CS ანუ "იასამნის აირი" - რა გაზს იყენებს სპეცრაზმი აქციების დაშლისას და როდის ხდება ის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში - კვირის პალიტრა

CS ანუ "იასამნის აირი" - რა გაზს იყენებს სპეცრაზმი აქციების დაშლისას და როდის ხდება ის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში

თბილისმა და მთელმა საქართველომ ბოლო მეხუთე ღამეც ბეწვის ხიდზე გაიარა...

ჩვენ თაობას, რომელიც 1991 წლის დეკემბრის თბილისის ომის თვითმხილველი გახდა, ნათლად ახსოვს ის საშინელება-ორმხრივი სროლები რუსთაველზე,სასტუმრო „თბილისიდან“ პარლამენტისკენ მიმართული ტანკისა და საზენიტო ქვემეხის ლულები და პარლამენტზე შვეულმფრენიდან ჩამოგდებული თვითნაკეთი ცეცხლგამჩენი დიდი „ბომბი“...

სწორედ ყველაფერი ამის მწარე გამოცდილება აძლიერებს იმის უდიდეს შიშს, რომ დედაქალაქის ცენტრში რამდენიმედღიანი ძალისმიერი დაპირისპირებას შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს და ყველაფერი არალეტალური აირის ყუმბარებიდან და პიროტექნიკიდან...ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე გადავიდეს...

ამ საშინელი და ქვეყნის დამღუპველი სცენარის გათამაშება კი სულაც მესამე ძალასაც ადვილად შეუძლია. მაგალითად, მორიგი „ფეირვერკის ღამის“ დროს, ერთმა შემოგზავნილმა პროვაკატორმა ორივე მხარეს ცეცხლსასროლი იარაღიდან თითო-თითო გასროლითაც კი(რის ხმას ჩაახშობს ფეიერვერკების ზალპი, მით უმეტეს,თუ ეს კომპაქტური იარაღი მაყუჩით იქნება აღჭურვილი) შეიძლება საქართველოში ახალი სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება მოახლოვოს...

462542893-1873796076480381-5408856609071919661-n-1733227814.jpg

ის კი, რაც საქართველომ გადაიტანა 1991-93 წლებში სამოქალაქო ომის სახით, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ვურჩევთ დღეს გაიმეოროს...

ახლა ერთი კონკრეტული საკითხი,რის გამოც ეს ბლოგი იწერება-„ფეირვერკების ღამეების“ გაშუქებისას ზოგიერთი ქართული სატელევიზიო არხის კორესპონდენტები მოვლენების ადგილიდან პირდაპირ ეთერში გაშუქებისას დაჟინებით იმეორებდნენ ერთსა და იმავეს-პოლიციური დანაყოფები ოპოზიციის მხრიდან ფეირვერკების გამოყენების საპასუხოდ ისვრიან...მხუთავი გაზის კაფსულებსო...

ის, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფები იყენებენ აირის შემცველ ყუმბარებს, ეს ტელეკადრებში არაერთხელ გამოჩენილა და ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ნუთუ ეს ყუმბარები მართლაც „მხუთავ გაზს“ აფრქვევენ?

არის თუ არა მხუთავი გაზი?!

რა თქმა უნდა არა - მხუთავი გაზია...ფოსგენი COCl2, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, მას შემდეგ საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებად ითვლება და აკრძალულია, როგორც ქიმიური იარაღი...

რას იყენებენ სპეცრაზმელები?!

რუსთაველის გამზირზე თეთრ კვამლს კი აყენებს სპეცრაზმელების მიერ გასროლილი ის აირის ყუმბარები,რომლებიც შეიცავენ არა მხუთავ, არამედ გამაღიზიანებელი მოქმედების CS-ის ტიპის აირს.

462557989-1302837324222869-7850247033673727409-n-1733227814.jpg

CS-ი, რომელსაც „იასამნის აირსაც“ კი ეძახიან აეროზულ მდგომარეობაში ვრცელდება აირის ყუმბარის გასროლისა და მიწაზე დაცემის შემდეგაც.

ამ აირს აქვს წიწაკის მსგავსი სუნი და მცირე კონცეტრაციის შემთხვევაში იწვევს ადამიანის თვალებისა(ცრემლდენას) და ზედა სასუნთქი გზების(ცხვირი-ყელი) გაღიზიანებას.

არის თუ არა "იასამნის აირი" სიცოცხლისთვის საშიში?!

