ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა
რამდენიმე კვირის წინ წავიკითხე, რომ ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, თბილისის ოქროს ბირჟა კვლავ ინარჩუნებს იმ ადგილის სტატუსს, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა. რა სიტუაციაა დღევანდელ ოქროს ბირჟაზე და შერჩენიათ თუ არა ჩვენს მოქალაქეებს საიუველირო ნივთების ტარებისა და შეძენის ხალისი, ამის გასარკვევად რიგითი მყიდველის როლი გავითამაშე.
ოქროს ბირჟა თბილისის რკინიგზის სადგურის პირველ სართულზე საკმაოდ დიდ სივრცეს იკავებს. მანქანა სადგურის წინ შავ-თეთრზოლიანი "მოხალისე მარეგულირებლის" დახმარებით დავაპარკინგე. "მოხალისე" არც ისე მოხალისე აღმოჩნდა, პირველ საათში 3 ლარს, დანარჩენში კი დამატებით თითო ლარით მეტს გადამიხდიო, გამაფრთხილა... ბირჟაზე შესვლისთანავე დაცვის თანამშრომლებმა გამაფრთხილეს, ფოტოს გადაღება დირექციის უნებართვოდ აკრძალულიაო, დავემორჩილე და ვითომ საოცნებო ნივთის ძებნა დავიწყე.
ჩემი პირველი რესპონდენტი, ქალბატონი ნანი, ამბობს, რომ დიდი ხნის წინ, დევნილობიდან მალევე, ხელი მიჰყო ოქროს ნივთებით ვაჭრობას და დღესაც ამ საქმეშია.
\ნანი: "იმდენად მერყევია ოქროს ფასი, რომ დილერები, ცოტა არ იყოს, გაოგნებული ვართ. არასტაბილური მდგომარეობა ფასების ცვლილებას იწვევს, თანაც ისე სწრაფად, რომ ვერ ვეწევით. არის მომენტი, როდესაც ნივთი შემოდის ძალიან ძვირად, და არის მომენტი, როდესაც ფასის მკვეთრი ვარდნაა, მაშინ როდესაც ნივთი უკვე ძვირად გვაქვს შეძენილი. ფასის დარეგულირება ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში რთულია. მაქვს სარეალიზაციოდ აღებული ნივთები, რომლებშიც გრამში 185 ლარი გადავიხადე, დღეს კი შემოვიდა გრამი 172 ლარად. ვისაც 172 ლარში აქვს გრამი აღებული, ის უკვე 185 ლარად ყიდის, მე კი185 ლარად აღებულ ნივთს ფასს ვერ ვამატებ, იმიტომ, რომ კონკურენცია დიდია".
"ჩვენთან უმეტესად საშუალო კატეგორიის მყიდველი დადის, - მეუბნება იქვე გვერდით მოვაჭრე ქერათმიანი დილერი - ვისაც მეტი ფული აქვს, ბრენდირებულ მაღაზიებში დადის. საშუალო კატეგორია ბიუჯეტურ ნივთებს ყიდულობს".
ნატო ჭ.: "მყიდველი, ძირითადად, ადგილობრივია. შემოდის ბევრი ტურისტიც, მაგალითად, რუსები, როდესაც ქვეყნიდან გადიან, სასაჩუქრე ბიუჯეტური ნივთები მიაქვთ. ბევრი ებრაელიც დადის, მაგრამ მეტად თავისებურები არიან, მოსწონთ ნივთი და მაინც არ ყიდულობენ. არაბები 22-კარატიან ნაკეთობებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ჩვენთან თითქმის არ არის. ამიტომ როდესაც ნივთი მოეწონებათ, აუცილებლად სინჯს კითხულობენ. თუ შემთხვევით მათთვის სასურველი სინჯი აღმოგვაჩნდა, აუცილებლად შეიძენენ. უფრო იშვიათად 750 სინჯსაც თანხმდებიან, სხვა სინჯი ოქროდ არ მიაჩნიათ".
ქერათმიანი დილერი: ხალხს ნდობა აქვს დაკარგული, ცრუ ინფორმაციის გავლენაში არიან, რატომღაც ჰგონიათ, ძველი რუსული ოქრო უფრო კარგია, ვიდრე დღევანდელი. სინჯს ვგულისხმობ - ჰგონიათ, ძველი საბჭოთა 583 სინჯი სჯობდა დღევანდელ 585-ს. მსოფლიო ბაზარზე ახლა, ძირითადად, 585 სინჯი გამოიყენება, იგივე 14 კარატი, ანუ 583-ზე 2 ერთეულით მაღალი. რაც უფრო მაღალია სინჯი, მით მეტია მასში ოქროს შემადგენლობა. მერე მოდის 750 სინჯი, შემდეგ ბაჯაღლო, 958, რისგანაც მზადდება საქორწინო ბეჭდები.
ამ დარბაზში ვერ ნახავთ ნივთს ლაბორატორიული სინჯის გარეშე. თუკი ნივთს სინჯი აქვს, ე.ი. ის შეესაბამება ხარისხს. არა აქვს მნიშვნელობა, სადაა დამზადებული.
- აქ სარეალიზაციოდ გამოტანილი ნივთები საიდან შემოდის?
- არსებობს ადგილობრივი ბრენდი, რომელშიც ექსკლუზიური ნივთებია და ძვირია, ჩვენთან ასევე შეხვდებით ნაკეთობებს, რომლებიც კერძო პირებს აქვთ ჩაბარებული. არის საიუველირო სალონები, სადაც მუშაობენ მაღალკვალიფიციური ხელოსნები, მათ იდეალური ნაკეთობები აქვთ. სარეალიზაციოდ შემოდის სამკაულები თურქეთიდანაც.
