რა პროცესებს გამოიწვევს საქართველოში ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერება?! - კვირის პალიტრა

რა პროცესებს გამოიწვევს საქართველოში ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერება?!

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია. ევროპარლამენტი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას.მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და ერთი წლის განმავლობაში მისი ხელახლა ჩატარებისკენ მოგვიწოდებს. რეზოლუცია ივანიშვილთან ერთად "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს, მათ შორის არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ევროპარლამენტის სარეკომენდაციო რეზოლუციას საბოლოოდ ევროკომისია განიხილავს...

რეზოლუციის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებას წყვეტს და საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამას ისიც დაემატა, რომ 30 ნოემბერს აშშ-მა­ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხისთვის მიცემულ დაპირებას, რომელიც გაწერილია მათსავე კონსტიტუციაში, რომ ისინი უნდა მიისწრაფოდნენ ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისკენ. ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შეჩერებით, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებზე და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ... "ქართული ოცნების" სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ერთგულებას: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მიმართ. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი".

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ გიორგი კაჭარავას­ ვესაუბრეთ:

- ბატონო გიორგი, საუბარი დავიწყოთ უახლესი ამბით, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და რას დაკარგავს ამით საქართველო?

- ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ვინაიდან ამერიკა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. იგივე სამხედრო წვრთნები, რომელიც აქამდე ტარდებოდა, სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოჰყვა. ამერიკასთან სამხედრო, ეკონომიკური თუ სოფლის მეურნეობის სფეროებში გვქონდა დახმარების პროგრამები და რაც ყველაზე მთავარია, ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ეს ყველაზე დიდი ბერკეტი იყო საქართველოსთვის, მაგრამ არაღიარების პოლიტიკას ამერიკელები არ და ვერ გადათქვამენ, რადგან პარტნიორობა შეჩერებულია და არა - გაწყვეტილი. ეს განცხადება დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება და ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭება სასიკეთოს არაფერს მოუტანს საქართველოს. საქართველოს აქვს პოლიტიკური ინტერესები, ვინაიდან გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.­ ჩვენ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ და საერთაშორისო არენაზე უნდა დავიმკვიდროთ თავი, მაგრამ როგორ უნდა ენდო სახელმწიფოს, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია ევროპული და ევროატლანტიკური­ მისწრაფებები, წლების განმავლობაში ამისკენ მიდის, მერე ერთ დღეს დგება და ამბობს - ეს ამბავი არ მაინტერესებსო! საქართველო დახმარებების გარდა, როგორც პარტნიორი, კარგავს ავტორიტეტს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამერიკელები ამ ქარტიით, პრაქტიკულად, მხარს უჭერდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, ამერიკა და დასავლეთი ამისი გარანტორები იყვნენ. გარდა ამისა, ეს რომ არ ყოფილიყო, 2008 წელს რუსები საქართველოში თავისუფლად შემოვიდოდნენ. ამიტომ ეს არის უდიდესი დარტყმა ქვეყნისთვის. შემდეგი ნაბიჯები, სავარაუდოდ, სანქციები იქნება. ტრამპის მოსვლას დიდი იმედით ტყუილად უყურებენ. საქართველო­ ტრამპის სიაში არის თუ არა, კაცმა არ იცის. მსოფლიოში მათთვის უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება - უკრაინა, სირია, ახლო აღმოსავლეთი, ირანთან დაკავშირებული საკითხები, რუსეთის და ჩინეთის ამბავი, ატომური იარაღის საკითხი, ნატოს ახალი ფორმატირება და ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამასთან, წარმოიდგინეთ, რამდენი შიდა პრობლემაა ამერიკაში. ეს ამოცანები აქვს დღეს ამერიკას...

- ევროპარლამენტის რეზოლუციასაც შევეხოთ. ეს "ოცნებამ" შეაფასა როგორც არასათანადო ძალის მქონე რეზოლუცია და "ფარატინა ქაღალდი".

- ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები ევროკომისიისთვის ყოველთვის სარეკომენდაციოა. მას ევროკომისიამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს და უარის თქმასაც რაღაც საბაბი სჭირდება. ამიტომ ასე ხელაღებით ამ რეზოლუციას ვერავინ უარყოფს, აუცილებლად იქნება ის განხილული. ევროპარლამენტი საკანონმდებლოა, ევროკომისია კი როგორც მინისტრთა კაბინეტი, მან უნდა განიხილოს ის, როგორც დოკუმენტი და გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ძალა და მისი განხილვის შემდეგ თავისუფლად შეიძლება იქნეს მიღებული ევროკომისიის მიერ.

- მაშინ, როცა ჯერ ევროკომისიას დასკვნა არ დაუდვია, მდინარაძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს არეულობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ კი ეს გეგმა ჩავუშალეთო.

