"უწიგნურები გვასწავლიან, წიგნის კითხვა პრეზიდენტობას არ სჭირდებაო" - რას წერს მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია?
ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"რამდენიმე დღის წინ ჩემი ერთგული მწვრთნელი, დავით ჯანოევი გარდაიცვალა, რომელიც ოცნებობდა: - პუტინის განადგურებას მომასწროო. უფრო მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, ჩვენი სხვა ოცნება იყო, “ქართული ოცნებისგან” განსხვავებული - თავისუფალი, დემოკრატიული, ბედნიერი სამშობლო, ევრო-ატლანტიკური დაცულობით. უწიგნურები გვასწავლიან, წიგნის კითხვა პრეზიდენტობას არ სჭირდებაო. იქნებ, შოთა რუსთაველის წიგნზე (!) გამონაკლისი გააკეთონ. “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. უკანონო ხელისუფლება ცდილობს სინამდვილე ტყუილით შეცვალოს, მტერი და მოყვარე ჩაანაცვლოს. თვითონ უკვე ჩაანაცვლეს…საპროტესტო აქციაზე ერთი ახალგაზრდა გოგონა დამამახსოვრდა, რომელიც გაზისგან დასაცავად მომიტინგეებს პირბადეს ურიგებდა. ჟურნალისტის კითხვაზე - აქ რატომ ხარო, - ძალიან მშვიდად უპასუხა: - სხვა სამშბოლო არ გამაჩნია.
2003 წლის ნოემბრის წვიმიან დღეებში საპროტესტო მიტინგზე რომ გავდიოდი, მახსოვს შიში არ მტოვებდა. ჯერ კიდევ პოპულარული ვიყავი, მცნობდნენ და, შესაბამისად, მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. მაგრამ, როცა ასლან აბაშიძემ თავისი შავ-ტყაოსნები თბილისში გადმოისროლა და როცა შავებმა რუსთაველზე პარლამენტის წინა სივრცე დაიკავეს, შიში მომენტალურად გამიქრა, მივხვდი, რომ ამათ ოკუპირებულ საქართველოში სიცოცხლე არ მინდოდა. დღესაც რუსთაველზე თავისუფლებისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ სახედამალული, ადამიანობა დაკარგული შავოსნები გამოვიდნენ სანადიროდ..." - წერს ალექსანდრია.