"მომიტინგეებს ვურჩევ, სპეცრაზმელები გადაიბირონ..." - ეროვნული კატასტროფის "აჩრდილი": არის თუ არა პროცესების დამშვიდების შანსი?! - კვირის პალიტრა

"მომიტინგეებს ვურჩევ, სპეცრაზმელები გადაიბირონ..." - ეროვნული კატასტროფის "აჩრდილი": არის თუ არა პროცესების დამშვიდების შანსი?!

პოლიტიკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დაწყებული პროტესტი უკვე შეუქცევადი გახდა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საპროტესტო მუხტის გადატეხვას ისევ შეეცდება, თუმცა - ძალიან გაუჭირდება. მისი თქმით, ხელისუფლებამ ან საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს, ან უნდა თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა.

გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა?!

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კიდევ უფრო მეტ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, იმიტომ, რომ ეს პრემიერის კი არა პრეზიდენტის პრეროგატივაა, პრეზიდენტი კი ამას არ გააკეთებს...

არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ხელისუფლებამ დიალოგის საშუალებით შეძლოს ვითარების განმუხტვა. იმედიც მაქვს, რომ მმართველი გუნდი საბოლოოდ მაინც არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებას.

- მმართველი გუნდის ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები ასეთ განცდას ტოვებს? მაგალითად, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობს, რომ საზოგადოების პოლარიზაცია ხელოვნური პროცესია, რასაც რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ჯგუფები უწყობენ ხელს.

- მმართველი გუნდის ასეთი განცხადებები ლოგიკურია, სხვაგვარი საუბარი კაპიტულაცია იქნებოდა. უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კიდევ უფრო შეუვალი და პრინციპული განცხადებებიც ვიხილოთ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე საბოლოოდ არ დარწმუნდებიან, რომ პროტესტს ვეღარ ერევიან. ჯერჯერობით იმედი აქვთ, რომ პროტესტს შიშით გადატეხავენ. ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მიტინგის დაშლა არ არის. ეს არის შიშის დანერგვის მცდელობა აქტივისტებში. ისიც ცალსახაა, რომ აქტივისტები დანებებას არ აპირებენ. ახლა საკითხი ასე დგას - ვინ ვის აჯობებს, ვინ ვის გამოფიტავს. ძნელია იმის თქმა, ეს პროცესი როდემდე გაგრძელდება. მე მაინც მგონია, აქტივისტები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, ქვების სროლა და პიროტექნიკის გამოყენება არანაირ შედეგს არ იძლევა. საბაბი არ უნდა მისცენ ხელისუფლებას, რომ მერე ძალის გადამეტება გაამართლოს.

- ვითარებას ის ფაქტი ხომ არ ართულებს, რომ ამ პროტესტს ორგანიზატორები არ ჰყავს?

- სწორედ ამის თქმა მინდოდა - როდესაც აქცია თვითორგანიზებით იკრიბება, პროცესების გაკონტროლება ძალიან რთულია, მაგრამ მე იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები მიხვდებიან, რომ აუცილებელი არ არის ქვების სროლა და პიროტექნიკის გამოყენება. ხელისუფლებისთვის ისედაც პრობლემაა პერმანენტული აქციები.

"პიროტექნიკით სპეცრაზმს ვერაფერს დააკლებენ, გულის მოფხანა საჭირო არ არის"

ძალიან მნიშვნელოვანია, სპეცრაზმელებმა გაათვითცნობიერონ, რომ სრულიად მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. რამდენიც უნდა ისაუბრონ ვიღაცებმა, რომ სპეცრაზმელები ბარიკადების სხვა მხარეს დგანან, მაინც არ გამოვა ამ ხალხის მოკვეთა. მცირერიცხოვან ერს ამის უფლება არ აქვს. მესმის, რომ ძალიან რთულია, მაგრამ აქციის მონაწილეები უნდა შეეცადონ, რომ სპეცრაზმელები გადმოიბირონ. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ თუ აქციის მონაწილეები ნერვებს დაიოკებენ, პროცესი თავისით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიძვრება. ამის არა ერთი მაგალითი ყოფილა 1988, 1989 და 1990 წლებში. როდესაც დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ერთსა და იმავე ხალხს ხვდები, განწყობებში გარდატეხა ხდება - ფსიქოლოგიური მომენტია.

- რა მოხდება, თუ აქციის მონაწილეებიც არ გაითვალისწინებენ თქვენს რჩევას და ხელისუფლება პრინციპულად უარს იტყვის არჩევნების ხელმეორედ ჩატარებაზე?

- მაშინ სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა გაიაზროს, მართლა წელში რომ გადატეხოს ეს პროტესტი - დააშინოს და მოღალოს ეს ახალგაზრდები, მათი განწყობები ჰაერში უკვალოდ არ გაიფანტება. მე ყველაზე მეტად დაპაუზებული პროტესტის მეშინია. იმიტომ რომ ამან შეიძლება ძალიან მოულოდნელად იფეთქოს და ძალიან სავალალო შედეგი მოიტანოს. ეროვნული ხიფათი სწორედ ამ დაპაუზებულ პროტესტშია.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)