"ყველანაირი შრომა გამოვიარე ცხოვრებაში. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მეცვა და რა მეხურა, მთავარი იყო, კარგად მესწავლა - ვიდექი ოპერაციებზე, ვუყურ - კვირის პალიტრა

"ყველანაირი შრომა გამოვიარე ცხოვრებაში. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მეცვა და რა მეხურა, მთავარი იყო, კარგად მესწავლა - ვიდექი ოპერაციებზე, ვუყურებდი და ვეხმარებოდი"

ასევე დაგაინტერესებთ - "დღეს “ფეიკების” სამყაროა და კარგი და ცუდი ხარისხი ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. მკურნალობა ხანგრძლივ და სტაბილურ შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი" - გზა სტომატოლოგის სავარძლიდან "ჰოლივუდის ღიმილამდე"

"ყველანაირი შრომა გამოვიარე ცხოვრებაში. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მეცვა და რა მეხურა, მთავარი იყო, მოწესრიგებული ვყოფილიყავი და კარგად მესწავლა. უნდა იცოდე, რა გინდა, მიზანი გქონდეს, მუდმივად განვითარდე და არ მოდუნდე! როგორი ხასიათიც გაქვს ადამიანს, ისე მიდიხარ. თუკი დინებას მიჰყვები, სადაც მიგიტანს, იქ გაგრიყავს, მაგრამ თუკი დინებას ებრძვი, სადღაც აუცილებლად მიხვალ, შენთვის მისაღებ ადგილას", - ამბობს ჩვენთან საუბარში გალაქტიონ მახვილაძე - იმპლანტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, გლობალური ოსტეოინტეგრაციის აკადემიის ნამდვილი წევრი. ის თავისი პროფესიისა და იმ საინტერესო გზის შესახებ გვიამბობს, რომელიც აქამდე განვლო...

- ბატონო გალაქტიონ, რის მიხედვით გააკეთეთ პროფესიული არჩევანი? ვიცი, რომ ცხოვრების საკმაოდ საინტერესო და რთული პერიოდები გაიარეთ, ვიდრე აქამდე მოხვიდოდით. თქვენი მონათხრობი ალბათ სტიმული იქნება იმ დამწყები ექიმებისთვის, ვინც ამ პროფესიის არჩევას აპირებს.

- ჩემი სტუდენტობა ნამდვილად ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა - 1991 წელი იყო და მეც ყველა ის პრობლემა გავიარე, რაც ქვეყანაში იმ დროს არსებობდა და ხალხზეც აისახებოდა, ეს ყველაფერი ხელის შემშლელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი მოტივაცია მქონდა მესწავლა და ჩემი საქმე მეკეთებინა, გახსოვთ, რომ ისეთი ელემენტარული რამეებიც კი არ იყო ხელმისაწვდომი, როგორიც დენი და წყალია. პირველად ხომ მაშინ დაგვენგრა თავზე ქვეყანა, ყველანაირ კრიზისში შევედით, დღეს კი ამ კრიზისის შედეგებს ვიმკით, რომელიც სახეზეა განათლებით, მორალით და ა.შ. სტუდენტობისას, სამედიცინო უნივერსიტეტამდე ფეხით გავდიოდით რამდენიმე კილომეტრს, გაყინულ აუდიტორიაში ლექციას რომ დავსწრებოდით. აბა, სად იყო ტრანსპორტი?.. ხშირად, თვითონ ლექტორიც ვერ მოდიოდა. ფინანსური შესაძლებლობაც არ გვქონდა. მეცხრე კლასში რომ ქურთუკი მეცვა, იმით დავამთავრე ინსტიტუტი. ასე რომ, ჩემთვის ყველანაირი პრობლემა ნაცნობია. მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ახლა გამოჩენილი პიროვნებაა, პურის მანქანებს ვცლიდით, რომ თითო პური მოგვეპოვებინა. ასე ვშრომობდით. ხომ არ ვყაჩაღობდით? არც არავისთვის წაგვირთმევია. თუ არ შემხვდებოდა ის პური, ვიჯექი სახლში უპუროდ.

ყბა-სახის ქირურგობა თავიდანვე მინდოდა, სტაციონარში ვათენებდი და ვაღამებდი, ერთი-ორჯერ შიმშილისგან გული წამივიდა, არ ვაჭარბებ და არც მრცხვენია ამის თქმის. როცა მშიოდა და ფული არ მქონდა, ეზოში გავდიოდი და ფანტანიდან წყალს ვსვამდი, რომ შიმშილის გრძნობა მომეკლა, მაგრამ იმდენად მაინტერესებდა, ვიდექი იმ ოპერაციებზე და ვუყურებდი, ვეხმარებოდი, რასაკვირველია, უფასოდ, რომ მესწავლა. ოღონდ რამე დამენახა და თავით მივძვრებოდი ყველგან, ჩემი ადგილი იყო თუ - არა.

