ბულდოზერის დანა ბარიკადების გასაწმენდად, ავზები წყლით, ცრემლსადენი აირითა და ქაფით - რას წარმოადგენს ორლულიანი წყალმტყორცნი - მიტინგების მთავარი დამშლელი
ექვსდღიანი „ფოიერვერკების ღამე“ რუსთაველის გამზირზე გრძელდება და შემდეგ, გამთენიისას, სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც ინაცვლებს, როდესაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები მომიტინგეებს უკან დახევას აიძულებენ, ძირითადად, სპეციალური წყალმტყორცნი მანქანების გამოყენებით.
როგორც ჩანს, შსს ადრეულად მოემზადა და შეისყიდა ისეთი თანამედროვე წყალმტყორცნი მანქანები, რომლებსაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იყენებენ.
ბოლო დღეების მიტინგების დაშლისას გამოიყენება რამდენიმე ახალი წყალმტორცნი მანქანა, რომლებსაც სახურავებზე ერთის ნაცვლად ორ-ორი დისტანციურად მართვადი ბრანდსპოიტი უყენიათ და წყლის მძლავრი ჭავლით აქცევენ რამდენიმე ათეულ მეტრზე მყოფ მომიტინგეებსაც კი.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რას წარმოადგენს ეს ახალი წყალმტყორცნი მანქანები, რა ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია და საიდან შეისყიდა შსს-მ...
ამ მანქანის გარედან ვიზუალურად დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის თურქული ფირმის - Nurol Makina-ს EJDER TOMA® 4x4-ის ტიპის სპეციალური დანიშნულების წყალმტყორცნი მობილური საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია ადამიანების ჯგუფების დასაშლელად, წყლის ჭავლის (და არა მარტო) გამოყენებით.
ამ ორხიდიან სპეცმანქანას ოთხი ავზი უყენია. პირველი, ყველაზე დიდი ავზი 10 ათასი ლიტრი წყლის სატარებლადაა განკუთვნილი, მეორე და მესამე 60-60-ლიტრიან ავზებში, შესაბამისად, ცრემლსადენი აირი და საღებავია მოთავსებული, ხოლო მეოთხე, 80-ლიტრიანი ავზი კი ქაფითაა გავსებული.
მანქანის ეკიპაჟს შეუძლია წყლის მასას შეურიოს სხვა ავზების შემადგენლობაც და მძლავრი, დისტანციურად მართვადი ბრანდსპოინტებიდან მაღალი წნევით გარშემო, ათეულ მეტრზე ისე გატყორცნოს წყლის ჭავლი, რომ ადამიანები წააქციოს...
მანქანას აქვს ბულდოზერის დანა, სახელდახელო ბარიკადების გასაწმენდად, ხოლო წინასაქარე მინაზე ეფარება რკინის ცხაურის სპეციალური დამცველი ბადე, რომ ის ვერ გატეხონ.
„ტომას“ წყალმტყორცნს ერთი საინტერესო შესაძლებლობაც გააჩნია - თუკი „მოლოტოვის კოქტეილი“ მოხვდა მანქანის კორპუსს და ცეცხლი გაუჩნდა, სახურავზე სპეციალური სარქველებიდან გადმოდის ქაფის ნაკადი, რომელიც მთელ მანქანას „რეცხავს“ და ხანძრის კერებს აქრობს.
საგულისხმოა, რომ ამ, ახალი თაობის წყალმტყორცნი სპეციალური მანქანების შექმნა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მითითებით მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოჩნდა, რომ თურქეთში ოპოზიციური მიტინგების დასაშლელად ჟანდარმერიას არ ჰყოფნიდა ძველი წყალმტყორცნი მანქანები.
2022 წელს „ტომას“ წყალმტყორცნები უზრუნველყოფდნენ კატარში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სახანძრო უსაფრთხოებას.
ისე კი, თურქული „ნუროლის“ ექსპერიმენტული ჯავშანტრანსპორტიორები - „ეჯდერები“ ქართულმა არმიამ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე შეიძინა, 70-ზე მეტი მანქანის ოდენობით. მათ იმ ომში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათმა საარმიო ექსპლუატაციამ კი ბევრი ტექნიკური პრობლემა გამოავლინა, რის გამოც წელს ეს თურქული „ეჯდერები“ გადაიცვალა ასევე თურქულ ჯავშანმანქანაში - „ვურანებში“...