„მოთხრობები“ სიყვარულზე - კვირის პალიტრა

„მოთხრობები“ სიყვარულზე

მხატვრობა არასოდეს ყოფილა ადვილი და არც დღეს არის. ნამდვილად დამატყვევებელს ვერასოდეს ჩაუვლი გულგრილად, ყველაფერს გააკეთებს, რომ გაგაჩეროს და სამუდამოდ წამოგყვეს. ნინო მჭედლიშვილის ნახატები ასეთია, და მხოლოდ ასეთი არა, ისინი სიყვარულზე დახატული მოთხრობებია, ყველას სიყვარულის ისტორიაა: შენი, ჩემი, ყველასი, ვისაც ოდესმე ჰყვარებია ან ეყვარება. ისინი სიყვარულის ნაკლებობაზეც გვიამბობენ: ისეთზე, როდესაც გვერდით არის და მაინც გენატრება; როდესაც გვერდით აღარ არის და უფრო გენატრება; როდესაც ცხოვრებამ დაგავიწყა სიყვარულის მშვენიერება და უცებ აღმოაჩინე, რომ ისევ ძვირფასი ყოფილა.

ნინო მჭედლიშვილი ამ "მოთხრობებს" გორში ხატავს - ამ ქალაქში ცხოვრობს. იქ შრომობს, იქ ათენებს ღამეებს "სიყვარულის მოთხრობების" ხატვისას, რომელიც უკვე უამრავ ადამიანს უთბობს გულს.

niniko-2-1733091095.jpg

- ნინო, იშვიათია ისეთი გამოხმაურება, როგორიც შენს ნახატებს აქვს, მით უფრო, სიყვარულის სერიას. ამ ნახატებში ვინ დახატე, შენი თავი, რეალური პერსონაჟები თუ გამოგონილი ადამიანები?

- ყველაფერი ერთად, მათთან ერთად ჩემი მოგონებები, როდესაც არ ვხატავდი და სიყვარულზე პატარ-პატარა მოთხრობებს ვწერდი, როდესაც მიყვარდა, მაგრამ, ალბათ, ყველაფერი იმან მიკარნახა, რომ ირგვლივ სიყვარულის დიდი ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ არც მოველოდი, ისეთი გამოხმაურება აქვს "სიყვარულის სერიას". მთხოვენ, კიდევ დახატე და ვიყიდითო, მე კი არ ვიცი, ამას როგორ შევძლებ, ბევრად ადვილია შეკვეთით ხატვა, ვიდრე საკუთარი ფიქრების განმეორება.

niniko-3-1733091095.jpg

- შეკვეთით ხატვა მხატვარს ანადგურებს, მაგრამ მაინც, ალბათ, დიდი წარმატებაა, როდესაც ნახატები თუნდაც შეკვეთით იყიდება.

- სხვანაირად ვერც მე ვიცხოვრებ, ვერც სხვა ბევრი მხატვარი.A ადრე შესაფერისი ბინაც არ მქონდა სახატავად. Aახლა ვიქირავე. ორი გოგონა მყავს და მარტო ვზრდი, ამიტომ ჩემი გაჩერება არ შეიძლება, ხშირად გათენებამდე ვხატავ.

ხატვა განქორწინების შემდეგ დავიწყე. არასოდეს არსად მისწავლია. შეიძლება მხატვრებს დავაკვირდე და რაღაც ვკითხო. სულ ეს არის ჩემი ხატვის უმაღლესი სკოლა.

niniko4-1733091095.jpg

ბევრს ვხატავ, ხშირად გათენებამდე, ვიღიმები იმ ნახატების ხატვისას, რომელთა ხატვა ჩემს გულს უხარია. "სიყვარულის სერიის" ხატვისასაც სულ ვიღიმოდი.

- ძალიან ემოციური და საყვარელია თქვენი ნახატების ეს სერია. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ერთ დღეს სიყვარულის არსებობაში ეჭვი შეგეპაროს და თქვა, რომ ის სულაც არ არსებობს.

niniko5-1733091094.jpg

- მე კი გეუბნებით, რომ ყველა ტკივილის მიუხედავად, სიყვარული არსებობს და ბედნიერებაა, როცა გიყვარს. ეს ჩანს ჩემს ნახატებშიც, ამიტომ დავხატე, - მითხრა ნინომ და დაღლილი ხმით დამემშვიდობა. თუმცა მისი ნახატები, სიყვარულის დაუღლელი ბედნიერება თან გამომყვა. ისინი თქვენ წინაშეა. იმედია, ამ ბედნიერების ჩვენ-ჩვენს წილს გავიხსენებთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ის არსებობს და მარადიულია!