მამაშვილური სკანდალი: როგორ და რატომ შეიწყალა ჯო ბაიდენმა თავისი შვილი - ამერიკის პრეზიდენტს ტრამპის შეეშინდა?!
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დემოკრატებმა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მისი ვაჟის შეწყალებაზე მკაცრად გააკრიტიკეს“ (ავტორი - ჯეიმს პოლიტი), რომელშიც მიმოხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი, გამოხატული თავისი ოჯახის წევრის, საკუთარი ვაჟის - ჰანტერ ბაიდენის შეწყალებით. „ვრცელდება ათასგვარი ხმა, თუ რატომ შეიწყალა ჯო ბაიდენმა თავისი შვილი“, - აღნიშნულია სტატიაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
რატომ შეიწყალა ჯო ბაიდენმა ჰანტერ ბაიდენი
როცა ჯო ბაიდენი და მისი შვილი ჰანტერი მადლიერების დღის აღნიშვნის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდნენ, რამდენიმე ამერიკელმა კანონმდებელმა, დემოკრატიული პარტიიდან, თავიანთი ლიდერი გააკრიტიკა, რომ მან თავისი უფლებამოსილება პირადი მიზნებისათვის გამოიყენა - თავისი შვილი სასამართლო დევნისაგან დაიფარა იმ დანაშაულების გამო, რომელიც ჰანტერ ბაიდენმა ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩაიდინა. არადა, ყველას ახსოვს, რომ ჯო ბაიდენი რამდენიმე თვის წინ საჯაროდ აცხადებდა - გეფიცებით, შვილს არასოდეს შევიწყალებო.
„პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და მათი ნათესავების მიმართ განსაკუთრებული მიდგომები არ უნდა არსებობდეს. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არის პრეზიდენტის უფლებამოსილების არასათანადო გამოყენება, რომელიც ძირს უთხრის აშშ-ის ხელისუფლების ტრადიციებს და ხელს უწყობს პრეცედენტის შექმნას სხვა ადამიანების მოქმედებისათვის - მათაც მიბაძონ პრეზიდენტს და გვერდი აუარონ მართლმსაჯულებას, თავიანთი ვიწრო ინტერესების განსახორციელებლად“, - აღნიშნა ჰერი პიტერსმა, დემოკრატმა სენატორმა მიჩიგანის შტატიდან, თავის „იქს-ქსელში“.
დემოკრატიული პარტიის ბევრი წევრისათვის ჯო ბაიდენის ქმედება საკუთარი შვილის შეწყალებაზე, რომელიც ფედერალურ დონეზე იყო გასამართლებული იარაღის უკანონოდ შენახვისა და ფედერალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, პარტიისადმი მიყენებულ უკანასკნელ დარტყმად იქნა აღქმული, რომელიც ისედაც ძალზე ცუდ დღეში ჩავარდა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო.
დემოკრატები შიშობენ, რომ ჯო ბაიდენის ნაბიჯი პარტიის ავტორიტეტისა და მისი წევრების რეპუტაციისათვის დამამცირებელია. გამოდის, რომ პრეზიდენტი თვალთმაქცობდა, როცა საჯაროდ აცხადებდა, „ჩემს შვილს არ შევიწყალებო“.
„ჯო ბაიდენს თავისი დაპირება არ უნდა დაერღვია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტიმ კეინმა, დემოკრატმა სენატორმა, ვირჯინიის შტატიდან.
მარი გლეზენკა პერესმა, კონგრესმენმა ვაშინგტონის შტატიდან, აღნიშნა, რომ „ჯო ბაიდენის მიერ საკუთარი ვაჟის შეწყალება ადასტურებს გავრცელებულ აზრს, რომელიც ვაშინგტონში მოვისმინე - მართლმსაჯულების ორდონიან სისტემას ხშირად იყენებენ ისეთი პირები, რომლებსაც გავლენები აქვთო. ძალზე სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს შორის აშშ-ის პრეზიდენტიც აღმოჩნდა. ვფიქრობ, ჯო ბაიდენმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. არც ერთი გავლენიანი ოჯახი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს“.
ბაიდენს ტრამპის ეშინოდა?!
როცა ჯო ბაიდენი გუშინ, ორშაბათს, ანგოლაში ვიზიტით გაემგზავრა, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარენ ჟანპიერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გასულ შაბათს მიიღო და იგი „საკუთარ თავს ებრძოდა“. საბოლოო ჯამში, ჯო ბაიდენზე გავლენა მოახდინა იმ შიშმა, რომ იუსტიციის სამინისტრო, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში, მისი ვაჟის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას განახორციელებდა.
„ჰანტერი გამორჩეული პიროვნებაა - იმიტომ, რომ მისი გვარი ბაიდენია და იგი პრეზიდენტის შვილია“, - თქვა კარენ ჟანპიერმა, - "ვფიქრობ, [ჯო ბაიდენს] გულწრფელად სჯეროდა, რომ მისმა შვილმა [ბევრი წვალება გადაიტანა] და საკმარისი იყო“.
ზოგიერთმა ზომიერმა რესპუბლიკელმა, ასევე, დაგმო პრეზიდენტის ნაბიჯი შვილის შეწყალებაზე: „ეს გადაწყვეტილება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისადმი დაცინვას წარმოადგენს. ყველა პასუხისმგებლი უნდა იყოს თავის მოქმედებაზე, კანონის შესაბამისად“, -განუცხადა ჟურნალისტებს სენატორმა ლიზა მურკოვსკიმ, ალასკას შტატიდან.
საინტერესოა, რომ თეთრ სახლში მოწყობილ სადღესასწაულო საღამოზე ჯილ ბაიდენმა - აშშ-ის პირველმა ლედიმ - მტკიცედ დაუჭირა მხარი თავისი ქმრის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და საჯაროდ განაცხადა: „რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ჰანტერის შეწყალებას“.