რას წერენ ჩვენზე უცხოეთში: მძიმე დღეები საქართველოში - რა მოხდება 14 დეკემბრის შემდეგ?! - კვირის პალიტრა

რას წერენ ჩვენზე უცხოეთში: მძიმე დღეები საქართველოში - რა მოხდება 14 დეკემბრის შემდეგ?!

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უცხოური პრესა აქტიურად აშუქებს

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში“ (ავტორები - ვალერია ჰოპკინსი და კასანდრა ვინოგრადი), რომელშიც გადმოცემულია თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიპეტიები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

შავიზღვისპირა ქვეყანას 3,7 მილიონი მოსახლეობით, ხუთშაბათიდან საპროტესტო აქციები არყევს, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია: მისი თქმით, მთავრობა ევროკავშირში გაწევრების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს ანუ იმ მიზნისას, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ყველა იმ ფინანსურ გრანტზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირიდან ყოველწლიურად იღებდა ხოლმე და რომელიც, ჩვეულებრივ, ასობით მილიონი დოლარით განისაზღვრება.

თბილისი, რუსთაველის გამზირი

თბილისის - ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში მდებარე პარლამენტის შენობასთან ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებთაგან ბევრს ტანზე ეროვნული თეთრი წითელჯვრებიანი დროშა ჰქონდა შემოხვეული. მათ მწვანე ლაზერები პოლიციისაკენ მიმართეს და ქვეყნის ახალი მთავრობის მიმართ უთანხმოება გამოხატეს.

მოგვიანებით პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, სახანძრო ჰიდრანტების და ავტომანქანების მეშვეობით, წყლის ჭავლი მიუშვა, მომიტინგეებმა კი, თავიანთი მხრიდან, პოლიციელების მიმართ პეტარდებისა და სხვა პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება დაიწყეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, კვირა დილით, ღამით დაწყებული პროტესტი „ძალადობაში გადაიზარდა“. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ „პიროტექნიკურ საშუალებებს იყენებდნენ, ცეცხლგამჩენ ბოთლებს და ქვებს ესროდნენ“. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის ირგვლივ არსებული რკინის მესერი, კამერები, ჩალეწეს ფანჯრები და სამუშაო ოთახებში ხანძარი გააჩინეს.

შინაგან საქმეთა უწყების მონაცემებით, შაბათის საღამოს მდგომარეობით, დაკავებული იქნა 150 ადამიანი. შეტაკების დროს დაზარალდნენ როგორც დემონსტრანტები, ასევე -პოლიციელები. როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესი“ იტყობინება, ჟურნალისტებმა დაინახეს, თუ როგორ უტყამდნენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

საქართველო პოლიტიკურმა კრიზისმა მას შემდეგ მოიცვა, როცა 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ გამოცხადდა. დამკვირვებლების აზრით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია სულ უფრო მეტად იხრება რუსეთისა და ჩინეთისაკენ. პროდასავლური ქართული ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და, შესაბამისად, ისინი შედეგებს არ აღიარებენ.

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ მთავრობა ყველა ზომას იღებს ქვეყნის სრული ინტეგრაციისათვის ევროკავშირში და ნატოში. პრეზიდენტის ოფიციალური უფლებამოსილება ნომინალურია, მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს აქვს მინიჭებული. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მხარე დაიკავა და მთავრობა „საკონსტიტუციო გადატრიალების“ მოხდენაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, იგი არ დატოვებს თანამდებობას დეკემბრის ბოლოს, როცა მისი უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა იწურება. ასევე, სალომე ზურაბიშვილი ითხოვს საპარლამენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას.

ევროკავშირმა არ აღიარა არჩევნები, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიციამ 150-წევრიან საკანონმებლო ორგანოში 61 სადეპუტატო ადგილი მიიღო, თუმცა პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტს აცხადებს და სხდომებს არ ესწრება.

წყარო

რას წერს ავსტრიული გამოცემა

ავსტრიის გაზეთ „სტანდარდში“ (Der Standard) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა „მაიდანი“ პოპულარული ხდება“ (ავტორი - ჯო ანგერერი), რომელშიც განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება - თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მწვავდება: ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში ზედიზედ იმართება საპროტესტო აქციები. პოლიცია დემონსტრანტების დაშლას წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზით ცდილობს. თავის მხრივ, აქციის მონაწილები ბარიკადებს აგებენ და პოლიციელებს პეტარდებს და ქვებს ესვრიან. დაკავებულია აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე. პოლიციელებისა და დემონსტრანტების შეტაკების დროს ორივე მხარის წარმომადგენლები დაზიანდნენ, ძალადობა განიცადეს ჟურნალისტებმაც. ყველა მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, სადაც მათ სამედიცინო მომსახურებას უწევენ.

თბილისში ამჟამად ყველაზე გავრცელებული და სალაპარაკო ტერმინია „მაიდანი“. როგორც ცნობილია, „მაიდანი“ 2014 წელს უკრაინული ენიდან გავრცელდა, როცა კიევში, „დამოუკიდებლობის მოედანზე“ („მაიდან ნეზალეჟნოსტი - Майдан незалежностi) გამართული რევოლუციური აქციების შედეგად ქვეყნის პრორუსული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო. ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება რევოლუციას არ დაუშვებს.

დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო

საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პრორუსულმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. დავა ევროკავშირში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გამწვავდა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ მოლაპარაკება ევრობლოკში გაწევრებაზე დროებით, 2028 წლამდე შეჩერდებაო - იმიტომ, რომ საქართველო შანტაჟს განიცდის ევროკავშირის მხრიდან. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო, ასევე, უარს ამბობს ევროკავშირიდან ფინანსური გრანტების მიღებაზეც.

უფრო ადრე ევროკავშირმა თვითონ განაცხადა, რომ საქართველოს - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის ბლოკში მიღების პროცესს თავისივე ინიციატივით აჩერებს. სხვათა შორის, ამჟამად აშშ-მაც დროებით შეაჩერა სტრატეგიული თანამშრომლობა სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკასთან: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა საქართველოს მთავრობა დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალადობის გამოვლენასა და კონსტიტუციის ღალატში დაადანაშაულა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ქართველების ხმა ევროპამ უნდა გაიგონოს, მათ პოზიციას პატივი უნდა სცეს და მხარი უნდა დაუჭიროს“. საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია გამოხატა კაია კალასმაც - ევროკავშირის ახალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, რომლის თქმით, ევროკავშირმა შეიძლება თბილისის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს.

კრიზისი პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრების აუცილებლობა ქვეყნის ძირითად კანონშია ჩაწერილი. შესაბამისად, ბევრი ქართველი მხარს უჭერს პროევროპული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, საპროტესტო აქციების მონაწილეების გვერდით დგას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახლოვდება ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღი - 14 დეკემბერი, რომელიც საინტერესოა იმით, რომ არჩევნებს ძველებურად საყოველთაო ხასიათი კი არ ექნება, არამედ - პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია (რომლის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები და სხვა წარმომადგენლები) აირჩევს - „ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს შემოღებული საარჩევნო კოდექსის თანახმად. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წამოაყენებს, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ხაზის გამტარებელი იქნება.

მაგრამ სიტუაცია პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მოულოდნელად გამწვავდა: სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს პოსტის დატოვებაზე - მისი თქმით, რადგანაც პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, „უკანონო პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ აქვს“. თუ ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის წინაშე უკან არ დაიხევს - და ამის ნიშნები არ არის - ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. „მე მესმის სალომე ზურაბიშვილს ემოციური განწყობა, მაგრამ 29 დეკემბერს იგი თავის რეზიდენციას კანონიერად არჩეულ ახალ პრეზიდენტს გადასცემს“, - ეს პრემიერ-მინისტრის ნათქვამი გახლავთ.

წყარო