როგორ განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა
ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
ვართ აფხაზეთიდან დევნილები, გვაქვს სახელმწიფოს მიერ გადმოცემული ბინა. მეუღლის ავადმყოფობის გამო იძულებული გავხდი ბინა ჩამედო და ბანკიდან სესხი გამომეტანა. ჩემი მეუღლე მუშაობდა, მაგრამ მერე ვერ შეძლო მუშაობის გაგრძელება, ამიტომ თანხას უკვე მეორე წელია ვერ ვიხდით. ბანკი გვართმევს ბინას. ბინაში ჩაწერილია ჩვენი არასრულწლოვანი შვილი. წასასვლელი არსად გვაქვს, როცა გვყავს არასრულწლოვანი შვილი, შეიძლება მაინც წაგვართვან ბინა და გამოგვასახლონ?
- თქვენს შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქმის დეტალებს, თუ როდის აიღეთ სესხი, ბავშვი რა ასაკის იყო იმ დროისთვის, იყო თუ არა ბავშვი თანამესაკუთრე, ვინაიდან დევნილთა სამინისტრო ბინის გადაცემისას ოჯახის თითოეულ წევრს გადასცემს ბინას და შესაბამისად, ბინა თანამესაკუთრეთა საკუთრება ხდება. მხოლოდ მისამართზე რეგისტრაცია, ე.წ. ჩაწერა, არ წარმოქმნის არანაირ სამართლებრივ საფუძველს და ასევე არასრულწლოვანი შვილის ყოლაც არ წარმოქმნის სამართლებრივ ბერკეტს. ამდენად, შესაძლებელია გამოგასახლონ.

მდგურმა არ გადამიხადა ორი თვის ქირა. სამწუხაროდ, არ გვქონდა დადებული ხელშეკრულება. თუმცა მაქვს მიმოწერა, სადაც მეუბნება, რომ ორ კვირაში დამიბრუნებს თანხას, მას მერე დიდი დრო გავიდა და არ მიბრუნებს. როგორ შევძლებ თანხის ამოღებას? თან სახლიდან ჩემი ნივთებიც წაიღო, ჭურჭელი არ დამიტოვა. რას მირჩევთ?
- აღნიშნული საფუძვლით მიმართეთ პოლიციას, რადგან თქვენი ბინიდან გატანილია ნივთები.
ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ჰქონდა მიწა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული. გარდაცვალებიდან გავიდა 2 წელზე მეტი. როგორ შეიძლება ბანკთან პრობლემის მოგვარება? მეუბნებიან, რომ გარდაცვლილის სახელზე არსებული სესხი, წესით, უნდა გაუქმდეს, მაგრამ ბანკი ვალის დაფარვას ითხოვს.
- ვინაიდან მიწა იყო იპოთეკით დატვირთული, შესაბამისად, სესხი იყო უზრუნველყოფილი, ამდენად, სესხი ვერ გაუქმდება. თუ სესხი არ დაიფარა, ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის მემკვიდრეს მოსთხოვოს სამკვიდროს ფარგლებში სესხის დაკმაყოფილება.
ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად მინდა ახალ წელს საზღვარგარეთ წასვლა, მაგრამ მამამისი არ მაძლევს თანხმობას. ვართ ოფიციალურად გაშორებული, ბავშვი არის 15 წლის, პასპორტი ხელთ მაქვს, მაგრამ მეუბნებიან, რომ საზღვარზე შეიძლება პრობლემა შეგვექმნას. როგორ მოვიქცე?
- როდესაც არასრულწლოვანს აქვს პასპორტი, ითვლება, რომ ორივე მშობელი თანახმაა, რომ ბავშვმა დატოვოს ქვეყანა და გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, თქვენ გაქვთ სრული უფლება წაიყვანოთ ბავშვი საზღვარგარეთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, თუ რომელ ქვეყანაში გაგყავთ ბავშვი, იქიდან გამომდინარე, რომ რიგ შემთხვევებში თავად ქვეყანა ითხოვს მშობლის ნოტარიალურ თანხმობას.