მიუხედავად იმისა, რომ CS-ი არალეტალურ სპეციალურ საშუალებად ითვლება და მას იყენებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პოლიცია მიტინგების დასაშლელად, ამ აირის ძალიან დიდი კონცეტრაციით შესუნთქვის შემთხვევაში ადამიანს შეიძლება განუვითარდეს სასუნთქი ორგანოების პარალიჩი და ლეტალური შედეგიც კი დადგეს.

ამიტომაც, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიწაზე დაცემული და მხრჩოლავი ამ აირის ყუმბარების მიერ წარმოქმნილ „ღრუბელში“ დარჩენა, სასწრაფოდ უნდა განერიდოთ მათ...

რუსთაველის გამზირზე „ქიმიური ომების“ საშინელი ისტორია კი 1989 წლის 9 აპრილიდან იწყება(1956 წლის 9 მარტს საბჭოთა სამხედროებმა „კალაშნიკოვების“ ავტომატებიდან პირდაპირ მიუშვეს ჯერები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებისკენ, ყოველგვარი არალეტალური იარაღის წინასწარ გამოყენების გარეშე)...

462555047-1231584224561032-827056111890138872-n-1733227814.jpg

9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე ადამიანების მოწამვლა გამოიწვია Черёмуха-ს და CS -ის ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენებამ. დადასტურებულია მიტინგის დაშლაში აქტიურად მონაწილე, მოსკოვიდან თბილისში სპეციალურად გადმოსროლილი ძერჟინსკის დივიზიის (რომელიც საბჭოთა შინაგანი ჯარების ელიტარულ შენაერთს წარმოადგენდა) მე-4 მოტომსროლელი პოლკის მეთაურის მიერ გაცემული ბრძანება CS - ის შემცველი არანაკლებ ოთხი ხელყუმბარის მომიტინგეთა რიგებში გადაგდების შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ უფრო მასობრივად გამოყენებულ Черёмуха-ს ხელყუმბარებზე, რომელიც საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებაა და მისი მეორე, სამხედრო დასახელება - CN-ია.

CN-ი, იგივე ქლორაცეტეფენონი, რომელსაც საბჭოთა პერიოდში Черёмуха-ს სახელით აწარმოებდნენ, 10-ჯერ უფრო ტოქსიკურია CS -სთან შედარებით და მის „ღრუბელში“ 5 წთ-ზე მეტხანს ყოფნა ძალზე სახიფათოა, ამიტომაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საპოლიციო სტრუქტურები CN-ის ნაცვლად უფრო სუსტ CS -ს იყენებენ.

462577220-571752235810455-7168849059204257550-n-1733227813.jpg

ისე კი პრაქტიკამ აჩვენა, რომ CN-ის უფრო ძლიერი აირი ნაკლებად მოქმედებს ალკოჰოლურ ან ნარკოტიკულ თრობაში მყოფ ადამიანებსა და აგრესიულ ძაღლებზე, მაშინ როდესაც, შედარებით სუსტი CS -ის მოქმედებას რატომღაც უფრო გრძნობენ ზემოთხსენებულ მდგომარეობაში მყოფი პირები...

9 აპრილს რუსთაველის გამზირზე „ქიმიური ომის“ მოწყობა კრემლის სინდისზე იყო, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველად მაშინდელმა ხელისუფლებამ გაიმეორა, რასაც მოჰყვა 2011 წლის 26 მაისის „ბართლომეს ღამე“ იმავე რუსთაველზე...

მას შემდეგ ეს „ქიმიური ესტაფეტა“ ახალმა ხელისუფლებამ მიიღო და დღესაც აგრძელებს...

P.S. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აირის ყუმბარების გასროლა სპეციალური თოფის გამოყენებით უნდა განხორციელდეს უხიფათო დისტანციიდან ბალისტიკური ტრაექტორიით და არა პირდაპირი სროლით რამდენიმე მეტრიდან, რადგან ამ დროს ძლიერ დამაზიანებელ საშუალებად შეიძლება იქცეს არა აირი, არამედ თავად ყუმბარა, რომელიც თავის მასით ახლო მდგარ ადამიანს სხეულზე ძლიერ მექანიკურ დაზიანებას მიაყენებს - 2007 წლის 7 ნოემბერს რიყეზე მომიტინგეს ფეხის ძვალი ასე დაუმსხვრიეს...

P.S.S. თუკი საბოლოოდ დადგინდა, რომ 22 წლის ახალგაზრდამ 2-3 დეკემბრის ღამეს მძიმე დაზიანება თავის არეში სწორედ აირის ყუმბარის პირდაპირი მოხვედრით მიიღო ახლო მანძილიდან დამიზნებით სროლის შემდეგ, ეს ძალიან ცუდი იქნება...