სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ - დანიშნულების ადგილი, რომლისკენაც დღესაც ვისწრაფვით - კვირის პალიტრა

სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ - დანიშნულების ადგილი, რომლისკენაც დღესაც ვისწრაფვით

კონსტანტინოპოლი-მარსელი-პარიზი-რომი, იტალიის სხვა ქალაქები, ბოლოს კონსტანტინოპოლი და თურქეთის გავლით საქართველო - ეს სულხან-საბა ორბელიანის მარშრუტია 1714-1715 წლებში, დაახლოებით 300 წლის წინ, როცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები გამოიკვეთა.

თუ მაშინ ევროპასთან დაახლოებაზე მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებნი ფიქრობდნენ, დღეს ის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის არჩევანია.

სულხან-საბა ორბელიანის აღნიშნული მარშრუტი მისი ჩანაწერების მიხედვითვეა დადგენილი. მისი დღიურებისგან შედგენილი წიგნი „მოგზაურობა ევროპაში“ გვიამბობს ავტორის იმ გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, რომელიც მან დასავლეთ ევროპაში მოგზაურობისას მიიღო. წიგნის სათაური პირობითი და არაავტორისეულია, სულხან-საბას ჩანაწერების დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, იშვიათია მისი ხელნაწერიც. მეცნიერთა აზრით, „მოგზაურობის“ ტექსტის დიდი ნაწილი დაკარგულად უნდა ჩაითვალოს.

სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ პირველი ნიმუშია ქართული მხატვრულ–დოკუმენტური პროზისა. მან „მოგზაურობის“ წიგნით ქართულ მწერლობაში მანამდე უცნობი ლიტერატურული ჟანრი დაამკვიდრა. შემდგომ საბას მრავალი მიმდევარი გაუჩნდა: ვახტანგ ორბელიანი, იონა გედევანიშვილი, ტიმოთე გაბაშვილი, გიორგი ავალიშვილი და სხვები.

დღიურებში სულხან-საბა ორბელიანი მკითხველს საგანგებოდ აფრთხილებს: „რაც არ მინახავს, არ დავსწერო“. მისი აზრით, „გრძელი ამბავი თავის საწყენია“, ამიტომაც აღწერილობა მოკლედ და სხარტადაა გადმოცემული. ავტორი შენიშნავს: „ჰრომი ასეთია, ასს წელს სულ იაროს კაცმა, მისს საკვირველებას ვერც გაუვიდეს, ვერც დაასრულოს“.

სულხან-საბა უმთავრესად ეკლესია-მონასტრებსა და სასულიერო დაწესებულებებს ათვალიერებდა, ამიტომ „მოგზაურობაში“ მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ მათ აღწერას უკავია. გარდა ამისა, სულხან-საბა საუბრობს სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ჰავაზე, მოსახლეობის საქმიანობაზე, საყოფაცხოვრებო მხარეებზე, პოლიტიკური წყობილების ფორმაზე, მმართველობის წესებზე და ა.შ.

სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება და მოღვაწეობა

სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა - ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა - თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

ორბელიანი ახალგაზრდობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი ინიციატორი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციების ძიებისას ერთგული მხარდამჭერი. 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს ის იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წლის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯას იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, სწორედ ქართლის ახალი გამგებლის, ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში.

სულხან საბა-ორბელიანის ვიზიტი საფრანგეთის მეფესთან - ლუი XIV-სთან

ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს, სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-სა და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალეთისგან გასათავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის მონასტერში. ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად).

1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთში დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მალევე გარდაიცვალა მოსკოვში და ვსესვიატსკოეში დაკრძალეს.

სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება

გარდა მწერლობისა, სულხან-საბა ორბელიანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ „სიტყვის კონა“, რომელიც ნამდვილი საგანძურია ჩვენი ენისთვის.

ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“, რომლის შეგონებები ერგება ყველა დროსა და მოცემულობას ქვეყანაში.

მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას პერიოდულად გამოსცემს „პალიტრა L-ი“. გამომცემლობამ ერთ სერიაში გააერთიანა მისი მთავარი ნაშრომები და გაავრცელა მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიებში, რათა ახალი თაობებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის. სერიის სანახავად მიჰყევით ბმულს.

სულხან-საბა ორბელიანის შეგონებები და მისი ევროპული შეხედულებები შთააგონებს თაობებს, რომლებიც აგრძელებენ ევროპაში ინტეგრაციისთვის ბრძოლას.

R