რატომ ძალადობენ ჟურნალისტებზე და ვის ინტერესებშია მათი დადუმება?
ბოლო დღეებში თბილისში გამართულ აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან დაფიქსირდა მიზანმიმართული ძალადობის ფაქტები. მედიის რამდენიმე წარმომადგენელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. მათგან ერთი, "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა, როგორც ექიმები ამბობენ, სიკვდილს გადაურჩა, რადგან ხერხემლის მალა აქვს გატეხილი, სხვა დაზიანებებთან ერთად... ეს ფაქტები განსაკუთრებით საგანგაშო იმის გამოა, რომ ყველა დაშავებული ჟურნალისტი მხოლოდ კრიტიკული ან უცხოური მედიის წარმომადგენელია, რომლებიც აქციაზე იყვნენ მიკროფონით, სათანადო წარწერებით, რომ პრესას წარმოადგენენ. მათ სპეცრაზმელები გაუსწორდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, როდესაც ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას. სწორედ ამიტომ ეს ფაქტები განსაკუთრებით საგანგაშოა!
ჟურნალისტების იდენტიფიკაცია აქციების დროს
აქციების გაშუქების, აქციებისა და მასობრივი ღონისძიებების დროს ჟურნალისტების იდენტიფიკაცია ხდება სპეციალური აღნიშვნებით, როგორიცაა პრესის ბარათები, ჟილეტები ან სხვა დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც ადვილად შესამჩნევია. ეს საშუალებას აძლევს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს, განასხვაონ ისინი სხვა მონაწილეებისგან და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. თუმცა, თუ ჟურნალისტებზე ძალადობა მაინც ხდება, საერთაშორისო ნორმებით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, რაც შეიძლება მოიცავდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ბოლო დღეებში ყველა ხედავდა და ეს ვიდეოჩანაწერებშიც ჩანს, რომ ჟურნალისტები სწორედ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით მუშაობდნენ. თუმცა, მათი ცნობადობიდან გამომდინარე, ამ ნიშნების გარეშეც ადვილი იყო მათი ამოცნობა, როდესაც კამერებითა და მიკროფონებით იყვნენ პირდაპირ ეთერში. ერთ-ერთი ნაცემი ჟურნალისტის თქმით, როდესაც მან თავის ჟურნალისტის ბეიჯზე მიუთითა, მოძალადე სამართალდამცავი ცდილობდა მისთვის ბეიჯი პირში ჩაეტენა. როგორც ჩანდა, იმდენად მიზანმიმართული იყო მათზე ძალადობა, რომ ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს აქციის რიგითი მონაწილე ჰგონებოდა, თავი დავანებოთ იმას, რომ აქციის დარბევა და მონაწილეების ცემა თავისთავად სხვა პრობლემაა. რა შეფასება შეიძლება მიეცეს სამართალდამცავების ამ ქმედებებს და როგორ აისახება ეს ქვეყნის მდგომარეობაზე, ამ საკითხებზე მედიაომბუდსმენის იურისტს,\ ილონა დიასამიძეს ვესაუბრეთ.
ილონა დიასამიძე: - ის, თუ როგორც ექცევიან ჟურნალისტებს, სრულიად უკანონოა. რასაკვირველია, ძალადობა ნებისმიერ რიგით მოქალაქეზე უკანონოა, მაგრამ განსაკუთრებით საგანგაშოა ჟურნალისტებზე მიზანმიმართული ძალადობა. ამას ორმხრივი დატვირთვა აქვს: პირველი - დღის წესრიგში დგება თავად ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი და მეორე - ჟურნალისტები ვეღარ აშუქებენ იმ საკითხს, რაც მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია, ანუ ვერ ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, არ ეძლევათ ამის საშუალება. ჟურნალისტს მუშაობა უჯდება ჯანმრთელობის ფასად და ამისი არაერთი შემთხვევა უკვე ვნახეთ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც რაიმე სახის აქტიურობაა ქვეყანაში, ჟურნალისტებზე ძალადობა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. ახლა რაც ხდება, უპრეცედენტო შემთხვევაა, ჟურნალისტებს მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ დაზიანებებს. ამას არა აქვს არავითარი ახსნა, ირღვევა ყველა საერთაშორისო აქტი, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, რაც ინფორმაციის თავისუფლებასაც მოიცავს. სახელმწიფოს ქმედებები გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან, სახელმწიფო არაფერს აკეთებს და პირიქით, მოუწოდებს და ახალისებს ჟურნალისტებზე ძალადობას. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობის არც ერთი შემთხვევა არ არის გამორკვეული, არც ერთ დანაშაულზე არ უგიათ პასუხი დამნაშავეებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ასზე მეტი საქმე გვაქვს შეტანილი, მაგრამ არც ერთ მათგანზე გამოძიება არ დასრულებულა. ეს ქმნის ფონს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა წახალისებულია.
- როდესაც მედიის მუშაკებზე ასე ძალადობენ, რამდენად ჯდება ხელისუფლების იმ ნარატივში, რომ თითქოს ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ პრობლემები არა გვაქვს?
