ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეული: მწერლის შემოქმედების ახალი სიცოცხლე
16 დეკემბერს პირველად დაიწყება ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეულის გამოცემა, რომელიც ავტორის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. ეს წიგნები, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ რომანებს, მოთხრობებს, ეტიუდებსა და ჩანაწერებს მოიცავს, ნამდვილი საჩუქარია მწერლის შემოქმედების მოყვარულებისთვის.ხუთტომეულში შესულია ისეთი შედევრები, როგორიცაა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი - "დათა თუთაშხია", "გიორგი ბრწყინვალე" და "გორა მბორგალი", ასევე "ფრაგმენტები" ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.ხუთტომეულის გამოცემა 16 დეკემბრიდან დაიწყება და მკითხველი შეძლებს თვეში ერთი წიგნი შეიძინოს. ხუთტომეული ხელმისაწვდომი იქნება "ბიბლუსის" მაღაზიებში, პრესის ჯიხურებსა და ონლაინპლატფორმებზე, ხოლო პირველი ერთი კვირის განმავლობაში სპეციალური ფასდაკლებით თითოეული ტომის ფასი მხოლოდ 14 ლარი იქნება.როგორი ადამიანი და მამა იყო ჭაბუა ამირეჯიბი? როგორ იქმნებოდა მისი ცნობილი ნაწარმოებები და რას ფიქრობს მისი შვილი მწერლის შემოქმედების მნიშვნელობაზე? გთავაზობთ ინტერვიუს ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟთან, ქუცნა ამირეჯიბთან.
- როგორ მამა იყო ჭაბუა ამირეჯიბი?
- ჭაბუას მაგალითებითა და იგავებით აღზრდის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. როცა რაღაცის სწავლება უნდოდა, მოჰყვებოდა პატარა ამბავს ან მოცემულ სიტუაციას განაზოგადებდა და დასკვნას გამოიტანდა. იგავებს ძალა აქვს და ის ჭაბუას მიმართვებში განსაკუთრებით იგრძნობოდა.
- რეალობაში არსებობდნენ თუ არა ის ადამიანები, ვისი ამოკითხვაც მის პერსონაჟებში შეგვიძლია?
- დღეს არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ თითქმის ყველა მის პერსონაჟს ჰყავს პროტოტიპი. საბჭოთა გულაგის დამსჯელ ბანაკებში პოლიტიკური სასჯელის მოხდისას შეხვდა მრავალ ათას საინტერესო თუ უინტერესო ადამიანს. შემოქმედი ყოველთვის სახეებად აღიქვამს ყველაფერს, ამიტომაც ნაწარმოებებიც სავსეა მრავალფეროვანი ტიპაჟით.
- წერის პროცესში როგორი იყო? რა ხდებოდა მაშინ სახლში?
- სრულიად შთანთქმული თამბაქოს ბოლში. ოთახში რომ შეიხედავდი, მამა ძლივს ჩანდა. სულ ჩიბუხს ეწეოდა. კონცენტრირების საოცარი უნარი ჰქონდა - ხმაური, დისკომფორტი, ასეთი რაღაცები, არ აწუხებდა. ალბათ, ეს თვისება გულაგის ბანაკებში შეიძინა, იქ ხომ არ არსებობდა პირადი სივრცე. როცა უკვე ამთავრებდა თუთაშხიას, გადასახლდა ცალკე ბინაში და დღედაღამ იქ მუშაობდა. დედაჩემს მიჰქონდა ყოველდღე სადილი. მეც წამიყვანდა ხოლმე ხანდახან. იქაც სულ ბოლი იდგა.
- გრძნობთ თუ არა, რომ მისი წიგნები დღესაც "გესაუბრებიან" და გაძლევენ მიმართულებას?
- მამობის გარდა, პიროვნულადაც ძალიან ახლობელი იყო. სულ ჩემთან რომაა, და ჩემშია, ეგ ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ირაკლიც ეგრეა, ჩემი ძმა, რუსებთან ომში რომ დაიღუპა აფხაზეთში.
- რა შეიძლება ასწავლოს ჭაბუა ამირეჯიბის ნამუშევრებმა ახალ თაობებს?
- მე, როგორც ერთი უბრალო მკითხველი, ვფიქრობ, მისი წიგნები ძალიან სასარგებლოა იმ აზრით, რომ ადამიანს ეხმარება რთულ ცხოვრებისეულ, ზნეობრივ დილემებზე პასუხის გაცემაში, რაღაცების გამორკვევაში. განსაკუთრებით "დათა თუთაშხია" ძალიან საჭირო წიგნია ახალგაზრდებისთვის. მაგ ასაკში ადამიანი ზნეობრივ და ფილოსოფიურ საყრდენს ეძებს. "დათა თუთაშხიასთანა" წიგნები მათ ამ ძიების დროს ხშირად კარგ სამსახურს უწევენ.
- ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრების რომელი ეპიზოდი მიგაჩნიათ ყველაზე სიმბოლურად თავისუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტში?
- იყო ასეთი შემთხვევა ჭაბუას ბიოგრაფიაში - 1945-50 წლებში გულაგიდან გაქცეული იყო და სხვისი სახელით ცხოვრობდა და მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ ბელორუსიაში. კარგი ორგანიზატორული ნიჭის წყალობით ჯერ ბრიგადირი გახდა, ხოლო შემდეგ დირექტორად დანიშნეს ხე-ტყის დამამუშავებელ ქარხანაში. ომში გამარჯვების შემდეგ რუსები დამარცხებული გერმანიიდან მატარებლებით ეზიდებოდნენ ყველაფერს, მათ შორის სხვადასხვა ქარხნის მანქანა-დანადგარებს და მოწყობილობებს. ჭაბუა, როგორც ქარხნის დირექტორი, გერმანიაში, ფრანკფურტსა და ბერლინში გაგზავნეს, რომ აერჩია და ჩამოეტანა ხე-ტყის ქარხნისთვის დანადგარები. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც გულაგიდან გაიქცა, რამდენად იოლად შეძლებდა ბერლინში გადასვლას ამერიკულ ან სხვა სექტორში, საერთოდ წასვლას, მით უმეტეს, რომ 1949 წელს ბერლინის კედელიც კი არ არსებობდა. ჭაბუა არ წავიდა.… მე პირადად სწორედ ეს მიმაჩნია თავისუფლებისთვის ბრძოლის უმაღლეს მწვერვალად - რომ არ წავიდა და დარჩა, რათა ოდესმე საქართველოში დაბრუნებულიყო და სამშობლოსთვის რამე გაეკეთებინა...
- თქვენი აზრით, ქართველ ერს დღეს ჭაბუა ამირეჯიბის რომელი პერსონაჟი აკლია ყველაზე მეტად?
- რომელი აკლია, არ მაფიქრდება, მაგრამ რომელია, ვისგანაც უნდა თავი დაიზღვიოს, ეს ვიცი - სეთური.
ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებები დღემდე ზნეობრივი და ფილოსოფიური ძიებისთვის გზამკვლევია. მისი ცხოვრება და შემოქმედება მოწმობს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა საკუთარი თავის რწმენა, პრინციპების ერთგულება და თავდადება. ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეულის გამოცემა ახალი სიცოცხლეა არა მხოლოდ მისი ლიტერატურული მემკვიდრეობისთვის, არამედ იმ ფასეულობებისთვისაც, რომლებიც ქართული კულტურის ფუნდამენტს ქმნის. ეს პროექტი მკითხველს შესაძლებლობას მისცემს ხელახლა აღმოაჩინოს ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებითი სამყარო და შთაგონება მიიღოს მისი შესანიშნავი ტექსტებისგან.