25 წლის ასაკში ჩემს მშობლიურ ქალაქში - ქუთაისში დავბრუნდი, ყბა-სახის ქირურგად რომ დამოუკიდებლად მემუშავა. ის ორი წელი ჩემთვის გარდამტეხი იყო, რადგან სრულიად მარტო ვიდექი და ჩემთვის შესაძლებელ თუ შეუძლებელ მანიპულაციას ისეთ პირობებში ვაკეთებდი, სადაც მართლა არც შუქი იყო, არც წყალი, არც მასალები და ჩემით ვშოულობდი, ხელთათმანსაც კი არ იძლეოდა დაწესებულება. ანაზღაურებაზე აღარ იყო საუბარი, საოცრებებს ვაკეთებდი, მაგრამ დავიღალე... თუმცა იმ პერიოდმა კარგი რამ მასწავლა - სტრესულ სიტუაციაში დამოუკიდებელი მოქმედების დიდი გამოცდილება და გაკვეთილი მივიღე. რა უნდა მოხდეს, რომ სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილება ვერ მივიღო. მქონია შემთხვევა, როცა ოპერაციის დროს გენერატორიც კი ჩამქრალა და ჯიბეში მედო ე.წ. პასტა-ფარანი, რომელსაც პირში ვითავსებდი, ვანათებდი ჭრილობაზე და ვკერავდი. ასეთ პირობებში მუშაობა ძალიან რთული იყო 25 წლის ადამიანისთვის, რომელსაც გვერდით არავინ ჰყავდა აზრის გამზიარებელი, თავისი პროფესიის. ერთადერთი, რაც 1990-2000-იან წლებში იყო ჩემთვის, წიგნები გახლდათ. თუკი რაიმე ლიტერატურა იყო ხელმისაწვდომი, ვკითხულობდი. სად იყო მაშინ ინტერნეტი? ბევრი რამ ქართულადაც არ იყო, ძირითადად, რუსულად და ინგლისურად, ზოგიც ჟურნალების სახით ჩამივარდა ხელში, ვაქსეროქსებდი და ასე ვეცნობოდი. ამას გიამბობთ ყბა-სახის ქირურგიაზე, მაშინ დენტალურ იმპლანტაციაზე საუბარიც არ იყო. ყბა-სახის ქირურგია ტრავმებთან და ანთებით დაავადებებთან ასოცირდება, დღეს კიდევ უფრო დახვეწილია, მაგრამ ანატომია და ფიზიოლოგია ხომ არავის შეუცვლია...

302-gmc1-1733163631.jpeg

- სტომატოლოგიის სფეროში გადანაცვლება რატომ გადაწყვიტეთ?

- ერთხელ გამოჩნდა ლექტორი, რომელმაც ლექცია წაგვიკითხა დენტალურ იმპლანტაციაზე და მაშინვე დავინტერესდი. მერე უკვე, პირადი კონტაქტებით დავიწყე გზის გაკვალვა. მახსოვს, გერმანიაში პირველად რომ წავედი, საერთოდ არავის ვიცნობდი, ისე გამოვაღე კლინიკის კარი და შევედი, რომ მენახა, რა ხდებოდა შიგნით. შთამბეჭდავი იყო იქაური ტექნიკის ხილვა, სულ სხვანაირი ბორმანქანები ჰქონდათ. როცა მკითხეს, რა გინდაო? ინგლისურად ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ხმა არავინ გამცა. რასაც ვერ ვიტყვი 2010 წლის შემდგომ გერმანიაზე, ფაქტობრივად, არც ერთი გერმანული სიტყვა არ დამჭირვებია, ისე გავხდი გერმანიის ერთ-ერთი ასოციაციის ექსპერტი. გამოცდები ჩავაბარე. ამ პერიოდში უკვე აქტიურად დავიწყე სიარული ევროპის ქვეყნებში და არაერთი სერიოზული ასოციაციის წევრი გავხდი...

