"შეიძლება ჩამოხვიდე თბილისში და ჩაეწერო, მაგრამ თბილისელი ვერ იქნები, ყველა უბნის ავან-ჩავანი უნდა იცოდე... მომსწრე ვარ, როგორ წერდა ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონს", წიგნიც მივუძღვენი" - 91 წლის "წყლის რაინდის" მოგონებები
სექტემბერში 91 წელი შეუსრულდა, ოქტომბერში საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს.
ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. სპორტს ყოველთვის მისდევდა, ცურვასთან ერთად ალპინიზმით და ჩოგბურთით იყო გატაცებული. ცურვა დღესაც მისი ყოველდღიურობის ნაწილია. მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ დაბადების დღეზე სიგელი გადასცეს, რომელსაც აწერია „წყლის რაინდი“. ჩვენი შეხვედრის დროს მითხრა კიდეც: დაიჯერებთ, რომ ახლაც ცურვიდან მოვედიო? გურამ კალანდაძე, იგივე ტურკეცა, თბილისელი, ვერელი კაცია, რომელიც სიყვარულით საუბრობს მეგობრებზე, ახლობლებზე, თბილისზე... ბატონ გურამს ორი ქალიშვილი, ექვსი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს.
შრომითი საქმიანობის შესახებ
- ძველი ალპინისტი ვარ და მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. მიყვარდა კარავში გდებაც, სისველეც... ოთხჯერ ავედი მყინვარწვერზე. 70 წელი შემისრულდა მყინვარწვერზე 2003 წელს, ეს იშვიათი შემთხვევაა და სიგელით მომილოცეს. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას მყინვართმცოდნეობამ დამაინტერესა და გლაციოლოგი გავხდი. სვანეთის ყველა მყინვარი მოვიარე ექსპედიციით, თვენახევარი მყინვარების ძირში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ნაკრას, დოლრას, ჩალაათს, ულამაზეს ადიშს, ხალდეს... ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომები მაქვს. მოგვიანებით ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ვსწავლობდი მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე. 1974-78 წლებში სოხუმში მსუბუქი მრეწველობის დარგის ერთი დიდი წარმოების გენერალური დირექტორი ვიყავი. მისი ფილიალი გავხსენი ტყვარჩელთან ახლოს, დაბა აკარმარაში. იმ დროს აფხაზეთში ძალიან კარგი პერიოდი იყო, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდა ადგილობრივ ხალხთან. მსუბუქი მრეწველობის ხაზით ბევრი თანამდებობა გამოვიცვალე. ბოლოს კარგა ხანს ვმუშაობდი გადაზიდვების მენეჯერად უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლობაში.
ცოტა რამ მშობლებზე
- ბავშვობის ერთი ეპიზოდი მახსოვს. იდგა 1937 წელი, როცა 4 წლისამ შემთხვევით ნიკოლოზის შაურიანი გადავყლაპე და ვიხრჩობოდი. გადამარჩინეს უბადლო ქირურგებმა ნიკოლოზ ასპისოვმა და გრიგოლ მუხაძემ. ყელზე ორივე მხარეს ნასერები დამრჩა, ორი ცნობილი პროფესორის „ავტოგრაფი“. მე საავადმყოფოში ვიწექი და მამა - დავით კალანდაძე ამ დროს წაიყვანეს ორგანოებში. ე.წ. ტროიკიდან ერთ-ერთს, სომეხ კაცს მამა დადებითად დაუხასიათებია, იმ ორს ხმა არ ამოუღია... და მამა გამოვარდა ჩემს სანახავად. მაშინ ასე შემთხვევით გადარჩა. დედა მყავდა ელენე გაბუნია ზესტაფონიდან, მისი მამა მდიდარი ვაჭარი იყო და ოჯახი მალევე წამოვიდა თბილისში საცხოვრებლად. მამაჩემი სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში ფარმაცევტულ ფაკულტეტზე, სადაც ძირითად საგნებთან ერთად მიიღო განათლება ქიმიასა და კვების პროდუქტების ტექნოლოგიაში.
