"ავი ძაღლის" პრინციპი გეოპოლიტიკაში - ზელენსკის სამხრეთ კორეა რუსულ ტანკებს არ აძლევს და მათ თავადვე აფეთქებს - კვირის პალიტრა

"ავი ძაღლის" პრინციპი გეოპოლიტიკაში - ზელენსკის სამხრეთ კორეა რუსულ ტანკებს არ აძლევს და მათ თავადვე აფეთქებს

სამხრეთ კორეაც რუსულ ტანკებს აფეთქებს... ოღონდ თავის პოლიგონზე, იმის ნაცვლად, რომ უკრაინას გაუგზავნოს...

მსოფლიოში ბევრი უცნაურობა ხდება

იმის მაგივრად, რომ თავისთვის გამოუყენებელი, მაგრამ შედარებით თანამედროვე რუსული ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა უკრაინას გაუგზავნოს, სულაც ჩრდილოეთ კორეის ჯიბრზე, სამხრეთ კორეის ხელისუფლება მათ განადგურებას ახორციელებს...

რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრი სეულში ოფიციალური ვიზით იმყოფებოდა და სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით...

კიევიდან გამგზავრების წინ უკრაინის დელეგაცია იმედოვნებდა, რომ სამხრეთ კორეაში შეიძენდა (და არა საჩუქრად მიიღებდა) საჰაერო თავდაცვის იმ საშუალებებს, რომლებიც ასე სჭირდებათ უკრაინის ქალაქებს, რუსული რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების მოსაგერიებლად...

უკრაინელი სამხედროების ამ იმედს ის მნიშვნელოვანი ფაქტორიც ამაგრებდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აგრესორ რუსეთის არმიას უკვე მიაწოდა სამ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი, გაუგზავნა 12 ათასამდე ჩრდილოკორეელი სამხედრო, უკრაინასთან ომში დასახმარებლად და ახლა დამატებით აწვდის მსხვილკალიბრიან თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და თვით ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკურ რაკეტებსაც კი...

1-kor-1733133234.jpg
საბჭოთა ვალის სანაცვლოდ მოსკოვმა სეულს 30 წლის წინ 40-მდე Т-80У-ის ტიპის ტანკი და 70-მდე БМП-3-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა, რომლებიც მაშინ ულტრათანამედროვედ მიიჩნეოდნენ, არა მარტო რუსეთის, არამედ - მსოფლიო კრიტერიუმებითაც...

შესაბამისად, ყველანაირ ლოგიკაში ჯდებოდა, რომ კომუნისტურ ფხენიანთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული სეული საპასუხო ნაბიჯს გადადგამდა და კიევს მიჰყიდიდა (არ აჩუქებდა) თავდაცვით შეიარაღებას-საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მაინც...

რატომ არ აძლევს სამხრეთ კორეა უკრაინას იარაღს?!

მაგრამ ასე არ მოხდა, სეულმა უკრაინული დელეგაცია მკაცრი უარით გამოისტუმრა უკან და არათუ საარტილერიო ჭურვების, არამედ - ამ საარტილერიო ჭურვების გასასროლად საჭირო დენთის მუხტების მიყიდვაზეც კი უარი უთხრა...

უკრაინელი სამხედროების განაწყენება სეულზე მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც შეიტყვეს,რომ სამხრეთ კორეის არმია თავად აფეთქებდა რუსულ ჯავშანტექნიკას... ოღონდ პოლიგონზე, მაშინ, როდესაც ეს ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები უკრაინის არმიას ძალზე სჭირდება ფრონტის ხაზზე...

2-kor1-1733133319.jpg
ახლა კი სამხრეთკორეელი სამხედროები ამ რუსულ Т-80У ტანკებსა და БМП-3 ქვეითთა საბრძოლო მანქანებს FPV-დრონებს „აკვლევინებენ“ პოლიგონზე, იმის მაგივრად, რომ უკრაინის არმიას დაეხმარონ...

საქმე ის არის, რომ საბჭოთადროინდელი 1,5 მლრდ დოლარის ვალის სანაცვლოდ, 1990-იან წლებში კრემლმა სამხრეთ კორეის არმიას გადასცა 40-მდე Т-80У-ის ტიპის ტანკი და 70-მდე БМП-3-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა. უკრაინაში მებრძოლი რუსეთის არმიის არსენალში ამ ტიპის ჯავშანტექნიკა დღესაც თანამედროვე შეიარაღებად ითვლება.

მათ უკრაინელი სამხედროებიც იყენებენ, ალაფად აღების შემთხვევებში და მათი საბრძოლო ექსპლუატაციის კარგი გამოცდილება დაუგროვდათ.

სამხრეთ კორეის მხრიდან 40-მდე Т-80У-ის ტიპის ტანკისა და 70-მდე БМП-3-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის გადაცემის შემთხვევაში, ეს მეტ-ნაკლებად ეყოფოდა ერთი მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებას, რომელშიც შევიდოდა სრულად აღჭურვილი ერთი სატანკო ბატალიონი.

მაგრამ ასე არ მოხდა და პოლიგონზე სამხრეთ კორეელი სამხედროები იმაზე ვარჯიშობენ, თუ როგორ ააფეთქონ FPV-დრონებით, თავის დროზე ვალში მიღებული ეს ძვირად ღირებული საბჭოთა/რუსული ჯავშანტექნიკა, თუმცა ამისთვის სხვა, ბევრად ძველი და ჩამოწერილი ტანკებიც მშვენივრად გამოადგებოდათ...

საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იმის ფონზე, როდესაც სამხრეთ კორეა დიდი მონდომებით ჰყიდის თანამედროვე შეიარაღებას უკრაინის მეზობელ პოლონეთსა და რუმინეთზე, იმიტომ იკავებს კიევთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე თავს, რომ ელოდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და სეული მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს, როდესაც გამოჩნდება თეთრი სახლის ახალი ბინადრის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში...