ჰიპერტენზია - რატომ მატულობს არტერიული წნევა - კვირის პალიტრა

ჰიპერტენზია - რატომ მატულობს არტერიული წნევა

ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური ტუმბო - გული მუდმივი შეკუმშვებით მთელ ორგანიზმს, თითოეულ ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ სისხლს მუდმივად აწვდის. ჩაკეტილ სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოძრაობისას სისხლი აწვება მათ კედლებს და ზეწოლით წარმოქმნის არტერიულ წნევას, რომელიც ვერცხლისწყლის სვეტით მილიმეტრებში იზომება და ორი მაჩვენებელი გააჩნია: ზედა - სისტოლური, ქვედა - დიასტოლური წნევა.

სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ძალა, რომლითაც გული სისხლს უმსხვი­ლეს სისხლძარღვებში გადაისვრის, ეს დაახლოებით 60-70 მლ სისხლია. დიასტოლურ წნევას კი განსაზღვრავს ძალა, რომლითაც სისხლი გულის მოდუნების პერიოდში მოქმედებს არტერიათა კედლებზე.

სისხლძარღვის ტიპის მიხედვით განირჩევა: არტერიული, კაპილარული და ვენური წნევა.

არტერიული წნევის ნორმები

არტერიული წნევა ორგანიზმის ყველაზე სწრაფად და ხშირად ცვლადი ფიზიოლოგიური მაჩვენებელია, რომელიც უპირველესად დამოკიდებულია ასაკზე.

ასაკის მიხედვით კი არტერიული წნევის ნორმები ასეთია:

16-20 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 100-120-ია, დიასტოლური კი 70-80;

20-40 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 120-130-მდეა, დიასტოლური კი 70-80;

40-60 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 140-მდეა, დიასტოლური კი 90-მდე;

60 წლის ზევით სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 150-მდეა, დიასტოლური კი - 90-მდე;

არტერიულ წნევაზე მოქმედი ფაქტორები

არტერიული წნევის სიმაღლეს მრავლობითი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ზოგჯერ იგი ფიზიოლოგიურადაც იცვლება - მატულობს სტრესულ სიტუაციაში და ქვეითდება ძილისას. ზოგს მომატებული ან დაქვეითებული მაჩვენებელი გენეტიკურად გააჩნია და არ უკავშირდება რაიმე პათოლოგიურ პროცესს.

დაბალი წნევა ნორმალურია ახალშობილებისთვის, მოზარდებისთვის სქესობრივი სიმწიფის პერიოდში.

ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა წნევის მაჩვენებელი დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცვალოს ფიზიკური დატვირთვის, თამბაქოს წევის ან მუქი ჩაისა და კოფეინით მდიდარი სასმელების დალევის შემდეგ.

საზოგადოდ კი, ადამიანის არტერიული წნევის მაჩვენებელს განაპირობებს: გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომლის დროსაც სისხლი სისხლძარღვებში გადაისროლება; სისხლძარღვთა კედლების ხარისხი, მათი ელასტიკურობა, რომლითაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ სისხლის დინებას; ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და მისი სიბლანტე მუცლისა და გულმკერდის ღრუებში ატმოსფერული წნევის ცვალებადობა; სუნთქვითი მოძრაობების ინტენსივობა; გარემოს ტემპერატურა; ზოგიერთი სახის სამკურნალო პრეპარატი.

არტერიული წნევა რომ არ შეიცვალოს წნევის მაჩვენებელზე მოქმედ ფაქტორთა სიმრავლის მიუხედავად, რომლებიც მუდმივად ცვლიან მას, ჯანმრთელი ადამიანის ნორმალური წნევა თითქმის მუდმივი რჩება, რადგან ორგანიზმი აღჭურვილია არტერიული წნევის მარეგულირებელი საკმაოდ რთული და ეფექტიანი მექანიზმებით.

ისინი წნევის მაჩვენებლის შეცვლისთანავე იწყებენ მოქმედებას და შეცვლილ მაჩვენებელს დროულად უბრუნებენ ნორმას, ეს ზოგჯერ მაპროვოცირებელი ფაქტორის მოქმედების შეწყვეტისთანავე ხდება, ზოგჯერ კი წნევის ნორმალურ საზღვრებში დაბრუნება ფაქტორის ზემოქმედებითაც შესაძლებელია. თუმცა ზოგჯერ ირღვევა წნევის სარეგულაციო მექანიზმთა მუშაობა, რასაც არტერიული წნევის მაჩვენებლის მყარი ცვლილება, მისი დიდი ხნით გაზრდა ან შემცირება მოჰყვება. არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.

საყურადღებო ციფრები:

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ზრდასრულ მეხუთე ადამიანს ჰიპერტენზია ახასიათებს;

ინსულტებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 50%-ის მიზეზი სწორედ არტერიული ჰიპერტენზიაა; ჰიპერტენზიის სხვადასხვა გართულება მსოფლიოში ყოველწლიურად 9,4 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება;

მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებში დიაგნოსტიკის სიმარტივემ და მედიკამენტური მკურნალობის ხელმისაწვდომობამ მკვეთრად შეამცირა არტერიული ჰიპერტონიის მქონე ადამიანთა რიცხვი;

ადამიანთა დიდმა ნაწილმა ხშირად არც კი იცის, რომ არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი აქვს, ეს ცვლილება­ ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინა­რეობს, ამიტომ ხშირად უსიმპტომო ჰიპე­რტენზია მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდება ხოლმე. ამის გამო არტერიულ ჰიპერტენზიას "ფარულ მკვლელსაც" უწოდებენ.

ჰიპერტენზია შესაძლოა გართულდეს: მიოკარდიუმის ინფარქტით; გულის კუნთის გადიდებით; გულის უკმარისობით; სისხლძარღვოვანი დაზიანებების - ანევრიზმების გასკდომით; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით - ინსულტებით; თირკმლის უკმარისობით; მხედველობის გაუარესებით; კოგნიტური უნარების დარღვევით.

გართულებათა განვითარებას აჩქარებს­: თამბაქოს მოხმარება; ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება; ხშირი სტრესები; ჭარბი­ წონა; სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი; ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი; შაქრიანი დიაბეტი.

გთავაზობთ რამდენიმე მცენარეულ რეცეპტს არტერიული წნევის დასაქვეითებლად:

საღამო ხანს 1 სუფრის კოვზი კამის თესლი 1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ ნაყენი მეორე დილამდე. მიიღეთ დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი.

შეურიეთ ერთმანეთში ოხრახუშისა და სტაფილოს წვენი შეფარდებით 1:3. მიიღეთ დღეში სამ-ოთხჯერ თითო სუფრის კოვზი.

ერთ სავსე სუფრის კოვზ ვარდკაჭაჭას ფესვს დაასხით ერთ-ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 5 წუთი, შემდეგ გააჩერეთ სითბოში 4 საათი. მცირე ყლუპებით დალიეთ 1-1,5 ჭიქა დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა 10-12 დღე.

შეურიეთ ერთმანეთს 40 გრამი კალენდულას ყვავილები, 30 გრამი კატაბალახას ფესვები. ამ ნარევის 1 სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

გამოწურეთ ჭარხლის წვენი, გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი და მიიღეთ ჭიქის მესამედი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს

ექიმი თამარ მამაცაშვილი