გამოცხადდება თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა?! - რას გეგმავენ ამერიკელები - კვირის პალიტრა

გამოცხადდება თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა?! - რას გეგმავენ ამერიკელები

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გავრცელდა ვერსია, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, პროცესების შემდგომ განვითარებასა და დასავლეთის რეაქციებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.

"ხელისუფლებას ეშინია, რა მოხდება კომენდანტის საათის დროს"

- ჩემი ვერსიით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას უკვე გამოაცხადებდა, მაგრამ კომენდანტის საათის მასობრივი იგნორირების ეშინია. ზოგადად, კომენდანტის საათი მასობრივი გამოსვლების დროს ნეგატიური ემოციის აქსელერატორია. როდესაც ადამიანს სამართლდამრღვევად აცხადებ, ის უფრო აგრესიული ხდება, ხოლო ადამიანების მასობრივად გამოცხადება სამართალდამრღვევებად, უკვე ძალიან სახიფათოა. ეს ცნობილი ამბავია და, წესით, „ქართული ოცნება“ ამაზე არ უნდა წავიდეს. თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო გუნდში ემოციური ფონია შექმნილი და არ გამოვრიცხავ, რომ არარაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ.

- მოქმედების სხვა რესურსი აქვს ხელისუფლებას ასეთ ვითარებაში?

- წესით, ხელისუფლება მზად უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ამ პროტესტთან ძველი მეთოდებით გამკლავება შეუძლებელი იქნებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ახლა მთელი დასავლეთი გამადიდებელი რადარებით აკვირდება. გარდა ამისა, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - ოპოზიცია დისკრედიტირებულია საზოგადოების თვალში. ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა პოლიტიკური ოპოზიცია უკვე გამოაცხადა საპროტესტო ტალღის განმუმხტველ ძალად. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თავდაპირველად გამოსვლებს იწყებენ აგრესიული რიტორიკით, მერე ელოდებიან პროტესტის განელებას და გარიგებაში შედიან ხელისუფლებასთან. საზოგადოება ისევ მზად იყო ამისთვის და უარი უთხრა ოპოზიციას პროტესტის მართვაზე. ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს სახალხო პროტესტი. ხელისუფლება გაოგნებულია! მმართველი გუნდის ლიდერები ისევ ოპოზიციის პოზიტიური როლის იმედად იყვნენ. მათ არ იციან ოპოზიციური პარტიების „თანადგომის“ გარეშე როგორ უნდა მართონ პროცესი. როდესაც ახალგაზრდებმა ოპოზიციას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს, ამით ხელისუფლებას ხელიდან მთავარი იარაღი გამოაცალეს. თითქმის ყველა იმ სტატიაში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იბეჭდება დასავლურ ელექტრონულ თუ ბეჭდვურ მედიაში, ამ უცნაურობას განიხილავენ. ე.ი. ყველა გაოცებულია, ოპოზიციისადმი ხალხის უნდობლობით.

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო საქართველოში უნიკალურ პროცესს აკვირდება.

პირველი შემთხვევაა, როდესაც ხალხმა უარი უთხრა ოპოზიციას სიტუაციის მართვაზე და სრულიად დამოუკიდებლად შექმნა ძალის სერიოზული პროცესი.

მართლა უნიკალური ამბავია და ძალიან რთულია ამ პროცესის პროგნოზირება.

- სხვათა შორის, ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტები ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, ასეთი პოსტი ვნახე: ჯერ ამ ხელისუფლებას მოვიშორებთ და მერე ოპოზიციას მოგხედავთო.

- მართლაც ძალიან საინტერესო პოსტია და სრულად ასახავს ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებას. დღეს უკვე გაურკვეველია, ოპოზიციურ ელექტორატს ვინ უფრო მეტად ეზიზღება - ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ხალხს ყელში ამოუვიდა ოპოზიციის ფარული და უცნაური თამაში.

- როგორ გგონიათ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს და ან როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი?

- ეს არავინ იცის. მე იმის მეშინია, ქართველი ხალხის ენერგეტიკის დამცრობა ხელისუფლებას ცუდად არ მოუტრიალდეს. ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი გამარჯვების არ სჯეროდა და პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან რიგდებოდა, საზოგადოებას იმედს უცურუებდა და მათში არსებულ საპროტესტო მუხტს ყოველთვის ანელებდა. ახლა, როცა ხალხმა წინასწარ გამოუცხადა ოპოზიციას უნდობლობა, არავინ იცის, როდის განელდება ან, საერთოდ, განელდება თუ არა საპროტესტო მუხტი. მხოლოდ საქართველოს თვალსაზრისით კი არა, მსოფლიო პოლიტიკაშიც კი უნიკალური მოვლენაა. ქართველი ხალხი ახლა მსოფლიო ისტორიას წერს. ახლა მთელი ცივილიზებული სამყარო აკვირდება, როგორ განვითარდება რეალური სახალხო პროტესტი. ამ მოცემულობაში ძალიან ძნელია დასკვნების წინასწარ გაკეთება. რაც შეეხება ხელისუფლებას, არსებობს ოქროს კანონი - ხალხის მასობრივ პროტესტს მსოფლიოში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უძლებს.

- ჩვენ მოვისმინეთ სენატორების - ჯიმ რიშის (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) განცხადებები იმის თაობაზე, რომ„ დროა, აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ - ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება“. რაში გამოიხატება ამერიკელების უქმად არ ყოფნა?

- ცოდვა გამხელელი სჯობს და საქართველოს ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის ამუშავებას ელოდება.

- ტრამპის ადმინისტრაციისთვის დალოდება რომ ნდომოდათ, ირაკლი კობახიძე რატომ გააკეთებდა განცხადებას ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ?

- საქმე ისაა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ აქსელერაციის შინაარსი ბოლომდე გახსნილი არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ შეეშალათ... შესაძლოა, კობახიძე და, სხვათა შორის, ივანშვილიც, ასეთ მასშტაბურ საზოგადოებრივ პროტესტს არ ელოდნენ. სავარაუდოდ, იფიქრეს, რომ ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობას დაიწყებდა, ესენი მცირე პროტესტს გამოიწვევდნენ და ხალხს მოღლიდნენ... ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურმა ფანდმა არ გაამართლა. ივანიშვილს სტრატეგიულად ნამდვილად ტრამპზე აქვს ფსონი დადებული, რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა. ამერიკელმა ხალხმა ტრამპი აგრესიული პოლიტიკის გატარებისთვის მოიყვანა ხელისუფლებაში. ამიტომ აგრესიული პოლიტიკის ადრესატები უნდა ვეძებოთ. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ესენი არიან ჩინეთი და ირანი.

აქ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორია - თუ რუსეთი ჩინეთს და ირანს არ ჩაეხსნება (რაც ნამდვილად შეუძლებელია), მაშინ ტრამპი ვერაფერს მისცემს ვერც რუსეთს და ვერც რუსეთზე ორიენტირებულ საქართველოს ხელისუფლებას. პირიქით, მთავარი სამიზნეებიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ. ვაშინგტონი რომ რუსეთის მიმართ მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს, ამაზე სირიაში განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს. იქ ტრამპის ადმინისტრაციაზე ორიენტირებულ ერდოღანს ხელ-ფეხი გაუხსნეს, მან კი თავის ყოფილ მოკავშირეს - პუტინს შეუტია. რუსებმა ოთხი წლის განმავლობაში ნაკოწიწებით შექმნილი გავლენის სფერო ოთხ დღეში დაკარგეს. რუსეთს სირიაში იმდენად დიდი პოლიტიკური დარტყმა მიაყენეს, რომ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ასეთი დარტყმა სხვა მიმართულებითაც იქნება? ეს სხვა მიმართულება კი უკრაინა და საქართველოა. ამიტომ ვამბობ, რომ ივანიშვილის მიერ ტრამპზე დადებული ფსონი მისთვის შეიძლება ძალიან დიდი იმედგაცრუების მიზეზი გახდეს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)