პუტინის ახალი შეტევა: რუმინული "ფრონტი" - გახდება თუ არა ბუქარესტი მოსკოვის სატელიტი?! - კვირის პალიტრა

პუტინის ახალი შეტევა: რუმინული "ფრონტი" - გახდება თუ არა ბუქარესტი მოსკოვის სატელიტი?!

უკანასკნელ დღეებში იმდენად დინამიურად ვითარდება მოვლენები საქართველოსა და ახლო, თუ შორეულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომ არ დაგიმალავთ: პრიორიტიტეტის მინიჭება რომელიმე თემისათვის, ძალზე რთულია.

1 დეკემბერს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში - შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებსო. ვფიქრობ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კითხვები ( და არაერთი) სუს–ის მიმართ ნამდვილად იქნება.

რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები იმ ფონზე ჩატარდა, როდესაც ჯერ კიდევ გაურკვეველია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. დამაფიქრებელი ინფორმაცია მოდის აშშ–დანაც: არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რბილად რომ ვთქვათ, „უცნაური“ საკადრო პოლიტიკა დაანონსა და ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე არა გამოცდილი პროფესიონალები, არამედ ნათესავები, ფლორიდელი მეგობრები და გოლფის პარტნიორები წარადგინა. ასე რომ, ნეპოტიზმის აჩრდილი უკვე ახლოდან „გვესალმება“.

კვლავ „გვაოცებენ“ ჩინეთის სპეცსამსახურები: მათ ახალი ელექტრო ავტომობილები საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების საშუალებად – „ფარულ მიკროფონებად“ და GPS აქციეს. ყველა ამ საკითხზე თანმიმდევრულად ვისაუბროთ. ამჯერად რუმინეთში განვითარებული ძალზე დაძაბული პოლიტიკური მოვლენების პირველი ეტაპი შევაჯამოთ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის ერთ კვირაში ორი (საპრეზიდენტო და საპარლანტო) არჩევნების ჩატარება, თანაც იმ ფონზე, როდესაც რუსეთს თავის ფავორიტები შერჩეული ჰყავს? მით უფრო, როდესაც ორივე არჩევნები არა მარტო რუმინეთის, არამედ ზოგადად ევროპის მომავალზეც იმოქმედებს!

რუმინეთის პუტინიზაცია?!

ბულგარეთში მიმდინარე პოლიტიკურ რყევებს და მთავრობის ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველ საგარეო–პოლიტიკურ კურსს, უნგრეთისა და სლოვაკეთის აშკარა პრორუსულ ხელისუფლებას, თუ რუმინეთის „პუტინიზაციაც“ მოჰყვა, ეს სერიოზული დარტყმა იქნება დემოკრატიული ევროპისთვის. რუსეთის დიქტატორი პუტინი „სამიზნე ქვეყნებზე“ ზემოქმედების განსხვავებულ პოლიტიკას იყენებს და მომავალ „მსხვერპლს“ კარგად სწავლობს: აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც თავს უშველეს და უკვე არიან ევროკავშირისა და ნატოს წევრები, „კრემლი“ ყოველნაირად უწყობს ხელს ფსევდოპატრიოტი მემარჯვენე რადიკალ–პოპულისტების ხელისუფლებაში მოსვლას. ამ შემთხვევაში „პუტინისტების“ ლოზუნგები ყველგან ერთნაირია: „ევროკავშირი გვჩაგრავს და ეროვნულ იდენტობას გვართმევს“, „ნატო არ გვიცავს“, „ყველაფერი ემიგრანტების ბრალია“ და ა.შ. აშშ–ის მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან საზოგადოებაში ურთიერთშუღლის გასაღვივებლად „პუტინის ქაოსის რეცეპტი“ ითვალისწინებს ამერიკის სოციუმის ყველაზე აქტუალური საკითხების კიდევ უფრო გამწვავებას და ურთიერთდაპირისპირების გაასმაგებას. იმ ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) კი, რომელთაც ევროკავშირისა და ნატოს „ქოლგა“ ჯერ არ იცავს, მოსკოვს, სამწუხაროდ, სრული კარტ–ბლანში აქვს და ზემოქმედების იმ სცენარს ირჩევს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის „პუტინიზაციისთვის“ უფრო უპრიანია.