შეძლებული ოჯახი გვქონდა. მამაჩემს საქართველოსა და ბაქოს გუბერნიაში რამდენიმე სპირტის გადამმუშავებელი და კონიაკის ქარხანა ჰქონდა. გარდა ამისა, თურქეთში, კონსტანტინოპოლში 1919 წელს, მამასთან ერთად რამდენიმე აქციონერმა დააფუძნა საწარმო „მარგო“. მამა იმდენად ვერ ეგუებოდა საბჭოთა რეჟიმს, რომ ორჯერ დაიჭირეს. დიაბეტი დაემართა და 66 წლისა გარდაიცვალა. დედა დიასახლისი იყო. ჩვენ ვცხოვრობდით ფილარმონიის ადგილზე რომ შენობა იდგა, იმის ბოლო სართულზე. ვერის ბაღში გავიზარდე, რომელიც ვერის გულის გულია. იქ დარჩა ჩემი ბავშვობა, ყმაწვილკაცობა, ახალგაზრდობა. ორი ძმა ვიყავით. უფროსმა - თამაზმა დაამთავრა უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სკოლის დამამთავრებელ კლასში ვსწავლობდი, როცა ქალბატონ მედეა უზნაძის (ცნობილი ფსიქოლოგის, დიმიტრის ქალიშვილი) გეოლოგიურ ექსპედიციებში დავიწყე სიარული. ვიყავი კოლექტორი (მუშა), ნიმუშებს ვეზიდებოდი, ასე გზადაგზა ვიწვრთნებოდი. დედაჩემისგან მანეთი არ ამიღია. ერთი პერიოდი თხმორში ვმუშაობდი ტყვია-ცინკის საბადოზე. სხვათა შორის, თხმორელი იყო გრიგოლ კობახიძე, რომელიც ამერიკაში წავიდა და პირველი ქართველი მილიონერი გახდა, ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ.
თბილისი, ვერა, მეგობრები...
- შეიძლება ჩამოხვიდე თბილისში და ჩაეწერო, მაგრამ თბილისელი მოქალაქე ვერ იქნები იმიტომ, რომ ზეპირად უნდა იცოდე ყველა უბანი, იქაური ავან-ჩავანი, იქაური ბიჭები. ვერელებს ჩამოგითვლით, თუ გნებავთ: კონფერანსიე და მწერალი ქართლოს კასრაძე, ნიაზ დიასამიძე, არაჩვეულებრივი მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი... მელიქიშვილზე აფთიაქის წინ იდგნენ ჩვენზე უფროსი ბიჭები: თენგიზ კეკელიძე, მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილები, შოთა სალუქვაძე, დოდო აბაშიძე... მერაბთან ვმეგობრობდი, მასთან ხშირად ვყოფილვარ როგორც თბილისის სახლში, ასევე აგარაკზეც - გულრიფშში. გიზო ნიშნიანიძე და ჩემი ძმა კლასელები იყვნენ. ფაქტობრივად, გიზო ჩვენs სახლში გაიზარდა. ჩემი მეგობარია ნუგზარ ჭიჭინაძე, რომელთანაც 85-წლიანი ურთიერთობა მაქვს, მეზობლად ცხოვრობდა. ის იყო 5 წლისა, მე - შვიდის. დღესაც ერთად ვართ.
