"თუ გვექნება დასაქმების საშუალება და ნორმალური პირობები, აუცილებლად დავბრუნდებით. ვფიქრობთ წამოსვლას, მაგრამ..."
ქალბატონი ლალი ჩუბინიძე საქართველოში მშვიდი, დიასახლისური ყოფით ტკბებოდა,
ოჯახში ფუსფუსებდა, მაგრამ მას მერე, რაც ქმარ-შვილთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, ბევრი საქმე შეითავსა. თავიდან, როგორც ყველა ემიგრანტი, მოხუცს უვლიდა, მერე ბავშვს, დამლაგებლობაც შეითავსა, შემდეგ კი მართვის მოწმობა აიღო და დღეს ტაქსის მძღოლია.
- წლების წინ კავშირგაბმულობა შევისწავლე, მაგრამ სპეციალობით არასდროს მიმუშავია. ვცხოვრობდი, როგორც ერთი უბრალო ქალი, დიასახლისი. წარმოშობით დასავლეთიდან ვარ, იმერელი, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. მეუღლე სამცხე-ჯავახეთიდან, კერძოდ - ვარძიიდანაა. ჩემი სურვილი სიკეთის კეთება და ახალჩამოსულების დახმარებაა. მეც ხომ ანალოგიური გზა გამოვიარე, სტრესი, ნერვიულობა გამოვცადე. ემიგრანტული ცხოვრება ძალიან რთულია. დღესაც კი მაქვს გამოყოლილი წარსულის კადრები.
- რას გულისხმობთ?
- პირველი ორი წელი კრიზისია ადამიანის ფსიქიკისთვის, უცხო გარემოს რომ შეეგუო.
- ამერიკაში საცხოვრებლად მთელი ოჯახი წახვედით, ხომ?
- კი, მეუღლემ მოიგო ე.წ. გრინკარტა და 10 წლის წინ წამოვედით. მოგება სასიხარულო იყო, მაგრამ ჩემი ოცნება არ ყოფილა ამერიკაში ცხოვრება, არც მიფიქრია ამაზე, მაგრამ მოვიგეთ და, - ბედი ვცადოთ, თუ გაგვიმართლებს, ხომ კარგი, თუ არადა, უკან დასაბრუნებელი გზა გვაქვსო, - თქვა ჩემმა მეუღლემ. რუსთავში ვცხოვრობდით და ის ბინა გავყიდეთ, მაგრამ რაიონში, ვარძიაში გვაქვს სახლი. ცდა ბედის მონახევრეა და ღვთის წყალობით, გაგვიმართლა. დღესდღეობით, ჩვენი საკუთარი სახლი გვაქვს.
- 10 წლის წინაც ბევრი ქართველი იყო ამერიკაში?
- მაშინაც საკმაოდ ბევრი ქართველი იყო... პირველად მეუღლის მამიდის სახლში, სან-ხოსეში მივედით, კალიფორნიაში. ახლაც ამ შტატში ვართ, უბრალოდ, ქალაქი შევიცვალეთ. 2 კვირა ვიცხოვრეთ ნათესავთან, აზრზე მოვედით და მერე შევიცვალეთ ბინა. უენობის გამო მიჭირდა. დღემდე მაქვს მცირეოდენი ბარიერი, როცა ინგლისურად ვლაპარაკობ, მაგრამ მესმის და თავს ვართმევ. ხან ტაქსიზე ვმუშაობ, ხან "დელივერზე". მართვის მოწმობა აქ ავიღე, საქართველოში კი საჭესთან არც ვმჯდარვარ. პლუს, დამატებით მაღაზიაშიც ვმუშაობ...
- პირველი საქმე რა იყო, რომელიც იშოვეთ...
- თავიდან ბავშვებთან და მოხუცთანაც ვმუშაობდი, დალაგებაზეც, ბოლოს კი მანქანის საჭეს მივუჯექი (იცინის).
- ყველაზე რთული რომელი საქმე იყო?
