"ალყაში იყო მეგობარ გოგოსთან ერთად, ორივეს მოხვდა ე.წ. გაზის კაფსულა - გოგოს ფეხში, ამას - სახეში" - რას ჰყვება აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ბიძა
ბიძის, იოსებ ჩანადირის თქმით, აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს „გაზის კაფსულა“ წარბის არეში მოხვდა.
მისი თქმით, ბიჭის მხედველობა არ არის დაზიანებული, მაგრამ ოპერაცია შეუჩერდა იმის გამო, რომ აქვს შეშუპება.
ბიძა იხსენებს დეტალებს, თუ რა ვითარებაში დაშავდა 22 წლის ბიჭი.
„როგორ ექიმებისგან ვიცით, დაზიანება არის საშუალო სიმძიმის. მარტივ ენაზე რომ გითხრათ, ხელოვნურად დააძინეს. ბებიას დაურეკა. უთხრა, რომ ალყაში იყო, ვერ გადიოდა. მეგობარ გოგოსთან ერთად იყო და ბებიასთან საუბრის დროს, გოგონას მოხვდა ერთი კაფსულა ფეხში, მეორე კაფსულა კი ამას მოხვდა სახეში. ის მომიტინგეებმა გამოიყვანეს.
ალექსი არის ძალიან უწყინარი, ყველაზე საყვარელი ბავშვი, რომლის მშობლებიც არიან ემიგრაციაში. „აყვავებული“ ქვეყნიდან არიან წასულები ლუკმა-პურის საშოვნელად," - განაცხადა მან.
ცნობისთვის, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.