ზურა წერეთელი რაღაც მოტეხილია, მოსკოვში ცხოვრობს და რომ დავურეკავ ხოლმე მოსაკითხად, მეუბნება: ჩამოდით, რა! ვითომ ასე ადვილია იქ წასვლა. ზურასთან მუშაობდა ნუგზარ ჭიჭინაძე და ისინი წლების წინ ერთად იყვნენ ამერიკაში, სადაც შეხვდნენ ბიზნესმენ დონალდ ტრამპს. ამას წინათ სუფრასთან ვისხედით მეგობრები, რა დროსაც გიორგი რამიშვილმა (ზარალა) გაიხსენა ტრამპის ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში. ნუგზარმა გიორგის მიმართა: მე და შენ, ტრამპთან შეხვედრილი ვართო. გიორგის ორი დღის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა ბათუმში ტრამპთან და კარგად ახსოვს, რა მოხიბლული დარჩა ის საქართველოთი. მან გაიხსენა ასევე, ამერიკაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლის ნათქვამი (ის პიროვნება პირადად შეესწრო ამას), თუ როგორ უწევდა ტრამპი რეკომენდაციას ოფიციალურ პირებს, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოსულიყვნენ.
ნოდარი, ნიაზი, გურამი...
- მომსწრე ვარ იმისა, როგორ წერდა ნოდარ დუმბაძე „მარადისობის კანონს“. მასზე დავწერე მოგონება „უნებლიე თანაავტორი“, რომელიც ასახავს ჩვენს ურთიერთობას. ის მოგონება ინახება ხიდისთავში, დუმბაძის მუზეუმში. მამაჩემი ამ სოფლიდან იყო და ძალიან მიყვარს იქ ჩასვლა. ნიაზთან ერთად რამდენჯერ დამილევია. ერთხელ ბათუმში ვართ და მეუბნება: ბიჭო, დაკვრა მომენატრაო. ძალიან მაგრად უკრავდა. იქ მცხოვრებმა მეგობარმა გოგონებმა მოუტანეს გიტარა და ნიაზმა დაუკრა. მერე ქეიფი გავაგრძელეთ. უნიჭიერესი და კოლორიტი კაცი იყო.
გურამ თიკანაძესთან მაკავშირებს ბედნიერი წლები. ისიც გეოლოგი იყო (კარსტებზე მუშაობდა) და ერთხანს გეოგრაფიის ინსტიტუტში ვიყავით ორივე. ის მალე წავიდა ინსტიტუტიდან, მთლიანად ფოტოგრაფიაზე გადაერთო და ეს საქმე ხელოვნებამდე აიყვანა. იყო მხატვრული ფოტოგრაფიის ფუძემდებელი. იშვიათი ალპინისტური არქივი აქვს, რომელიც ექსტრემალურ პირობებშია გადაღებული. ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოებიც გამორჩეულია. ბევრჯერ ერთად ვყოფილვართ მთაში. იმ ადამიანებს შორის ვარ, ვინც მისი ნეშტი შხარის შუაწელიდან ჩამოასვენა. გურამის ქალიშვილთან, იასთან ვმეგობრობ. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გურამის და - რუსუდანი გარდაიცვალა. ია და მე ხუთ წელიწადში ერთხელ სვანეთში ჩავდივართ და გურამის ხსოვნას პატივს მივაგებთ.
ტურკეცა
- ზედმეტი სახელი მაქვს - ტურკეცა. მეოთხე კლასში ვსწავლობ, შესვენებაზე მერხებზე ვსხედვართ მე და გურამ ადამია. გურამმა ჯერ ერთ ბავშვს ჰკითხა, სად დაიბადეო? მერე - მეორეს, ბოლოს მე მომიბრუნდა: შენ სად დაიბადეო? ვიმარიაჟე და ვთქვი, - თურქეთსა-მეთქი. მამაჩემს უყვარდა ძველი ქართულით საუბარი და მეც მისი მიბაძვით, ასე ვუპასუხე. აა, მაშ, თურქეთსა - ტურკეცა, ხომ? თქვა ჩემმა კლასელმა და ეს სახელი შემრჩა. ტურკეცა ვარ, მორჩა და გათავდა.
