ივანი და ქართული სპეცრაზმი: რას ჰყვება აქციაზე დაკავებული რუსეთის მოქალაქე - "ამ დროს მართლაც შემეშინდა..." - კვირის პალიტრა

რუსი ივანი და ქართული სპეცრაზმი: რას ჰყვება რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებული რუსეთის მოქალაქე - "ამ დროს მართლაც შემეშინდა..."

“ეხო კავკაზამ“ გამოაქვეყნა რუსეთის მოქალაქის ინტერვიუ, რომელიც თბილისში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. რუსეთის მოქალაქე ივანი (მედიასაშუალებამ მისი ნამდვილი ვინაობა არ დაასახელა) თბილისში 2022 წლის ზაფხულში ჩამოვიდა. აქციაზე ის 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს დააკავეს, ორი მუხლით - ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

რას აკეთებდა რუსეთის მოქალაქე აქციაზე?!

„აქციაში აქტიური მონაწილეობის გეგმა არ მქონია. უკვე ადგილზე დავინახე, რომ მოძრაობა იწყებოდა. იყო შეტაკებები, მომიტინგეებს წყლის ჭავლს ასხამდნენ, რასაც ისინი ფეირვერკებით პასუხობდნენ. მომინდა ახლოს მენახა, თუ რა ხდებოდა. ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე გადაღება. ეპიცენტრიდან შორს ვიყავი, თუმცა ეპიცენტრმა დაიწყო ჩემთან მოახლოება. ჩემს გარშემო ქაოსი სწრაფად დაიწყო... უცბად ვიგრძენი, რომ ვიღაცამ დამიჭირა, ჯერ ვიფიქრე, რომ ვიღაც მისწრებდა და უნდა გამეტარებინა. თუმცა მიწაზე დამაგდეს და ვიფიქრე - მაკავებდნენ. მეორე წამს კი ვიფიქრე - მე არ მაკავებენ, მე მცემენ. ვიწექი, არ ვეწინააღმდეგებოდი და ხელებითა და ფეხებით მცემდნენ...

ამიყვანეს, წამიყვანეს, არანაირ წინააღმდეგობას არ ვუწევდი. რომ მივყავდი, შემხვედრი თანამშრომლებიც მიმატებდნენ. მანქანაში ჩამსვეს, სადაც ჩემთან ერთად სხვა დაკავებულებიც იყვნენ... დროგამოშვებით კარს აღებდნენ, ამოდიოდნენ, რომ ვინმე ეცემათ. იყო ეპიზოდი, რომელიც ძალიან დამამახსოვრდა. ერთი ბიჭი შემოიყვანეს, უკან შეკრული ხელებით, მთლიანად დასისხლინებული იყო, თუმცა ის აგრძელებდა ყვირილს. საპასუხოდ, სპეცრაზმელი ამოვიდა და სახეში ფეხი რამდენჯერმე მთელი ძალით ჩაარტყა. ეს ყველაზე ცხელი ფაზა იყო და მართლაც მეშინოდა...

თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს გადაგვცეს. სისასტიკის გრადუსმა ძალიან დაიწია. პოლიციელები პროფესიონალურად იქცეოდნენ, პატივისცემით გვეპყრობოდნენ, თარჯიმანი მომამაგრეს, გამაცნეს საქმის მასალებს, სხეულზე ჩალურჯებებს ფოტოები გადაუღეს... ჩემს ყველა თხოვნას ითვალისწინებდნენ, სიგარეტიც კი მომიტანეს აგრესიულად რაღაცას ყვიროდნენ.

ვინ არიან აქციაზე დაკავებული რუსეთის სხვა მოქალაქეები?!

ივანი ჰყვება, რომ დაკავებული რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქის დეპორტაცია სომხეთში მოხდა. მას მიშა ჰქვია და საპროტესტი აქციებთან დაკავშირებული არტპროექტით იყო დაკავებული. მისი თქმით, რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელმაც ტრავმები მიიღო, 14-დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს და რეგიონში გადაიყვანეს.

არიან თუ არა დაკავებული რუსები ინსტრუქტორები?!

ივანმა კომენტარი გააკეთა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებზე დაკავებული უცხოელები, შესაძლოა, ინტრუქტორები იყვნენ.

„ეს იმდენად აბსურდულია, რომ ირონიზირებაც კი არ შეიძლება"...

რით ჰგავს და განსხვავდება პროტესტი რუსეთში და საქართველოში?!

ივანის თქმით, რუსეთში პროტესტი, ძირითადად, „პლაკატურია“ და შედარებით უწყინარი, საქართველოში კი ასე არ არის. მისი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც უფლებებისა და თავისუფლებებისთვის იბრძვიან.

წყარო