- აქ რომ იტალიურ ოქროს ვუწოდებთ?
- დიახ, თურქეთიდან შემოტანილი იტალიურ დაზგაზე აწყობილი ნივთებია, ძირითადად, 585 ან 750 სინჯის. შემოდის საუკეთესო ნაკეთობები ერევნიდან, იმიტომ, რომ აპარატურა აქვთ განსხვავებული, ბაქოდან, საბერძნეთიდან...
- ბერძნულზე მოთხოვნა ნაკლებია, - საუბარში ხანში შესული ქალბატონი ჩაგვერთო.
- რატომ?
- უფრო დაბალი სინჯი აქვს და აქაური მყიდველი იშვიათად ინტერესდება.
- ბოლო პერიოდში გამოცხადდა, რომ ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ნატა ჭ.: - მართალია. ფასი ლონდონის საფონდო ბირჟიდან იმართება. ძალიან მომატებული იყო, 1 გრამი ბაჯაღლო 255 ლარი ღირდა. ამხელა ფასი არასდროს ყოფილა, ჯართის ფასმა კი 147-148 ლარს მიაღწია...
- ყველაზე კარგი მყიდველი რომელი ეროვნების წარმომადგენელია?
- ქართველები.
- ყველაზე ჭირვეულები?
- ებრაელები. ძალიან ცუდად ექცევიან დილერებს. ყოფილა შემთხვევა, დამიხურავს დახლი და უარი მითქვამს მომსახურებაზე. მიაჩნიათ, რაც მოეწონებათ, 100 ლარს რომ ეტყვი, 50 ლარად უნდა მისცე.
- ქურდობა თუ ხდება ხოლმე?
ხანში შესული დილერი: - როგორ არა, მაგრამ დაცვა და კამერები გვაკონტროლებენ, ამის მიუხედავად, ზოგს მაინც წაუცდება ხელი და იპარავს, უფრო ქალები.
- რას ამბობთ, როგორ?
- რამდენიმე ნივთს რომ მიაწოდებ, გაისტუმრებ, მერე ჩალაგების დროს აღმოაჩენ, რომ რომელიმე ნივთი გაკლია. რომ მოიკითხავ, გეუბნებიან, ვაიმე, უნებურად გამყვაო, ან ჯიბე გახეული მქონდა და სარჩულში ჩამვარდნიაო... ვითომ შეიცხადებენ. კიდევ პატარა ბიჭები შემოდიან მოსაპარად. თუ ნივთი მოპარულია, მისი ამოცნობა ხდება. ჩვენ ოფიციალურად ვაფორმებთ, ვისგან შევიძინეთ, როგორი აღწერილობისა და წონისაა, ფორმდება პირადი ნომრით, სახელით, გვარით, სხვაგვარად არც გვაქვს უფლება. ბევრჯერ აღმოჩენილა, რომ ნივთი მოპარულია. ყოფილა შემთხვევა, რემონტის დროს ხელოსანს გამოუტანია ოჯახიდან. ამას წინათ კი დას დამ მოჰპარა, მამიდას ძმისშვილმა....
- რომელია ყველაზე პოპულარული ნივთი?
ნანი: - ნიშნობის ბეჭედი კარატიანი თვლით.
ქერათმიანი დილერი: - აზერბაიჯანელები მთელი ოჯახით დადიან სარძლოსთვის სამკაულების შესაძენად. ქორწილისთვის აუცილებლად ყიდულობენ თეთრი ოქროს კოლიეს, უკანასკნელ ძროხას გაყიდიან და პატარძალს თეთრი ოქროს კოლიეს უყიდიან, ეს მათთვის პრესტიჟის საკითხია. ქართველი ახალგაზრდები ნაზ, მოკრძალებულ ბეჭდებს ყიდულობენ. ადრე 10 და 12-გრამიანი ბაჯაღლოს რგოლი უნდა გეყიდა, ახლა 4-5-გრამიანი 585 ან 750 სინჯის რგოლებით ბედნიერდებიან, რომელთაც გრავირებას უკეთებენ თავიანთი ინიციალებით, უსასრულობის ნიშნით, ქორწინების თარიღით. ყოფილა შემთხვევა, ბიჭს ვითომ საჩუქრად უნდა ბეჭედი, არჩევინებს შეყვარებულს და შეძენის შემდეგ ხელიც უთხოვია აქვე, დარბაზში...
მოვიარე დახლები: რა ღირს? ჰაუ მაჩ? სკოლკო სტოიტ? - ყველა ენაზე მოვისმინე ეს სიტყვები, ხალხმრავლობა ნამდვილად იყო ოქროს ბირჟაზე... თუმცა, კითხვაზე, "მყიდველი ბევრია?" - ერთმა დილერმა ასე მიპასუხა: - ხან როგორ და ხან როგორ, თქვენ ამ ხალხმრავლობას ნუ დაუჯერებთ, ქვეყანაშიც მიმოიხედეთ, ღმერთმა ყველას მისცეს შეძენის საშუალება და ყველა აქ დასაქმებულს ბედნიერებაში მოახმაროს გამომუშავებული თანხა.
გარეთ რომ გამოვედი, დაბნელებულიყო. შინ მიმავალს "სტაიანშჩიკმა" 4 ლარი გადამახდევინა. ყიდვით, რა უნდა მეყიდა, მეც სამუშაოდ ვიყავი ოქროს ბირჟაზე...