სიმღერა - ცხოვრების თანმდევი
- მეგობრები სულ ერთად ვმღეროდით და ვმღერით. ჩემი ყველა ძმაკაცი მღეროდა: ვანიკო მაჭავარიანი, დემური ცქიტიშვილი, კლასელი თენგიზ კახიძე (ჯანოს ძმა), დათული დადიანი... კახიძეების მამას ივან ივანიჩს ვეძახდით, მათ სახლში საოცარი ხალხი გვხვდებოდა - კოწია ლორთქიფანიძე („მრავალჟამიერს“ იწყებს ფილმში „ქეთო და კოტე“), დათიკო საყვარელიძე, კუცა ვაშაძე, ტუპია იაშვილი (პაოლოს ძმა), ჭუტა ავალიშვილი... ახლა, სადაა მსგავსი ხალხი! მომსწრე ვარ, ჯანოს პირველ კამერულ ნაწარმოებს ვანიკო რომ მღეროდა, როცა დაწერა მე-10 კლასელმა ჯანომ სიმღერა თამაზ გოდერძიშვილის სტრიქონებზე: „მინდა, რომ ჰგავდე გაზაფხულს...“
ნანი ბრეგვაძე ჩემი მეუღლის - ირინე გიგინეიშვილის დეიდაშვილია, ნანის დედა და ჩემი სიდედრი დები იყვნენ. ძალიან ხშირად ნანი და ეკა არიან ჩვენთან ან ჩვენ ვართ იმათთან. სანამ ირინეს შევირთავდი, ნანისთან ვმეგობრობდი, ალბათ 19 წლის ასაკიდან. გრიბოედოვზე ცხოვრობდა და დღედაღამ მასთან ვიყავით, იმ პატარა ბინიდან სულ მუსიკის ხმა ისმოდა. იქიდან მახსოვს ჩიტოლია ჩხეიძე, ჩემი მომავალი სიდედრი ქეთევან მიქელაძე მღეროდა კარგად. დათული დადიანთან კვირაში ორჯერ მაინც ვიყავით მეგობრები. იქ მოდიოდნენ ჩემი უახლოესი მეგობარი ინოლა, გიული დარახველიძე, მედეა სიხარულიძე. გიულის ქალიშვილი ჩემი ნათლულია. ინოლას ტრიოსთან ერთად საქართველოს არაერთ კუთხეში ვყოფილვარ, ავტობუსით მივდიოდით. ერთხელ დათულისთან რეკავს ქუთაისელი მაგარი მომღერალი აჩიკო ჯაფარიძე (ბაშმაკა). ყურმილი აიღი გულჩინამ, დათულის მეუღლემ და აჩიკო ეუბნება: ახლა რადიო ჩავრთე და ინოლასა და მისი მეგობრების სიმღერას ვუსმენო. გულჩინამ უპასუხა: შენ რადიოში უსმენ და აგერ, ახლა ჩემთან არიან და მღერიანო. აჩიკო ქუთაისიდან ჩამოვიდა...
გიტარაზე დაკვრა თვითონ ვისწავლე, ფორტეპიანოზე არ ვუკრავ და ეს არის ჩემთვის ტრაგედია, ბავშვობაში უნდა მესწავლა, მაგრამ სამამულო ომი დაიწყო და თან მამა მეორედ დაიჭირეს. „თვალებს რატომ მარიდებ, შენი თვალების ჭირიმე“ - ეს სიმღერა ინოლამ მაჩუქა. ის ფურცლი, სადაც წერია ნოტები, სიტყვები და ბოლოში ინოლას მინაწერია, ვეღარ ვიპოვე... მოკრძალებულად ვცხოვრობ და მართალია, ბობოქარი ადამიანი ვარ, მაგრამ იქ, სადაც საჭიროა. მივდივარ მხოლოდ იმათთან, ვისთანაც ყოფნა მსიამოვნებს, ამიტომ ჯერ კიდევ შერჩენილი მეგობრების და კარგი ხალხის გარემოთი ვხარობ და ვამაყობ.
ნანული ზოტიკიშვილი