- ეს რეზოლუცია ევროკომისიის სხდომას სადღაც ორ კვირაში უნდა განეხილა. შესაძლოა მართლაც წინასწარ სცოდნოდათ პასუხი, ვინაიდან საქართველოს ბრიუსელში აქვს საელჩო და დიპლომატებს შეიძლება კავშირები ჰქონდეთ ოფიციალურ პირებთან ევროპარლამენტსა და ევროსტრუქტურებში. რა თქმა უნდა, არსებობს პირადი კონტაქტებიც ოფიციალურ პირებთან და მათგან გაიგეს ბევრი რამ...

საქართველო კარგავს ყველა იმ ბენეფიტს, რომლებიც ამ პროცესს მოჰყვება - სხვადასხვა სფეროში დახმარება, რომელიც არ არის მარტო ფულადი დახმარება, ეს არის სახელმწიფო მმართველობის ცოდნის გადაცემა საქართველოში არსებული ინსტიტუტებისთვის, სხვადასხვა უწყებისთვის; შეიძლება დაკარგოს საგანმანათლებლო პროგრამები, როცა ახალგაზრდებს აქვთ საშუალება ევროკავშირში წავიდნენ სასწავლებლად, სავიზო შეზღუდვები, სხვადასხვა პროგრამის დაფინანსება სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო სფეროში, ასევე პროგრამები, რომლებიც ეხება კომპეტენციის გაზრდას და სხვა უამრავი. გავიხსენოთ მრავალწლიანი ინტეგრაციის პროცესები, აბსოლუტურად ყველა სფეროში რაც იქნა მიღწეული, ახლა ან გაიყინება, ან დაიხურება. ასევე, ვიცით, რომ საბანკო სისტემა ინტეგრირებულია საერთაშორისო საბანკო სისტემასთან, არის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები და ამ პროცესმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კრედიტის რეიტინგზე, დაეცეს, რაც გააძვირებს კაპიტალის შემოტანას საქართველოში. ვთქვათ, ვიღაცას აქვს სამომხმარებლო, იპოთეკური და სხვა კრედიტი, საქართველოს ბანკისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ფულის შემოტანა გაძვირდება (ჩვენ ხომ შემოტანილი კაპიტალით ვსარგებლობთ). ჩვენს ბანკებს კაპიტალი რომ გაუძვირდებათ, იძულებული იქნებიან ასწიონ საპროცენტო განაკვეთები. ეს ყველაფერი ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწვევს.

როცა საქართველოში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ლაპარაკი დაიწყო­ ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, 90-იანების მიწურულს, თავდაპირველად გავერთიანდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (მაშინ, როცა ჟვანიამ წარმოთქვა სიტყვა: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი").­ ევროპული ინტეგრაციის საკითხი საქართ­ველოსთვის ყოველთვის ქვეყნისა და მისი მმართველობის მოდერნიზაციის ყველაზე დიდი საშუალება იყო. ჩვენ მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციას და ამისთვის რაც საჭირო იყო, ყველა იმ პუნქტის შესრულება ნიშნავდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და მისი მმართველი სტრუქტურების მოდერნიზაციას. ეს იყო მამოძრავებელი ძალა, რათა საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო.

- როგორი იქნება ახლა დასავლეთის პასუხი, ვიზალიბერალიზაციის საკითხი...

- შესაძლოა მართლაც შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, ამაზე დაიწყო უკვე ოფიციალური მსჯელობა, ევროკომისიის წარმომადგენელმა პაველ ჰერჩინსკიმაც განაცხადა, ბრიუსელშიც იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ცოტა ოპტიმისტად დავრჩები და ვიტყვი, რომ ეს თვითონ ევროსაბჭოსა­ და ევროკომისიისთვის იქნება მძიმე გადაწყვეტილება. ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ალბანეთს ჩამოართვეს ცოტა ხნით, მაგრამ მან სწრაფად გამოასწორა ყველაფერი - არჩევნები ჩატარდა და სხვა რაღაცებიც აღადგინეს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათთვისაც კი ძალზე მძიმე იქნება.

- რეზოლუცია მოითხოვს 5 პოლიტიკოსი ლიდერის დასანქცირებას, ასევე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არ ცნობს პარლამენტის ლეგიტიმაციას და საქართველოს მოუწოდებს 1 წლის განმავლობაში არჩევნების ხელახლა ჩატარებას. როგორ ფიქრობთ, ახლა, საყოველთაო მღელვარების ფონზე, დასავლეთი დააჩქარებს ამ პროცესებს და აღსრულების მოთხოვნას?

- დიპლომატების და ოფიციალური პირების ზოგადი განცხადებებით ჩვენ ვერ გავიგებთ, რა პროცესში არიან ისინი. ის, რაც ვნახეთ, რეზოლუცია თუ მსჯელობა ევროკომისიაში, მეტყველებს, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დგას. იქ ვაჭრობა მიდის თუ ვინმე ვინმეს ელაპარაკება, ვინ რას სთავაზობს რაღაცის სანაცვლოდ, ჩვენ ეს არ ვიცით. ყველაფერია მოსალოდნელი, ვერაფერს გამოვრიცხავ. ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა.