"თუ ვინმე ღელავს ჩემი მხრიდან შურისძიებაზე, შეუძლია იყოს მშვიდად, რადგან ჩემი ფილოსოფია გულისხმობს ადამიანების მოწოდებას სიყვარულისკენ" - რას წერს ტორესა მოსი ქეთი დუმბაძის ვაჟთან დაპირისპირებაზე?
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დღეს მწერალთა სახლში. გავრცელებული ინფორმაციით, მწერალთა სახლში მწერლებს ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი დახვდა და ტორესა მოსს დაარტყა. მომხდარი დამსწრეებმა ვიდეოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტორესამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"ჩემი ერთადერთი მისია ამ ქვეყნად არის ადამიანების მოწოდება სიყვარულისა და განათლებისაკენ. განვაგრძობ ჩვენს საერთო ბრძოლას, რომელიც მჯერა დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. იდექით მხნედ და მტკიცედ და არ შეუშვათ თქვენ გულში სიძულვილი. გასაგებია ჩემთვის ინტერესი, რის გამოც ჟურნალისტები მირეკავთ, მაგრამ ამ საკითხზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, საზოგადოებამ ნახა ყველაფერი და აქ განსახილველი აღარაფერია.
თუ ვინმე ღელავს ჩემი მხრიდან შურისძიებაზე, შეუძლია იყოს მშვიდად, რადგან ჩემი ფილოსოფია გულისხმობს ადამიანების მოწოდებას სიყვარულისკენ და არა შურისგებისკენ. თქვენთან ერთად განვაგრძობ პრინციპულ და უკომპრომისო ბრძოლას ამ ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიისთვის, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.
"პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია." იოანეს სახარება (თავი 1. 1-5)."