დღეს დემოკრატიასა და დიქტატურას შორის ღია და ფარული ბრძოლის „ფრონტის ხაზი“ რუმინეთზეც გადის. მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსიდან გადახვევის საფრთხე მაინც რეალურია, თუ ფსევდოპატრიოტი მემარჯვენე პოპულისტები გაიმარჯვებენ.

რატომ არის პუტინისთვის რუმინეთის საგარეო–პოლიტიკური ვექტორის შემოტრიალება ასე მნიშვნელოვანი? ამ შემთხვევაში უკრაინა დაკარგავს სტაბილურ მოკავშირეს და მნიშვნელოვან სამხედრო–პოლიტიკურ მხარდაჭერას. 2022 წლის 24 თებერვლიდან რუმინეთი უკრაინას სერიოზულ ლოგისტიკურ დახმარებას უწევს: სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვა რუმინეთის ტერიტორიის გავლითაც ხდება. გარდა ამისა, ამჟამად F-16 გამანადგურებლებზე საფრენად უკრაინელი მფრინავების გადამზადება რუმინეთის 86-ე სამხედრო–საჰაერო ბაზაზე მიმდინარეობს .

გარდა ამისა, კონსტანცას პორტთან ახლოს, დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით, იგეგმება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რეგიონალური სამხედრო–საზღვაო სასწავლო ცენტრის გახსნა. რუმინეთში ხელისუფლების სათავეში პრორუსი პოლიტიკური ძალების მოსვლის შემდეგ სამხედრო–პოლიტიკური მხარდაჭერა შეწყდება, ხოლო დაგეგმილი პროქტები აღარ განხორციელდება. რუსეთის არსებული და მოსალოდნელი აგრესიის შესაჩერებლად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს რუმინეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული ნატოს კონტინგენტის შემდგომ გაზრდას, ხოლო 2025 წლის გაზაფხულზე რუმინეთში ნატოს სამხედრო წვრთნები ჩატარებას. ეს ღონისძიებებიც არ განხორციელდება, თუ რუმინეთში პრორუსული ხელისუფლება გაიმარჯვებს.

picture2-1733212971.jpg

კელინ ჯორჯესკუს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ პოპულიზმი უკვე პოლიტიკურ იდეოლოგიად იქცა

რუმინეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა და სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი) განსაზღვრავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ასევე ის არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ქვეყნის სამხედრო უწყებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურებს. მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კურსის განსაზღვრაში, ქვეყნის ყოველდღიური მართვის პროცესს პრემიერ– მინისტრი ხელმძღვანელობს. ასე, რომ ორივე: საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიც გადამწყვეტი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 24 ნოემბერს ჩატარდა და როგორც მოსალოდნელი იყო ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი. სიურპრიზი ის იყო, რომ პირველ ტურში (ხმების 22,94%-ით) გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე პრორუსმა პოპულისტმა კელინ ჯორჯესკუმ, ხოლო პროევროპული კანდიდატი ელენა ლასკონი (ხმების 19,18%-ით) მეორე ადგილზე გავიდა. ჯორჯესკუს შედეგები სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან წინასწარ გამოკითხვებში მის მხოლოდ 5% თუ ანიჭებდნენ. ამ პოლიტიკოსს ხშირად „პატარა დონალდ ტრამპსაც“ ეძახიან რადიკალური ანტიგლობალისტური შეხედულებებისა და უკიდეგანო უტოპიური პოპულიზმის გამო.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ (რომელიც ტრადიციული „უსაფრთხოების საბჭოს“ ანალოგია) გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა კიბერშეტევები, რათა გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგზე და რომ მათ აქვთ მტკიცებულებები საარჩევნო კამპანიაში მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ჩარევის შესახებ. „საბჭომ“ ასევე დაადანაშაულა ჩინური სოციალური პლატფორმა TikTok ჯორჯესკუსთვის უპირატესობის მინიჭებაში. პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ჯორჯესკუ ვლადიმერ პუტინის „ფანია“ და ღიად ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირს, ის რუმინეთის იზოლაციის მომხრეა, რასაც ნეიტრალიტეტს უწოდებსო.

