"ქეთი დუმბაძემ ამ ზაფხულს ურთულესი ოპერაცია გაიკეთა გულზე და ყველანი მის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავინდოთ, მას ჯერ არ აუხსნ - კვირის პალიტრა

"ქეთი დუმბაძემ ამ ზაფხულს ურთულესი ოპერაცია გაიკეთა გულზე და ყველანი მის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავინდოთ, მას ჯერ არ აუხსნია, რა ხდება"

"ეს სახალხო პროტესტია, უკვე ყველა პოლიტიკოსის წინააღმდეგაა ხალხი ამბოხებული. უდიდესი კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს და უფსკრულში არ უნდა გადაიჩეხოს!"

"დასავლეთისგანაც ძალიან გულნატკენი ვარ"

"ასეთი რამ მწერალთა სახლში არ უნდა ხდებოდეს"

"მინდა, ევროკავშირს მოვუწოდო, ვთხოვო, მთელი გულით, როგორც მისმა ნაწილმა და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთმა მემკვიდრემ (ჩემში ეს ცოცხალია), არ დაუშვას, საქართველოს უბედურება, გაგვიხსნას მოლაპარაკება", - ამბობს მწერალი ნინია სადღობელაშვილი და საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, რას ფიქრობს ჩვენს ქვეყანაში, მწერალთა სახლში განვითარებულ მოვლენებზე, ვის აკისრებს პასუხისმგებლობას და რაში ხედავს გამოსავლს?

ნინია სადღობელაშვილი, მწერალი:

- ძალადობა და სისასტიკე, რომელსაც ეს დღეებია ვხედავთ, წამოუდგენელი და დაუშვებელია, ნებისმიერ ადამიანზე, აქციის მონაწილე იქნება ის, მედიის წარმომადგენელი თუ სამართალდამცველი. რასაც ახლა ვხედავთ, არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგან ამ ყველაფერს შევყავართ საშინელ დაპირისპირებაში, რომელსაც ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანს.

ვფიქრობ, რომ უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, პატივი სცეს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მათ ხმა მისცა, პატივი სცეს საქართველოს მარადისობას, საკუთარ მოვალეობას... გადმოდგას პირველი ნაბიჯი, წავიდეს დათმობაზე, არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხდეს, ფორმაზე უნდა იმსჯელონ, თორემ უდიდესი კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს, დეკემბერია და ავად მახსენდება, ახლო წარსულიდან საკრალური დეკემბრის დღეები, როცა ჩვენ შორის დიდი დაპირისპირება იყო. ახლა ისეთი მდგომარეობაა, არც ერთი მხარე უკან დახევაზე არ ფიქრობს, სულ უფრო ვიწროვდება მანძილი უფსკრულამდე, რომელშიც მერე ყველანი ერთად ჩავიჩეხებით.

- პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლებას აკისრებთ?

- ყველას ვაკისრებ, უპირველესია ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ოპოზიციაც დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს, მაგრამ მათ იმდენად ვიწროპარტიული ხედვა აქვთ, საერთოდ წაშალეს, ნდობის ფაქტორი სულ გააქრეს. დღეს ოპოზიციური პარტიებისთვის აღარავინ იბრძვის, ეს არის სახალხო პროტესტი, მე ასე ვხედავ, უკვე ყველა პოლიტიკოსის წინააღმდეგაა ხალხი ამბოხებული. ჩემი ხედვით, ამ ყველაფრის უკან მაინც დგანან ძალიან ცუდი ძალები, რომლებიც ამ მდგომარეობით აუცილებლად ისარგებლებენ. დასავლეთისგანაც ძალიან გულნატკენი ვარ.

- რატომ?

- არ გვექცევიან სამართლიანად, უკვე მერამდენედ, ეს ქვეყანა თითქოს განწირულია მათი მხრიდანადც. არ არის ქმედითი მათი ნაბიჯები, არ მუშაობს საბოტაჟი, შანტაჟი და მანიპულაციები, რაღაც სხვა არის საჭირო.

წლების განმავლობაში, ყველა ესკალაციას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მათი მხრიდან სულ ისმის, "ახლა ამას გაგიყინავ", "ამ წინადადებას არ მივიღებ" და ა.შ.

