ტრამპის „მშვიდობის“ გენერლის გეგმა, რომელიც კიევისთვისაც და მოსკოვისთვისაც მიუღებელია... ჯერჯერობით... - კვირის პალიტრა

ტრამპის „მშვიდობის“ გენერლის გეგმა, რომელიც კიევისთვისაც და მოსკოვისთვისაც მიუღებელია... ჯერჯერობით...

რაც უფრო ახლოვდება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღე, მით უფრო მწვავდება რუსეთ-უკრაინის ომი - გრძელდება რუსი ოკუპანტების ყოველდღიური იერიშები უკრაინის ახალ-ახალ დასახლებულ პუნქტებზე, რასაც თან ახლავს უკრაინულ ქალაქებზე ყოველღამეული დაუნდობელი სარაკეტო დარტყმები, ხოლო ამ ყველაფერს უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში კამიკაძე-დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით პასუხობს... ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში წაიტრაბახა, ამირჩიეთ ისევ პრეზიდენტად და ომს უკრაინაში ერთ დღეში შევაჩერებო.

ტრამპი მართლაც აირჩიეს პრეზიდენტად და ის, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს ერთ დღეში ომს, თუმცა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნებამდე ორი თვით ადრე ტრამპი იწყებს რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებისთვის მზადებას, რისთვისაც ნიშნავს "მშვიდობის" გენერალს, კელოგს "უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენლად".

80 წლის ჯოზეფ კიტ კელოგ-უმცროსი,­ გენერალ-ლეიტენანტი, ვიეტნამისა და გრენადის ომების ვეტერანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის ყოფილი­ უფროსი მართლაც არის შესაბამისი კანდი­დატურა იმისთვის, რომ კარგად ერკვეოდეს ომების დაწყების, წარმოებისა და მათი შეწყვეტის დეტალებში. ის, სხვა თუ არაფერი, აშშ-ის არმიის ლეგენდარულ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიასაც კი მეთაურობდა...

ტრამპის დასახელებულ მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრთა კანდიდატების ფონზე (რამაც დიდი გაოცება გამოიწვია), გენერალი კელოგი ნამდვილად დიდი პროფესიონალია, მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი, რომ დროებით მაინც შეჩერდეს 21-ე საუკუნის ევროპის ყველაზე დიდი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის?

რა პირობები შეიძლება შესთავაზოს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს ისეთი, რომ ორივე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული მხარე მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და ამ ფართომასშტაბიან და გახანგრძლივებულ ომში ზავი თუნდაც დროებითი დადონ?

2-keg-1733091673.jpg
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის თავში განთავსებული ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული ქობინები, რომლებიც ადამიანის სიმაღლის არიან...

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც სათუო იყო ტრამპის გამარჯვება, მისმა მხარდამჭერმა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" პოლიტიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა უკრაინაში ომის შეწყვეტის გეგმა, რომლის ერთ-ერთი ავტორიც სწორედ გენერალი კელოგი გახლდათ.

ეს გეგმა შემდეგ ძირითად პუნქტებს შეიცავდა:

პირველი - აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს უკრაინაში ომის შეჩერებას მოლაპარაკების გზით. ამასთან, ამერიკული მხარე გააგრძელებს შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის, რათა მან მოიგერიოს რუსეთის ახალი შეტევები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კიევი დათანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებას, ხოლო თუკი მოსკოვი უარს იტყვის, მაშინ ვაშინგტონი­ მნიშვნელოვნად გაუზრდის სამხედრო დახმარებას უკრაინის არმიას.

მეორე - იმისთვის, რომ პუტინს უბიძგონ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებაში­ ჩართვისკენ, აშშ და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები დიდი ხნით "გაყინავენ" უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხს, ოღონდ უკრაინისთვის "უსაფრთხოების ფართო გარანტიების მიცემით".

მესამე - უკრაინას არ მოსთხოვენ უარი თქვას დაპყრობილი მიწების დაბრუნებაზე, მაგრამ კიევი უნდა დათანხმდეს, რომ ამისთვის მხოლოდ დიპლომატიური მეთოდები იქნება გამოყენებული და ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდება.

მეოთხე - იმისათვის, რომ რუსეთი დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას, დასავლეთი მას "წაახალისებს" საერთაშორისო სანქციების ნაწილის მოხსნით, მაგრამ, ამასთან, დაუწესებს გადასახადებს ენერგომატარებლების გაყიდვაზე, რაც უკრაინის აღდგენის ფინანსირებას მოხმარდება.

მეხუთე - ფრონტის ხაზი დაფიქსირდება და "გაიყინება" იმ მდგომარეობაში, როგორშიც იქნება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოწერის დღეს.

აი, ის ძირითადი მოსაზრებები, რაც ტრამპის "მშვიდობის" გენერალ კელოგს ჰქონდა რამდენიმე თვის წინ და, სავარაუდოდ, ისინი დიდად არც შეიცვლება, მაგრამ დათანხმდებიან კი ამ პირობებს ან კიევში, ან მოსკოვში?

3-keg-1733091672.png
კოსმოსში გაშლილი და დედამიწისკენ ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი ინდივიდუალური დამიზნების ქობინების ატმოსფეროში დანატოვარი ცეცხლოვანი კვალი...

