"დაისი" ყველაზე მეტად შეეფერება დღევანდელობას. მაროც ხომ იმიტომ დაარქვა ფალიაშვილმა მთავარ გმირს, რომ მარო მაყაშვილის სახელი უკვდავი ყოფილიყო" - ვინ არიან ოპერის მომღერლები, რომლებმაც აქტივისტებთან ერთად იმღერეს
წარმატებული ქართველი საოპერო მომღერლების მიერ აქციაზე შესრულებულ "შავლეგოს" სოციალურ ქსელში რეკორდული გაზიარება და დიდი აღფრთოვანება მოჰყვა... სიმღერას ასრულებდნენ თეა დემურიშვილი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ლევან მაკარიძე, ნათია ბეჟაშვილი და შალვა აბრამიშვილი...
საოპერო მომღერლებმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე თავიანთი აზრი და ემოციები AMBEBI.GE-ს გაუზიარეს...
მარიკა მაჩიტიძე:
- გუშინ ძალიან ციოდა, გავცივდი, თუმცა ეს გაციება გაივლის და ის ემოციები კი მთელი ცხოვრება გამყვება! ძალიან სპონტანურად და მოულოდნელად დავიწყეთ სიმღერა და ეს სიმღერა გულიდან იყო ამოსული. არც ერთს წინასწარ ამაზე არც გვიფიქრია, უბრალოდ ვიდექით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს ჩვენს ტკივილს ვუზიარებდით. ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, ქართული სიმღერა სულ ისმოდა ჩემთან სახლში, ეს ქართული სული და იდენტობა სისხლში მაქვს, ამას ვერასოდეს მოვიშლი. ახლა ჩემს ქვეყანას უდგას ყოფნა, არ ყოფნის დილემა. ამ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და ის რაც ქვეყანაში ხდება, ესაა ტერორი...
რამდენიმე დღის წინ „დაისი“ უნდა მემღერა ჩემს თეატრში. "დაისი" ყველაზე მეტად შეეფერება დღევანდელობას და მაროს როლიც. მაროც ხომ იმიტომ დაარქვა ფალიაშვილმა მთავარ გმირს, რომ მარო მაყაშვილის სახელი უკვდავი ყოფილიყო. ასე, რომ სადაც მომიხერხდება და სადაც მომინდება , როგორც შემეძლება იქ ისე ვიმღერებ! მე სხვა არაფერი შემიძლია ამ ქვეყნისთვის, ჩემს სათქმელს სიმღერით გამოვხატავ. არავის არაფერს მოვუწოდებ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და მერე მიხვდებიან სად უნდა იდგნენ.
იმდენი გულანთებული და თვალებგაფართოებული ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა შემოგვიერთდა გუშინ იქ, რომ ვმღეროდით და ხალხის ცრემლიანი თვალები….. აი ამად ღირს ცხოვრება! არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია, უბრალოდ ვიმღერეთ…. ჩვენ ყოველ დღე იქ ვართ, გავიმარჯვებთ სახელოვნად...
თეა დემურიშვილი:
- ოპერის მომღერლებმა ასე სპონტანურად ვიმღერეთ. მხოლოდ "შავლეგო" არ გვიმღერია, შევასრულეთ "ჩემო კარგო ქვეყანავ", "მრავალჟამიერი", საქართველოს ჰიმნი...
ადრეც მიმღერია პოლიციასთან ახლოს. ჩვენ სიმღერით, მშვიდობიანად უნდა დავამყაროთ წესრიგი ჩვენს ქვეყანაში. საშინელებაა რაც დღეს პარლამენტთან ხდება, როგორც ექცევიან ჩვენს ბავშვებს. აუცილებლად მინდა ვთქვა და დავაფიქსირო, რომ მე არცერთ მხარეს არ წარმოვადგენ. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ მე ვარ ჩემი სამშობლოს, ჩემი შვილების, ჩემი სახელმწიფოს ნათელი მომავლის მხარე. რა თქმა უნდა - გზა ევროპისკენ და არა საბჭოთა კავშირისკენ!