პუტინის გასაჭირი - სირიიდან გამოქცეულ რუსულ ხომალდებს თურქეთი შავ ზღვაში არ შემოუშვებს - კვირის პალიტრა

პუტინის გასაჭირი - სირიიდან გამოქცეულ რუსულ ხომალდებს თურქეთი შავ ზღვაში არ შემოუშვებს

როგორც აღმოჩნდა, რუსეთის სამხედრო ფლოტი მხოლოდ ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის პორტიდან როდი გაიქცა -3 დეკემბრის თანამგზავრული ფოტოები აჩვენებენ სირიის ტარტუსის პორტის დაცარიელებულ ნავმისადგომებს ანუ მანამდე იქ ბაზირებული რუსული ხომალდებიც ...„გაქრნენ“...

სად გაიქცნენ რუსული გემები?!

თუკი სევასტოპოლიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინული საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონების, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების მოხშირებულ თავდასხმებს გაექცნენ კრასნოდარის ნოვოროსიისკში, სირიის ტარტუსიდან რუსული საზღვაო დაჯგუფების მიერ პორტის ოპერატიულად დატოვება განაპირობა შეიარაღებული დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მიერ განხორციელებულმა წარმატებულმა საბრძოლო წინსვლამ , რასაც ჯერ ქალაქ ალეპოს დაკავება მოჰყვა, ახლა კი ჰომს მიადგნენ და პრეზიდენტ ასადის რეჟიმი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

1-tar-1733405982.jpg
სირიაში ტარტუსის საზღვაო პორტი, რომელსაც რუსული საზენიტო „პანცირი“ იცავს...

ამასთან, მათ მოახერხეს ასადის არმიისთვის საკმაო რაოდენობის შეიარაღების წართმევა, მათ შორის დიდ მანძილზე მოქმედი „ურაგანისა“ და „სმერჩის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომლებსაც რაკეტების მიწვდენა შესაბამისად 35 და 70 კმ-ზე შეუძლიათ.

არადა, შეიარაღებული დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მებრძოლები სწორედ 35 კმ-ზე მიაუახლოვდნენ სირიაში განთავსებულ ჰმეიმიმის საჰაერო ბაზას, საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები კიდევაც ბომბავენ მათ და ამ აეროდრომის მწყობრიდან გამოყვანა „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.

მეორე რუსულ, ოღონდ საზღვაო ბაზას ტარტუსში მოქმედი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 720-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ 1971 წელს,საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.

ეს არის რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვაში და მისი დაბომბვისა და დაპყრობის შემთხვევაში იქ ბაზირებული რუსული ხომალდების ეკიპაჟები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან...

2-tar-1733406169.png
ტარტუსის პორტის ნავმისადგომთან მდგარი ორი რუსული დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი და სარაკეტო ფრეგატი, რომლებსაც სასწრაფოდ მოუწიათ ღია ზღვაში გასვლა...

1 დეკემბრის თანამგზავრული ფოტოების თანახმად სირიის ტარტუსის საზღვაო ბაზის ნავმისადგომებთან ჯერ კიდევ იდგა ექვსი რუსული სამხედრო ხომალდი, მათ შორის „ადმირალ გორშკოვის“ პროექტის ორი ფრეგატი, „ადმირალ გროგორევიჩის“ პროექტის ერთი ფრეგატი, „ვარშავიანკას“ პროექტის ერთი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი და ორი დამხმარე გემი.

ორი დღის შემდეგ მთელი ეს რუსული სამხედრო ფლოტილია ტარტუსიდან „გაქრა“, მაგრამ თუკი ისინი უკან აღარ მიბრუნდებიან,სად შეუძლიათ წასვლა?

ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რომ სირიიდან გაქცეულ რუსულ ხომალდებს თავი შავ ზღვაში შეეფარებინათ, მაგრამ როგორც იტყვიან-ნურას უკაცრავად...

რას იზამს თურქეთი?!

1936 წლის მონტროს კონვენციის თანახმად, შავ ზღვაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო თურქეთი ამ რუსულ ხომალდებს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში არ გამოატარებს, ისევე, როგორც სწორედ ეს ფრეგატები არ შემოუშვა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ და ამიტომაც ისინი მესამე წელია სირიის ტარტუსში იყვნენ თავმოყრილნი.

3-tar-1733406127.jpg
3 დეკემბერს გადაღებული ტარტუსის პორტის თანამგზავრული ფოტო, რომელზეც დაცარიელებული ნავმისადგომებია აღბეჭდილი...

არსებობს ვარიანტი, რომ რუსული ხომალდები დროებით ალჟირმა ან ლიბიამ (ჰალიფ ჰაფთარის რეჟიმმა) შეიფაროს, მაგრამ ეს ვარიანტიც თუ არ გამოუვიდა რუსეთს, მაშინ მოუწევს სამივე ფრეგატის, ერთი წყალქვეშა ნავისა და ორი დამხმარე გემის მთელი ევროპის გარშემო შემოტარება ბალტიის ან ჩრდილოეთ ზღვაში მდებარე სამხედრო პორტებამდე მისაღწევად,ეს კი უზარმაზარი გზაა...

როგორც ჩანს, ტარტუსიდან ოპერატიულად გასული რუსული საზღვაო ფლოტილია ჯერ ხმელთაშუა ზღვაში დრეიფობს და ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში და თუკი „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მებრძოლებმა იყოჩაღეს და ჩამოაგდეს პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი (რაც საქართველოს ინტერესებშიც შედის, რადგან ასადს აღიარებული აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილების „დამოუკიდებლობა“), მაშინ კრემლს მართლაც მოუწევს თავისი ხომალდების ევროპის გარშემო ვოიაჟის დაწყება...

ეს კი შედის ისრაელისა და აშშ-ის ინტერესებში, რადგან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში აღარ დარჩებიან „კალიბრის“ ტიპის (რომელსაც ბირთვული ქობინის წაღებაც შეუძლია) ფრთოსანი რაკეტების გამშვები რუსული ფრეგატები და წყალქვეშა ნავი.

4-tar-1733406074.png
ჰმეიმიმის რუსული საჰაერო ბაზა, რომელიც სავარაუდოდ მალე აღმოჩნდება „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ კამიკაძე-დრონებისა და რაკეტების სამიზნე...

როგორ მოუწევს გამოქცევა სირიის ჰმეიმიმის აეროდრომიდან იქ განთავსებულ რუსულ საავიაციო შენაერთს, ეს ცალკე დიდი თავსატეხია მოსკოვისთვის, რადგან მოუწევს სირიიდან მათი გადაფრენის უზრუნველყოფა ჯერ ერაყისა და შემდეგ ირანის საჰაერო სივრცეების გავლით, რასაც თვითმფრინავები კი, მაგრამ შვეულმფრენები ძირს დაუჯდომლად ვერ შეძლებენ...

დღეისათვის სირიაში საერთო ჯამში მხოლოდ 7,5 ათასამდე რუსეთის სამხედრო მოსამსახურე იმყოფება(მათი უდიდესი ნაწილი საავიაციო და საზღვაო სპეციალისტი და მეზენიტეა,რომლებიც ნაკლებად ფლობენ ქვეითი ბრძოლების ტაქტიკას) და თუკი კრემლს შურს შეინარჩუნოს ჰმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო ბაზები, მათი თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებისთვის მოუწევს სირიაში არანაკლებ ერთი მოტომსროლელი დივიზიის(12 ათას კაცამდე) დამატებით გადასროლა თავისი საშტატო ჯავშანტექნიკითა და არტილერით, რაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში მყოფი პუტინის არმიისთვის უკვე ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს...