"მეშინია, საქართველოში არ დაიწყოს ის, რისი ხსენებაც კი არ მინდა" - მიდის თუ არა სიტუაცია ყველაზე მძიმე სცენარისკენ?! - კვირის პალიტრა

"მეშინია, საქართველოში არ დაიწყოს ის, რისი ხსენებაც კი არ მინდა" - მიდის თუ არა სიტუაცია ყველაზე მძიმე სცენარისკენ?!

"ქვეყანაში არსებულ მძლავ პოლიტიკურ კრიზისს ხელისუფლება ადეკვატურად არ აფასებს", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოში „მაიდნის“ მოწყობის მცდელობა დასრულდა. „ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მშვიდობა ამ ქვეყანაში. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იქნება“, - ასეთი იყო პრემიერის პასუხი ქუჩაში გამოსული ხალხის მორიგ პროტესტზე. რაზე მეტყველებს პრემიერის ეს განცხადება და როგორი იქნება მმართველი გუნდის შემდგომი ნაბიჯები, ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება:

- არასწორად მიმაჩნია პრემიერის ასეთი მუქარის შემცველი განცხადებები, კონტრპროდუქტიულია, კარგ შედეგს არ მოიტანს. ზოგადად, ხელისუფლებას არასწორი მიდგომები აქვს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მმართველმა გუნდმა დაკარგა ხალხთან კავშირი.

როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება?

ხელისუფლება დროზე უნდა მიხვდეს, რომ ახალი არჩევნები ჩაატაროს. რაც ადრე, მით - უკეთესი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. საქართველოში დღეს იბადება ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება. ამის წინააღმდეგ ვერავინ წავა.

- ხელახალი არჩევნები რომ არ ჩატარდება, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.

- საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იმას მეტყველებს, რომ ამ ინსტიტუციამ თავი გაიუქმა. თავად ვნახე იმ მოსამართლეების სია, რომლებმაც ხელი შეუშალეს პროცესის კონსტიტუციურ ჩარჩოში დროულად დაბრუნებას და ახალი არჩევნების დანიშვნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იმისთვის, რომ საზოგადოებას ქვეყანა კონსტიტუციურ კალაპოტში დაებრუნებინა.

როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში?!

ძნელია ახლა რამის თქმა, ისტორია ცალხაზოვნად არ ვითარდება... ზოგადად, საქართველოს ისტორიისთვის სავალალოს ვერაფერს ვხედავ, ბოლოსდაბოლოს დემოკრატია ბრძოლაში იბადება.

- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. მმართველ გუნდში ისევ ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი დროებითია და ვითარება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ვითარება გამოსწორდება…

სინამდვილეში, ამერიკის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ საკუთარი მოქალაქეების უფლებები არ შელახოს. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი რეაქციებს აგვიანებს, საჭიროა უფრო ხისტი და დროული რეაგირება.

- მაგალითად?

- თუნდაც სანქციების დაწესება.

- ამ მოცემულობაში რამდენად არის გამოსავალი სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და მისი მანდატი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი?

- გამოსავლის რა გითხრათ, მაგრამ ჯიკაობა კი იქნება. როგორ შეიძლებოდა ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა? უდიპლო პრეზიდენტი ამ ქვეყანას... მეშინია არ დაიწყოს ის, რისი ხსენებაც კი არ მინდა... სამოქალაქო ომს ვგულისხმობ

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)