ის დასავლეთის აზრს არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება იმას, თუ რას ფიქრობენ ევროკავშირში, საქართველო მათთვის არ არის უნიკალური ქეისი. გასაგებია, რომ გეოპოლიტიკური მიზნებით შესთავაზეს წევრობა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას და გაუხსნეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გაწევრების პროცესში ამ ქვეყნებს ასევე ექმნებათ გეოპოლიტიკური რისკები რუსეთისგან და ამაზეც მიდის დისკუსია, თუ როგორ შეიძლება ამ რისკებისგან ამ ქვეყნების დაცვა. ამავე დროს, ისინი თავიანთ შეცდომებსაც აღიარებენ, რაც ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა­ - კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებების იგნორირება, რამაც ის გამოიწვია, რომ რუსეთი გახდა აგრესიული აქტორი რეგიონში. ევროკავშირიც ერთგვარად დილემის წინაშეა, როგორ შეიძლება ამ ქვეყნების ასეთი რისკებისგან დაზღვევა, ამაზე კი ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ალბათ, ყოველივე ეს თამაშობს როლს, რაკი ასე გართულებულია ახლა საქართველოში ვითარება.

- იმის გამო, რომ "ოცნებამ" ეს განცხადება დემონსტრაციულად გააკეთდა მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო პროცესი­ ჩუმად ჩაეგდოთ ანუ ეს ვალდებულებები არ შეესრულებინათ, თუ არ სურდათ, საქართ­ველოში გაჩნდა განცდა, რომ ეს არის პირდაპირ რუსეთის დავალების შესრულება. თქვენ თუ ხედავთ ამ საფრთხეს?

- შეიძლება ეს პროცესი ამ კონტექსტითაც აღიქვა და არც ის არის გამორიცხული, შიდაპოლიტიკური გათვლაც იყო, რათა ევროკავშირს შანტაჟის ენით ელაპარაკონ, მაგრამ ევროკავშირთან ასეთები არ ჭრის. არც ის არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლება ახლა ცდილობდეს რეგიონში არსებულ პოლიტიკურ გარემოს მოერგოს. ვთქვათ, აქვთ ასეთი აღქმა­ - რუსეთი ძლიერდება რეგიონში, უკრაინაში ომს არ აგებს და ამას ტრამპის გაპრეზიდენტებაც დაემთხვა; დასავლეთმა თავისი ვერ გაიტანა რუსეთთან, ესე იგი, რუსეთი ძლიერდება და ამ დროს საქართველო დაუცველი ქვეყანააო. ეს მართალია, საქართველო მართლაც დაუცველია, არა აქვს არანაირი გარანტია და ცდილობს­ რაღაცნაირად მოერგოს ამ ახალ წესრიგს, რომელიც იქმნება რეგიონში. ეს ახალი წესრიგი კი შეიძლება იყოს ის, რომ უარი თქვას ევროკავშირში გაწევრებაზე და შეეცადოს მოერგოს რუსეთის ინტერესებს და თან ამით მაქსიმალურად ისარგებლოს ეკონომიკურად. შეიძლება ასეთი გათვლაც აქვთ, მაგრამ იმის თქმა, რომ პუტინთან პირდაპირ ხაზზე არიან და მის პირად ბრძანებებს ასრულებენ, ძნელია, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს და ამაზე ლაპარაკი ძალიან არასერიოზული იქნება.

რუსა მაჩაიძე