ეს ხალხზეც არ მოქმედებს კარგად. ვიცი, რომ მთელი არსებით ევროპის ნაწილი ვართ, ეს არის ამ ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი გზაც. ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროკავშირი ასე არ უნდა ექცეოდეს. მათ იციან, ჩვენ რა გამოვიარეთ 2008 წელს, რა დღეები გადავიტანეთ, მუდმივად თითქოს ისე ხდება, რომ გვიბიძგებენ, მართლაც გავხდეთ რუსეთის სატელიტები. ეს კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და ყველამ თავთავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ყველამ უნდა შევინარჩუნოთ იმ დონის გონიერება და სიყვარული, რომ ერთმანეთი არ გავწიროთ.

დალაპარაკების სივრცეები სულ უფრო და უფრო ცოტავდება. საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ, რომ ეს სივრცეები დავტოვოთ და ერთმანეთს ცივილურად დაველაპარაკოთ, იარაღით კი არა, თუმცა უკვე იარაღიც გამოჩნდა და ეს წინაპირობაა სამწუხარო ექსცესების. მთავრობაც უნდა წამოვიდეს დათმობაზე და ჩვენც უნდა ვუთხრათ, რას ვაპირებთ მომავალში.

გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ, ვინ უნდა მოვიდეს? მთავრობის კაბინეტი და პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა გამოიცვალოს? არ ვიცი, რაღაც უნდა შეიცვალოს, ამ ცვლილებით ხალხი ჩაწყნარდეს და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ.

ის ნდობა და ის ლოზუნგი, რომლითაც "ქართული ოცნება" მოვიდა, ასე როგორ გადაჭრეს? კი, ამბობენ, ხალხმა არასწორად გაიგო ჩვენი ნათქვამიო, მოლაპარაკებების შეჩერება შეწყვეტას არ ნიშნავსო, ამ ლოგიკაში მეც მივყვები, მაგრამ მოქალაქეობრივი ალღოთი და თანამედროვეობის განცდით, ჩემი დილეტანტური აზრია, რომ სხვა სიტყვებით და სხვა დიპლომატიით შეიძლებოდა ეს სათქმელი გადმოეცათ.

მინდა, ევროკავშირს მოვუწოდო, ვთხოვო, მთელი გულით, როგორც მისმა ერთმა ნაწილმა და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთმა მემკვიდრემ (ჩემში ეს ცოცხალია), არ დაუშვას საქართველოს უბედურება, გაგვიხსნას მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებაზე თუ არ წავა "ქართული ოცნება", მერე ეს ძალა ძალიან მარტივად დამთავრდება საქართველოში.

- ნინია, მწერალთა სახლში შეკრებილი მწერლები ითხოვდნენ შეხვედრას ქეთევან დუმბაძესთან და ეს შეხვედრა არ შედგა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რა იქნება თქვენი სათქმელი?

- მთელი გულით ვუერთდები იმ განცხადებას, რომლითაც დაკავებული მწერლების: ზვიად რატიანის, თორნიკე ჭელიძის და დათა ხარაიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. ვიცი, რომ ზვიად რატიანს საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროება და უნდა გადაიყვანონ. თორნიკე ჭელიძეს ბავშვობიდან ვიცნობ, საუკეთესო ადამიანია, გონიერებით და კეთილშობილებით სავსე პოეტი, როგორ შეიძლება ის ციხეში იყოს.

- ქეთი დუმბაძე არ შეხვდა ამ ადამიანებს.

- ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო. ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ზაფხულს კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა გულზე და ყველანი მის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავინდოთ, მას ბევრი რამის გადატანამ მოუწია. ქეთის ჯერ არ აუხსნია, რა ხდება.

- მწერალთა სახლში ტორესა მოსის ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

- კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ, ასეთი რამ მწერალთა სახლში არ უნდა ხდებოდეს. როცა ძალადობ, როგორი მართალიც არ უნდა იყო, შენივე სიმართლის ჩამოშლას ახდენ.

ახლა თითოეული ქართველის ემოციები ისეთი ცხელია, ყველაფერი ისეთი ელვისებური სისწრაფით ვითარდება, ძალიან ძნელია განყენებული მსჯელობა, მაგრამ პირველ რიგში, ვისურვებ მეტი გონიერებით, მეტი სიყვარულით გავიაზროთ, როგორია ჩვენი რეალობა, სწორი მოთხოვნები დავაყენოთ. ვისურვებ, ჩვენი ძვირფასი ეკლესიის მამები გამოვიდნენ, ჩადგნენ შუაში, ის დროა, ყველას ხმა უნდა ისმოდეს, ჩვენი ქვეყანა უფრსკულში არ უნდა გადაიჩეხოს!

თამუნა კვინიკაძე

(სპეციალურად საიტისთვის)