2001 წლიდან კვლავ თბილისში წამოვედი და აქტიურად გადავერთე სტომატოლოგიის მიმართულებით, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ნელ-ნელა გარკვეული გამონათებებიც დაიწყო, ინსტრუმენტებიც დაიხვეწა ჩვენს დარგში. მახსოვს, 1999 წელს, პირველად რომ დავესწარი დენტალური იმპლანტაციის ოპერაციას, გერმანელები იყვნენ ჩამოსული და მაშინ იმპლანტები სულ სხვანაირი იყო - ყბაში ლურსმანივით უნდა ჩაგეკაკუნებინა ჩაქუჩით. მათ აპარატურა ჰქონდათ ჩამოტანილი, რომელიც ჩვენთვის რაღაც სასწაული იყო და ახლა რომ ვიხსენებ, მაგალითად, დღეს მე რაც მიდგას, ამასთან შედარებით არაფერია, მაგრამ 25 წლის წინ ვფიქრობდი, რა მაგარია-მეთქი... ძვალთან ინტეგრირება, შეხორცება - ესაა მთავარი, რასაც იმპლანტაცია ეფუძნება. დღეს ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაგრამ მაშინ ის გვიხაროდა, იმპლანტი რომ შეხორცდებოდა, დღეს სხვა აქცენტები და პრიორიტეტები გვაქვს. ეს სერიოზული მეცნიერებაა. თუ იმპლანტის მდებარეობა სწორად არ გათვალე, სად უნდა ჩასვა და სად მიდიხარ, შეიძლება თვალბუდეში ამოყოს თავი ან სადმე სხვაგან. ინვაზია მინიმალური, გაზომილი და გათვლილი უნდა იყოს.

- რა გაძლევდათ ასეთი აქტიურობის სტიმულს?

- მთავარი ხასიათია, როგორი ხასიათიც გაქვს, ისე მიდიხარ. თუკი დინებას მიჰყვები, სადაც მიგიტანს, იქ გაგრიყავს, მაგრამ თუკი დინებას ებრძვი, სადღაც აუცილებლად მიხვალ, შენთვის მისაღებ ადგილას. იქაც არ უნდა გაჩერდე და გააგრძელო, მუდმივად წინ წახვიდე, იმოძრაო. მით უმეტეს, ჩვენს სფეროში.

რაც უნდა მაგარი იყო და წარჩინებით დაამთავრო სკოლა თუ უმაღლესი სასწავლებელი, რა რეგალიებსაც უნდა ფლობდე და ცნობილი, პოპულარული იყო, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანი ხარ და ადამიანს ელაპარაკები, პაციენტის ადგილას შენი თავი უნდა დააყენო.

- პაციენტების ნდობა როგორ მოდის? თუნდაც, იმ 25 წლის ბიჭს როგორ გენდვნენ, მარტო რომ აკეთებდით ყველაფერს?

- ალბათ სხვა გამოსავალი არ გვქონდა არც ერთ მხარეს. როცა ადამიანს არ იცნობ, კი, ბატონო, რთულია ენდო, მაგრამ მე არ მოვკიდებდი ხელს ისეთ რამეს, რაშიც თვითონ არ ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ თავს გავართმევდი. ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს საქმე და როცა ასეთ პასუხისმგებლობას იღებ, უნდა გესმოდეს, რომ შეიძლება ეს დაგეგმილი სცენარით არ წავიდეს, ამიტომ, მზად უნდა იყო ყველანაირი გამოსავლისთვის. ამას დიდი ფსიქოლოგიური მზაობა სჭირდება. სწორედ მაშინ გამომიმუშავდა ეს ყველაფერი. ასეთ დროს ზოგი "ფუჭდება", ვერ უძლებს და დალევას იწყებს, ზოგი თავს ანებებს. საკუთარ თავზე ბევრი მუშაობაა საჭირო და პირველი, ვისაც უნდა ეყრდნობოდე, სწორედ საკუთარი თავია, სხვის იმედად გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. შენ თუ არ აკონტროლებ, შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს. ალბათ პაციენტი ხედავს, რომ შენს თავში დარწმუნებული ხარ და ამიტომაც გენდობა. ყოყმანი თუ შეგატყო, არ მოვა. მთავარია, არ მოატყუო და პასუხი გქონდეს მის კითხვებზე. თუ არ გაქვს, უნდა უთხრა, რომ არ იცი. მთავარია, ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა მოიპოვონ. სამწუხაროდ, დღეს ტყუილი აჭარბებს სიმართლეს.

- ახსენეთ, რომ რთული 90-იანები გამოიარეთ. რას საქმიანობდნენ თქვენი მშობლები იმ დროს?