ვიყავი უცხოეთში და ჩამირტყეს დეპორტი 5-წლიანი. შემიძლია თუ არა საქართველოში გამოვიცვალო სახელი და გვარი? რა დოკუმენტებია საჭირო და ახალი საბუთით წასვლის შემთხვევაში შეიძლება პრობლემა შემექმნას?
- სრულწლოვან პირს უფლება აქვს სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ. პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს მშობელთა შეერთებული გვარი; პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით; საკუთარი და ზემოთ მითითებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი, მშვილებლის გვარი; ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას პირს არ დაუბრუნებია ეს გვარი; მამის გვარი მამობის დადგენისას; ისტორიული გვარი; ხოლო თქვენ სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე შეიძლება გეთქვათ უარი იმ საფუძვლით, რომ დეპორტირებული ხართ საქართველოში და დეპორტაციის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი და ასევე, იმ შემთხვევაში თუ თქვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ იძებნებით საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, მოცემულ გარემოებათა აღმოფხვრამდე.
მეოთხე წელია უცხოეთში ვმუშაობ. წამოსვლამდე მქონდა ბანკის ვალი აღებული, რომელსაც არ ვიხდიდი. ვაპირებ დროებით ჩამოსვლას, ამის გამო საზღვარზე ხომ არ შემექმნება პრობლემა? მითხრეს, რომ მომთხოვენ საზღვარზე თანხის გადახდას, რამდენად მართალია?
- თუ 3 წელზე მეტია, არ გადაგიხდიათ, შესაძლოა სესხი იყოს ხანდაზმული. რომც არ იყოს, არსებული სასესხო ვალდებულების გამო საზღვარზე პრობლემა არ შეგექმნებათ და არც თანხის გადახდას მოგთხოვენ საქართველოში შემოსვლისას, ვინაიდან აღნიშნული სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია მესაზღვრეს. გადაწყვეტილებას ასრულებს აღმასრულებელი, რომელსაც შეუძლია იძულებითი აღსრულების ფარგლებში დაგიყადაღოთ ქონება ანდა საბანკო ანგარიშები.
მყავს ონკოპაციენტი მეუღლე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ბიჭი, რომლებისგანაც არანაირი ფინანსური დახმარება არ მიგვიღია. მამამთილის გარდაცვალების შემდეგ გადაუფორმებელია სახლი სოფელში, რომლის გასაღებსაც არ აძლევენ მეუღლეს შვილები. გვჭირდება დახმარება კვლევებსა თუ მკურნალობაზე, მაგრამ არც წილს აძლევენ და არც უფორმებენ. გვაქვს თუ არა იურიდიული უფლება, რომ მივიღოთ მეუღლის წილის გაყიდვის უფლება, ან თანხა მოვითხოვოთ. როგორ დაგიკავშირდეთ, მინდა საქმის წარმოება, რომ მეუღლემ მიიღოს მამისეული სახლიდან საკუთარი წილი სიცოცხლის გადასარჩენად.
- თქვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის გარდაიცვალა მამამთილი, გახსნილი არის თუ არა სამკვიდრო, ვინ მიიღო სამკვიდრო, ვინ დაეუფლა სამკვიდროს ფაქტობრივად. ამ გარემოებების დადგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი თქვენს კითხვაზე მსჯელობა. ასევე, კანონი ადგენს, შვილების მოვალეობას მშობლების მიმართ. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებზე და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამდენად, თქვენს მეუღლეს შეუძლია შვილებს მოსთხოვოს ალიმენტი.