- დემოკრატიის ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ გაუძლებს ის მოცემულობა, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ეს გადატრიალების ტოლფასია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები გათელილია და, რა თქმა უნდა, ეს ჟურნალისტებზეც ვრცელდება, თანაც ორმაგად, რადგან თან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ეშლებათ ხელი და თან საზოგადოებას არ ეძლევა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. სრული განუკითხაობაა ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. აღარ მუშაობს კანონი და ვისაც არ უნდა მივმართოთ, იქნება სახალხო დამცველი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თუ სასამართლო, ვერსად სამართალს ვერ ვპოულობთ, რადგან ყველა უწყება მმართველ პარტიას აქვს ხელში ჩაგდებული. მათი გადაწყვეტილებები ცხადყოფს, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუ რას გვავალდებულებს საერთაშორისო კანონმდებლობა, რეგულაციები. სურთ ყველაფრისგან მოწყვეტილი, ვაკუუმში ვიყოთ. გასული არიან ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან, რათა აღარ იყვნენ იმ კულტურის ნაწილი, რაც ცივილიზებულმა მსოფლიომ შექმნა ამ წლების განმავლობაში. არავითარ კრიტიკას არ უძლებს ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.
ჟურნალისტების უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლისა და ნორმატიული ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისკენ. ეს ნორმები ავალდებულებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფალი საქმიანობა, განსაკუთრებით კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948 წ.) მე-19 მუხლის თანახმად, "ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და უფლება, თავისუფლად მიიღოს, გაავრცელოს და გამოთქვას ინფორმაცია ნებისმიერი გზით, მიუხედავად საზღვრებისა". ეს მუხლი წარმოადგენს ჟურნალისტების მუშაობის ფუნდამენტურ დაცვას და გარანტიას, რადგან ის პირდაპირ აკავშირებს გამოხატვის თავისუფლებასა და ინფორმაციის გავრცელების უფლებას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (1966 წ.) მე-19 მუხლი ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება შეინარჩუნოს მოსაზრება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია ნებისმიერი საშუალებით. ეს პაქტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნებს ავალდებულებს მიიღონ ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს სიტყვისა და მედიის თავისუფლებას და იცავს ჟურნალისტებს ნებისმიერი შეზღუდვისგან. რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება საქართველოზეც ვრცელდება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (1950 წ.) მე-10 მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, რაც მოიცავს ინფორმაციის შეზღუდვისგან დაცვას. კონვენცია მოითხოვს სახელმწიფოებმა უზრუნველყონ ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება და არ დაუშვან მათი შევიწროება პროფესიული საქმიანობის დროს. ჟენევის კონვენცია და დამატებითი ოქმები (1949 წ.) განსაზღვრავს ჟურნალისტების დაცვას კონფლიქტების დროს. გარდა ამისა, გაეროს გენერალური ასამბლეის არაერთი რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, გააძლიერონ ჟურნალისტების დაცვა, განსაკუთრებით კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში. მაგალითად, 2012 წლის რეზოლუციამ 68/163 მოუწოდა სახელმწიფოებს, მიიღონ ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების და დაუსჯელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად. ცალკეა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები ჟურნალისტების დასაცავად. იუნესკო აქტიურად მუშაობს ჟურნალისტების უფლებების დასაცავად და აქვეყნებს ანგარიშებს ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ. ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს გაწონასწორებული კანონმდებლობის მიღებას და ჟურნალისტების უსაფრთხოების მონიტორინგს. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFჟ) გლობალურად მუშაობს ჟურნალისტების უფლებების დაცვის საკითხებზე და აწარმოებს ძალადობის შემთხვევების სტატისტიკას.
შესაბამისად, სახელმწიფოები და, რა თქმა უნდა, მათ შორის, საქართველოც, ვალდებულები არიან მიიღონ აქტიური ზომები ჟურნალისტების დასაცავად. ეს მოიცავს: სპეციალური კანონმდებლობის მიღებას; უსაფრთხოების შესახებ ჟურნალისტების ტრენინგების ორგანიზებას; სამართალდამცავების ტრენინგებს ჟურნალისტების უფლებების აღიარებისთვის და რაც მთავარია, სახელმწიფოებმა არ უნდა შეზღუდონ ჟურნალისტების საქმიანობა ან იძალადონ მათზე. მაგალითად, დემონსტრაციების დროს უნდა უზრუნველყოფილ იქნეს მათი უსაფრთხო მუშაობა.
ამ მხრივ კი საინტერესოა ჰოლანდიისა და ნორვეგიის პრაქტიკები. ჰოლანდია უზრუნველყოფს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხოების სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც მოიცავს დაცვის ტექნოლოგიებსა და სამართლებრივ კონსულტაციებს, ნორვეგიაში კი ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისთვის არსებობს სპეციალური სადამკვირვებლო მექანიზმები, რომლებიც ინციდენტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.
საერთო ჯამში, საერთაშორისო ნორმები და პრაქტიკა მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში. კონვენციები, პაქტები და რეზოლუციები ხაზს უსვამს ჟურნალისტების უსაფრთხოების გლობალურ მნიშვნელობას და სახელმწიფოთა ვალდებულებებს.
მიუხედავად ამისა, მსოფლიო მასშტაბით ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები ხშირია, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში. ცხადია, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი შემთხვევები იშვიათია, მით უმეტეს, თითქმის არ მოიძებნება ფაქტები, რომ მედიის წარმომადგენლებზე სამართალდამცავებმა მიზანმიმართულად იძალადონ.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ყოველწლიურად აქვეყნებს პრესის თავისუფლების ინდექსს, რომელიც ასახავს ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებს. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC) იძიებს ჟურნალისტებზე თავდასხმების შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულებად, თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა.
რაც შეეხება საქართველოს, ფაქტია, საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამართული აქციების დროს მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეეშალათ ჟურნალისტურ საქმიანობაში, და მიღებული დაზიანებებით ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მონაცემებით, 2023 წელს მედიაზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ცხადია, წელს ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნება.
რუსა მაჩაიძე