გაიმართება თუ არა უპრეცედენტო "სუპერთოქშოუ" პირდაპირ ეთერში?! - ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს.
როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში გაიმართება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „სხვანაირად გაიგო“, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დისკუსიის მზადყოფნა გამოთქვეს.ამასთან, დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ მთლიანობაში მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს, თუმცა თინა ხიდაშელის თქმით, დებატები 1/1-ზე უნდა იყოს, „ან იმის გათვალისწინებით, რომ მზადყოფნა მიხეილ ჯანელიძემაც გამოთქვა, 2/2-ზე და კობახიძეს შეუძლია, ვინც სურს, ის წამოიყვანოს“.
"ინტერპრესნიუსი"