დავიწყოთ იმით, რომ ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინას ძალზე კრიტიკული მდგომარეობა აქვს, რაც გამოიხატება თითქმის მუდმივ უკან დახევაში, რასაც ემატება უკრაინული ქალაქებისა და ენერგოობიექტების ყოველდღიურად დაბომბვა - უკრაინაში დარჩენილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზამთარს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ხვდება.

ამიტომაც უკრაინელ სამხედროებსა და მოსახლეობასაც მართლაც ჟანგბადივით სჭირდებათ ომის შეჩერება, თუნდაც დროებით, თუნდაც ამ ზამთარში მაინც, რათა მოქალაქეებმა როგორმე გამოიზამთრონ, ხოლო მეომრებმა მცირე ხნით მაინც დაისვენონ გაყინული სანგრებისგან, რომლებშიც განუწყვეტლივ თავზე ეცემათ რუსული ბომბები და რაკეტები. მაგრამ ამისთვის ოფიციალური კიევი უნდა დაეთანხმოს იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც ამერიკული მხარე მალე, ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაცის შემდეგ წარუდგენს.

ნატოში უკრაინის გაწევრების საკითხი, ისევე როგორც საქართველოსი, ეტყობა, თავიდანვე, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დამთავრებისთანავე "მკვდრადშობილი" დაპირება იყო. ალიანსის ლიდერები მაშინვე ხვდებოდნენ, რომ მათ არ ეყოფოდათ გამბედაობა, დანაპირები რეალობად ექციათ სწორედ პუტინის შიშით, მაგრამ ამის აღიარება საქვეყნოდ 16 წლის გასვლის შემდეგაც არ სურთ - ასე რომ, კიევს უნდა თუ არა, მოუწევს შეგუება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უახლოეს წლებში, სანამ პუტინი კრემლში ზის, შეუძლებელი იქნება.

უკრაინას, რა თქმა უნდა, არავინ დააძალებს უარი თქვას 1991 წლის საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს ფანტასტიკის სფეროა, დროებით შეუძლებელია გინდ ბრძოლით და გინდაც სამშვიდობო მოლაპარაკებით...

ახლა რაც შეეხება რუსეთს...

პუტინის არმია უკრაინის ფრონტზე სრულ საბრძოლო ინიციატივას ფლობს და მუდმივად აგრძელებს ახალ-ახალი უკრაინული მიწების ოკუპაციას, ამიტომაც რაში უნდა აწყობდეს ცეცხლის შეწყვეტა კრემლს, თუკი ომში ნელი, მაგრამ მუდმივი წინსვლა აქვს?

პუტინს საკუთარი მოთხოვნები აქვს იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა. კრემლი თავხედურად ითხოვს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის იმ ოლქების ოკუპაცია-ანექსიასაც კი, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ ვერც დაუპყრია, მაგრამ იქიდან უკრაინის არმიის გაყვანის საკითხს აყენებს.

ერთადერთი, რამაც პუტინი შეიძლება აიძულოს მოლაპარაკებას დათანხმდეს, იქნება გაბრაზებული პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინას მნიშვნელოვნად გაუზარდოს სამხედრო დახმარება და მიაწოდოს კიდევ უფრო შორსმფრენი სარაკეტო შეიარაღება რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო მეტ სიღრმეში სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ობიექტების, უპირველესად კი აეროდრომების, საბრძოლო მასალების საწყობებისა და შტაბების გასანადგურებლად.

ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ესკალაციას და პუტინს დარჩება ბოლო ვუნდერვაფეს -ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ისტორიული გადაწყვეტილების მიღების გამბედაობა; ან ისევ გააგრძელებს თავის მომაბეზრებელ "ბირთვულ შანტაჟს".

ვის დაემიზნება პუტინის მორიგი ბალისტიკური „კაკლები“...

ამერიკული ბალისტიკური და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში საბრძოლო გამოყენების აკრძალვის მოხსნის საპასუხოდ რუსეთმა უკრაინის დნიპროს სტრატეგიული სარაკეტო ქარხნის "იუჟნის" წინააღმდეგ გამოიყენა საკონტინენტთაშორისო და საშუალო სიშორის რაკეტების "ნაჯვარი" - Орешник-ი, რითაც პუტინი ძალიან ამაყობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ რაკეტის ჰიპერბგერითმა ქობინებმა (რომლებიც საბრძოლო მუხტს არ შეიცავდნენ) დიდი ვერაფერი დააკლეს უკრაინელების ამ სარაკეტო ქარხანას.

მიუხედავად ამისა, კრემლის უხუცესი ბინადარი აგრძელებს თავისი ბალისტიკური და ჰიპერბგერითი "კაკლებით" მუქარას და მათ კიევის ცენტრში "ჩამოყრასაც" არ გამორიცხავს.

პუტინის Орешник-ი, რომელიც ბრეჟნევის დროინდელი ნადირაძის "პიონერის" "შვილთაშვილია", განკუთვნილია ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული ქობინების გამოყენებისთვის, მაგრამ მათ ნაცვლად გამოცდის მიზნით განთავსებულ მასაგაბარიტულ მაკეტებს არ შეუძლიათ დიდი აფეთქებების გამოწვევა, თუმცა ჰიპერბგერითი სიჩქარის გამო (3 კმ/წმ-მდე) დაცემისას ღრმად ჩადიან მიწაში და ლოკალურ ნგრევას იწვევენ.