- ჩემთვის არაფერი იყო რთული, მხოლოდ უცხო ქვეყანასთან შეგუება მიჭირდა, ჩემი საყვარელი ხალხის და ოჯახის წევრების მონატრება მტანჯავდა. საერთოდ, სადაც უნდა იცხოვრო, მთავარია, ხელი გაანძრიო, შრომა არ დაგეზაროს და ყველაფერი გამოგივა. თუ რისკიანი ხარ და მიზანდასახული, აუცილებლად მიაღწევ საწადელს.
- თუმცა ყველაზე ახლობლები - ქმარი და შვილი გვერდში გყავდათ...
- კი და ეს მიმსუბუქებდა მდგომარეობას; კიდევ ის, რომ აქაური ემიგრანტები ჩემს ოჯახს მხარში ამოუდგნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას და ეს რომ გვახსოვს, ახლა ჩვენ ვცდილობთ, ახალჩამოსულებს ემიგრანტობის პირველი ნაბიჯები შევუმსუბუქოთ.
- ორი შვილი გყავთ, არა?
- დიახ. აქ რომ ჩამოვედით, ჩემი ვაჟი 5 წლის იყო და მალევე, ნულ კლასში შევიყვანეთ, გოგონა კი ამერიკაში დაიბადა.
- სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, შვილებთან თქვენი დიალოგი მესმოდა. ქართულად კარგად ლაპარაკობენ.
- კი, რადგან ოჯახში ქართულად ვლაპარაკობთ. ვაჟი ახლა 14 წლის არის, გოგო - 7-ის. ის ცდილობს, ინგლისურად ილაპარაკოს, თითქოს ასე უფრო უადვილდება, მაგრამ ძმა უშლის. ყოველ ინგლისურად ნათქვამ წინადადებაზე ეუბნება: "ვერ გავიგე?" და მერე ისიც ქართულად ეუბნება. თუმცა, აქ დაბადებულ ბავშვებს მაინც უჭირთ, სხვანაირად აზროვნებენ, თითქოს მესამე პირში საუბრობენ. ჩემი უმცროსი შვილიც სიტყვებს ამახინჯებს, მაგრამ ეს არაფერი, ვიცი, რომ მშობლიურ ენას არასდროს დაკარგავს... ბიჭმა ანბანი იცის და წიგნის წაკითხვაც შეუძლია. ზოგადად, მათ არაფერს ვაძალებ, მაგრამ საქართველოში ვიყიდე ქართულ-ინგლისური წიგნი "საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები". თუ ქართულად ვერ შეძლებ გაგებას, ინგლისურად წაიკითხე, რათა იცოდე, სად რა არის-მეთქი. გოგონა ახლა ჩავწერე ქართულის გაკვეთილებზე.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- მეუღლე ხელობაზე მუშაობს: ფანჯრების ჩასმა, ლამინატის დაგება... კომპანია აქვს და ჩვენი შრომის და ღვთის წყალობით, მშვენივრად ვართ. ერთადერთი, იმას ვდარდობ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს დავშორდი. თორემ ვერ ვიტყვი, რომ 10 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ვნანობ. აქ ჩემი შვილების საუკეთესო მომავლისთვის ვარ.
- რამდენად რთულიa ამერიკული მართვის მოწმობის აღება?
- საქართველოში მართვის მოწმობა არ მქონდა. აქ გამოცდების ჩაბარება არაა რთული. მიღებულია სხვა ენაზე ჩაბარებაც, მაგალითად, რუსულად. სულ 100 ბილეთია. პრაქტიკული ნაწილიც შედარებით იოლია. საქართველოში ერთ ზოლში რომ ლამის სამი მანქანა დადის, აქ ასე არ არის. ყველაფერი მოწესრიგებულია და მართვაც გიადვილდება.
- ემიგრაციაში ყოფნის პლუს-მინუსებზე რას მეტყვით?
- საქართველოში იცი, როგორი შუალედით გვიწევდა ჩამოსვლა? - 3-4 წელი და ამ დროის მანძილზე, ყოველ ჯერზე სულ უფრო გაოცებული ვიყავი, იმხელა განსხვავება მხვდებოდა თუნდაც, ფასებში. კარგისკენ არ გვაქვს საქმე, თორემ ქვეყანა არ დაიცლებოდა ხალხისგან. ვინც საბუთით მოდის, იმედი აქვს, რომ აქ ცხოვრებას აიწყობს, მაგრამ უსაბუთომ იცის, ბევრი წვალება მოუწევს ფეხზე დასადგომად, მაგრამ მაინც რისკავს. სამშობლოში თუ კარგადაა, აქ რატომ გამოიქცევა?
იცით, საქართველოში დავკმაყოფილდებოდით იმით, რაც გვექნებოდა, მაგრამ აქ ხომ უკეთესი ცხოვრებისთვის ჩამოვედით. თუმცა, სხვამ რომ თქვას, ნეტავი იმათ, ამერიკაში არიან და რა უჭირთო, არც ეგრეა. მერწმუნეთ, ძნელია ემიგრანტული ცხოვრება. მე აქ ქმარი გვერდში მიდგას და შვილები მყავს, სხვებს კი ენატრებათ, მათ სანახავად წლობით ვერ მიდიან. ისინი ძალიან ბევრს უძლებენ...
- იმედია, ბავშვებს მოსწონთ საქართველოში ყოფნა.
- 3 წელიწადში ერთხელ ვახერხებთ ჩამოსვლას. კი, ძალიან მოსწონთ საქართველო, მაგრამ უფროსი ამბობდა (მაშინ 12-13 წლის იყო), - უკეთესი სიტუაცია და დაბალი ფასები რომ იყოს, აქ ცხოვრებას არაფერი აჯობებდაო. ამაზე გაამახვილა ყურადღება. ხომ იცით, ბავშვებს ტკბილეულობა როგორ უყვართ და ავუხსენი, რომ დოლარის კურსით არ უნდა განვიხილოთ ფასები, მხოლოდ რიცხობრივად და აქაურi ფასები იქაურს რომ შეადარა, დიდი სხვაობააო. პატარა კი იმ ასაკშია, სადაც წაიყვან, ყველგან მოსწონს (იცინის).
- არჩევნებზე იყავით?
- რა თქმა უნდა. თუმცა, რამდენად აისახა ჩვენი ხმები, ეგაა მთავარი. სან-ფრანცისკოში, 2 საათის სავალზე მოგვიწია წასვლამ. სხვათა შორის, ლოს-ანჯელესიდანაც ჩამოვიდნენ: იქიდან სან-ფრანცისკომდე 8-საათიანი სამანქანო გზაა... რიგები იდგა ნიუ-იორკშიც. ძალიან გულსატკენია, ჩვენს ქვეყანაში კანონი რომ არ კანონობს...
- დაბოლოს, რა შემთხვევაში დაბრუნდებოდით შინ?
- თუ გვექნება დასაქმების საშუალება და ნორმალური პირობები, აუცილებლად დავბრუნდებით. ვფიქრობთ წამოსვლას, მაგრამ... გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როცა რაღაცას შევქმნი, მაგრამ ვის შევუქმნა? სულ რომ არაფერი მქონდეს და ცხოვრება დალაგდეს, 70%-ით დარწმუნებული ვარ, წამოვალ, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო? ჩემმა დისშვილმა მანდ დაამთავრა სასწავლებელი. როცა ბავშვი ნიჭიერია, გრანტს იღებს და წარმატებით ამთავრებს უნივერსიტეტს, გეკითხებით, რატომ უნდა ჰქონდეს დასაქმების პრობლემა? სამაგიეროდ, თუ ფული აქვს მის მშობლებს და "ზევიდან" ჰყავს ვიღაც ძლიერი, მას პრობლემა არ ექმნება. ცოდნა არ ფასობს და ეგაა უბედურება. ამერიკა კი საშუალებას იძლევა, ნებისმიერ ასაკში ისწავლოს, პრაქტიკაც გაიაროს, სადაც წასახალისებლად გარკვეულ თანხას უხდიან, აკვირდებიან და აუცილებლად ასაქმებენ. ჩვენთან შრომაც კი არ ფასდება და ღმერთმა ქნას, ოდესმე ეს მიდგომა შეიცვალოს, დაფასდეს სწავლაც, შრომაც და ადამიანურ ღირებულებებზე გაკეთდეს აქცენტი.
ლიკა ქაჯაია