ახლობელმა, რომელიც ფულს აპროცენტებს, მირჩია ფულის გაპროცენტება და ამაში დახმარება. ვენდე და მივეცი სიმწრით ნაგროვები ფული. ჩემი თანდასწრებით პროცენტში მისცა სხვას და მითხრეს, რომ ყოველ თვე გადამიხდიდნენ პროცენტს. თავიდან ოთხი თვე მაძლევდა და ამის შემდეგ მეუბნება, ვისაც მივაპროცენტე თანხა, ფულს არ მიხდისო. ვითხოვ ჩემი კუთვნილი თანხა მაინც დამიბრუნოს, მაგრამ 7 თვეა არც პროცენტს მაძლევს და არც ჩემს კუთვნილ თანხას მიბრუნებს. ოფიციალურად არანაირი დოკუმენტი ხელთ არა მაქვს. მხოლოდ მაქვს მესიჯები, საიდანაც შეიძლება დამტკიცება, რომ მას თანხა გადავეცი. რა შეიძლება გავაკეთო, სასამართლოში ჩივილს აქვს თუ არა აზრი?
- თუ თქვენ გაქვთ იმის დამადასტურებელი მიმოწერა, საიდანაც დადგინდება, რომ თქვენ მას თანხა გადაეცით, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხა როგორც თქვენ მიერ გაცემული სესხი, მხოლოდ პროცენტის გარეშე, იქიდან გამომდინარე, რომ წერილობითი ფორმით არ გქონდათ დადებული ხელშეკრულება და შესაბამისად გავრცელებულია პრაქტიკა, რომ პროცენტი ასეთ შემთხვევაში არ ბრუნდება.
მაქვს ბანკის ვალი, ვცხოვრობ პატარა ბინაში 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად. ბინა ჩემი დედამთილის სახელზეა. ვართ სოციალურად დაუცველები. შეუძლია თუ არა ბანკს სარჩელი სასამართლოში შეიტანოს და სახლიდან გამოგვასახლოს?
- ქონება, რომელიც თქვენს სახელზე არ ირიცხება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ქვეშ ვერ მოექცევა, შესაბამისად, ვერც თქვენი დედამთილის ბინიდან ვერ გამოგასახლებენ.
გერი, რომელიც წლების განმავლობაში დახმარებას არ უწევდა მოხუც დედინაცვალს, ითხოვს წილს. აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს წილი დედინაცვლის ქონებიდან, როცა ბინა გაყიდულია დედინაცვლის ახლო ნათესავზე?
- აღნიშნული საფუძვლით გერს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ქმარს გაყრილი ვარ, მყავს ორი შვილი. მაინტერესებს, ალიმენტი რა ოდენობით დაეკისრება ბავშვების მამას, როცა მას მეორე ქორწინებაში ჰყავს ორი შვილი. ხელფასი 1.500 ლარი აქვს, მის სახელზე სხვა ქონება არ ფიქსირდება. რა ოდენობის თანხა შემიძლია მოვითხოვო, სასამართლო რამდენს დააკისრებს თითო ბავშვზე?
- მშობლებს ეკისრებათ თანაბარი ვალდებულება მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლები ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, ასევე ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაბამისად, ფიქსირებული თანხა ალიმენტის დაკისრებისას არ არის დადგენილი, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებულია საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით ალიმენტის მინიმალური ქვედა ზღვარი, რომელიც 150-დან 200 ლარამდე მერყეობს.
ალიმენტი ყველაზე ბევრი რა თანხა შეიძლება დაეკისროს ბავშვის მამას, როცა ბავშვი შშმ პირია?
- ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, ასევე სამართლიანი შეფასების საფუძველზე ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნების ფარგლებში. ალიმენტთან დაკავშირებულ ყველა საქმეში ინდივიდუალურად განიხილება ბავშვის საჭიროებები, ვინაიდან ყველა ბავშვს სხვადასხვა საჭიროება აქვს. არ არსებობს ალიმენტის ფიქსირებული თანხა. აქიდან გამომდინარე, თქვენს შემთხვევაშიც სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საჭიროებების და ასევე, თქვენი და ბავშვის მამის შემოსავლის გათვალისწინებით.