- მამა ინჟინერი იყო, 12 წლის წინ გარდაიცვალა, დედა - პედაგოგია, ახლაც სკოლაში მუშაობს. მაშინ, როცა უმეტესობა უმუშევარი დარჩა, მამაჩემსაც არ ჰქონდა დიდად შემოსავალი, მერე ამაზე ნერვიულობისგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ფინანსურად, რა თქმა უნდა, დაგვეტყო. როგორც აღვნიშნე, ყველანაირი შრომა გამოვიარე, რომ სწავლისთვის ხელი არ შემშლოდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მეცვა და რა მეხურა, მთავარი იყო, მოწესრიგებული ვყოფილიყავი და კარგად მესწავლა. მშიერი რომც ვყოფილიყავი, ამაზე პრობლემა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ვიტანდი.

gala-coli-1733163127.jpg
"თამუნა რომ არ ყოფილიყო, მე ამდენ რამეს მარტო ვერ შევძლებდი"

- მთავარი მოტივატორი რა იყო თქვენთვის და რა არის წარმატების თქვენეული "ფორმულა"?

- უნდა იცოდე, რა გინდა ცხოვრებაში, მიზანი გქონდეს, ყველა საკუთარი თავის მოტივატორია. მთავარია, არ გაჩერდე, ისწავლო, განვითარდე, ოღონდ ეს ზოგადი სიტყვები არ არის, არ უნდა მოდუნდე. რამდენიმე წესი მაქვს, ზედმეტად არ უნდა იჩქარო და არც დრო დაკარგო - იჩქარე ნელა. კიდევ, არ "ვჭიდაობთ" პაციენტებთან, არც პირდაპირი და არც ვერბალური გაგებით. როცა პროცედურას ატარებ, არ უნდა იმას ძალა და ჯაჯგური, სწორად მიმართული ქმედებები სჭირდება. აკურატულად უნდა იმუშაო. ყველაზე მეტად ვერ ვიტან ინსტრუმენტ ჩაქუჩს, მაგრამ ხანდახან მჭირდება და აქაც ზომიერებაა საჭირო, უნდა იცოდე, რანაირად ურტყა. და ერთი მთავარი წესი მაქვს, - არასოდეს გადადო ხვალისთვის ის საქმე, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია.

- თქვენი მეუღლე, თამუნა ორჯონიკიძე თქვენივე კოლეგაა. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ინსტიტუტის ბოლო კურსზე გადავწყვიტეთ დაქორწინება და მას მერე ერთად მოვდივართ, ერთად გავხსენით კლინიკა 2014 წელს, ის კლინიკური დირექტორია და პირდაპირ ვიტყვი, თამუნა რომ არ ყოფილიყო, მე ამდენ რამეს მარტო ვერ შევძლებდი. აქ უამრავი დეტალია მისახედი, მე კი ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ერთდროულად, იმდენ რამეში ვარ ჩაბმული, რომ ნამდვილად ვერ მოვაბამდი თავს. ორი შვილი გვყავს, ერთი მადრიდში სწავლობს ფსიქოლოგიას, მაგისტრატურაზეა, მეორე - ფრილანსერია, თავისთვის საქმიანობს რაღაცებს. ჩვენთან მუშაობა არც ერთმა არ ისურვა, სამაგიეროდ, იმდენი ახალგაზრდა გვყავს კლინიკაში, თანაც ერთმანეთზე უკეთესები, ჩვენთვის ყველანი შვილებივით არიან. აქ დაფრთიანდნენ და ახლა მეგობრები, თანამებრძოლები ვართ. მათ საკუთარ თავსაც ვანდობ და ჩემს ნებისმიერ პაციენტს.

57650910-3248004035225526-2601736191137021952-n-1733163552.jpg

- რა გავლენა იქონია ქუთაისმა თქვენს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე? ამ კოლორიტულმა, ბევრისათვის საყვარელმა ქალაქმა, რომელიც დიდი კულტურითა და ტრადიციებით გამოირჩევა და ეს თითოეულ ქუთაისელზეც თავისებურად აისახება. ქუთაისური იუმორი თქვენც რომ გახასიათებთ, პირად ურთიერთობებში ეს კარგად ჩანს.

- ქუთაისი არის და იქნება ის ადგილი, სადაც მე ყოველთვის მენდომება ჩასვლა. სადაც უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, მაინც ქუთაისელი ვიქნები. ჩემი ქალაქის და იმ ქუთაისელების, იმ ემოციის დამსახურებაა, რომ გამიჩნდა სურვილი, ჩემს ქალაქს ჰქონოდა კარგი და გამორჩეულად საიმედო დასაყრდენი სტომატოლოგიაში, ამისთვის დიდი ინვესტიციები გავიღე და იქ შევქმენი კლინიკა, რომელიც ერთი წლისაა და ნელ-ნელა თავის სათქმელს იტყვის.

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა"

ასევე დაგაინტერესებთ - "დღეს “ფეიკების” სამყაროა და კარგი და ცუდი ხარისხი ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. მკურნალობა ხანგრძლივ და სტაბილურ შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი" - გზა სტომატოლოგის სავარძლიდან "ჰოლივუდის ღიმილამდე"