28 ნოემბერს პრეზიდენტობის ერთ–ერთმა კანდიდატმა ცენტრალური საარჩევნო კომისია გაყალბებაში დაადანაშაულა და არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. იმავე დღეს (!!!) საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველა ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა. ამის შემდეგ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების ან მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

picture1-1733212971.png

ჯორჯე სიმიონი: პუტინის ერთ–ერთი „პაიკი“?

არანაკლები დაძაბულობით გამოირჩეოდა 1 დეკემბერს რუმინეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც „მამა–პაპური“ წესით – ბიულეტენების ხელით შევსებით მიმდინარეობდა. რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 22,6%-ს მოაგროვა. ულტრამემარჯვენე „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ მეორე ადგილს იკავებს ხმების 18,2%-ით. სხვა ულტრამემარჯვენე პარტიებმა ( „SOS რუმინეთი“ და „ახალგაზრდების პარტია“ ) ხმების შესაბამისად 7,6% და 6,3% მიიღეს. ლიბერალური ოპოზიციური პარტია „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“ 12,1%-ს აგროვებს, ხოლო ნაციონალური ლიბერალური პარტია, რომელიც სოციალ-დემოკრატებთან ერთად ამჟამინდელი მმართველი კოალიციის წევრია, 14,4%-ს. „რუმინეთში უნგრელთა დემოკრატიული კავშირი“ კი ხმების 6,5%-ს იღებს. როგორც ვხედავთ სამმა პრორუსულმა პარტიამ ჯამში ხმების 32%-ზე მეტი მიიღო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მემარჯვენე პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ კელინ ჯორჯესკუს ყოფილი პარტიაა, ხოლო მისი ლიდერი, რომელმაც პირველმა მიულოცა გამარჯვება ჯორჯესკუს, ჯორჯე სიმიონია. ეს პოლიტიკოსი 2019 წლიდან გამოჩნდა „ასპარეზზე“: ერთი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში 9% მიიღო, ხოლო ამჟამინდელ არჩევნებში უკვე 18 % –ზე მეტი. მართლაც, რომ გასაოცარი პროგრესია: საიდან? როგორ?

რუმინეთის მასმედია ძალზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ჯორჯე სიმიონის შესახებ. ჯერ კიდევ 14 ნოემბერს რუმინეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იოან კირტესმა განაცხადა, რომ მათ გააჩნიათ დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ ჯორჯე სიმიონი წლების მანძილზე უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიაზე სისტემატურად ხვდებოდა რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებს და დღესაც კავშირზეა მათთან. რუმინეთის კონტრდაზვერვაში (რუმინეთის ინფორმაციის სამსახური) კი აცხადებენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ახალმა აგენტურამ რუმინეთში მასიურად შემოაღწია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ: რუსეთიდან და უკრაინიდან „ლტოლვილთა“ საფარქვეშ და ისინი დღემდე, სხვადასხვა ბიზნესს სტრუქტურებს შეფარებული, აგრძელებენ „კრემლის“ დავალებების შესრულებას. ანალოგიური მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაშიც: ე.წ. „პუტინს გამოქცეული ლტოლვილები“, ადგილობრივ აგენტურასთან ერთად, თბილად და უსაფრთხოდ მუშაობენ საქართველოს „პუტინიზაციისთვის“.

P.S. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2 დეკემბერს საღამოს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მართებულად ცნო. ამრიგად 8 დეკემბერს მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს კელინ ჯორჯესკუ და ელენა ლასკონი დაუპირისპირდებიან.