"ნეტავ ანდროს ნახევარი კაცობა და ადამიანობა მაინც გაგაჩნდეთ" - რას ამბობენ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ახლობლები?
"არაფერი არ არის სანერვიულო, მე კარგად ვარ, ყველაფერი არის კარგად, არ ვნერვიულობ", - ამ სიტყვებით მიმართა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მეგობრებს, რომლებიც მას დიღომში, დროებითი დაკავების იზოლატორთან დახვდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ცდილობდნენ. როგორც ცნობილია, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ბაგებში, საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. თავდაპირველად მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს და რამდენიმე პოლიციელმა გადაიყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული, ჯერჯერობით სამართალდამცავებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ან მასში მონაწილეობას ედავებიან. მსახიობის დაკავებას დიდი გამოხმაურება უკვე მოყვა სოციალურ ქსელში. მომხდარს რეპრესიად აფასებენ მსახიობები და ის ადამიანები, ვინც პირადად იცნობს მსახიობს და მის კანონმორჩილებაში დარწმუნებულია.
"ქოცებო" ყველა ზღვარს გადადიხართ! მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს, მოდი სიტყვა დააკავეს აღარ ვიხმაროთ ამ უსამართლობასთან მიმართებით, მოიტაცეს ამ კრიმინალებმა თავისი სახლიდან! ამ არაადამიანებმა! ახლა ყველა "ქოცს" მოგმართავთ, "მეგობრიან" - `ნათესავიანად", სათოფეზე არ გამეკაროთ! თქვენით წამშალეთ ყველა სოციალური ქსელიდან, ამოიშალეთ თავები ჩემი ცხოვრებიდან! ლიკა გუნცაძე, (ანდროს დედა) გამაგრდი! ვიცი რომ ძალიან რთულია და ისიც ვიცი, რომ ძალიან ძლიერი ხარ! შენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული! ხალხო ეს ოჯახი, ლიკას ოჯახი, არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ოჯახი, ხელოვნების და სიკეთის მეტი ამ ხალხს არაფერი უკეთებია! სიკეთით სავსე ხალხია! არ გამოგივათ! გამოუშვით ანდრო! რეებს იგონებთ! ხალხო რეპრესიებია! ამას როგორ გვიბედავენ, პასუხი სადაა ამ ყველაფერზე? რა კოშმარია, არ მჯერა. რეპრესიებია! ვაიმე, ხალხო, არ მჯერა ამას რომ ვწერ, ვაიმე, ყველაზე სუფთა და პატიოსანი ადამიანია ანდრო! - წერს ანა გოჩიშვილი.
"ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, უღირსეულესი მოქალაქე, უნიჭიერესი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, სახლში შეუვარდნენ და დაიჭირეს! განუკითხაობაა. ვინც ხმას არ იღებთ ნეტავ რას ფიქრობთ? ყველაზე პატიოსანი, კეთილი და წესიერი ადამიანი, ნეტავ ანდროს ნახევარი კაცობა და ადამიანობა მაინც გაგაჩნდეთ, თქვე ბოროტმოქმედებო!" - წერენ მისი მეგობრები და დაკავებულის უპირობოდ განთავისუფლებას მოითხოვენ.
„დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ახლო ნათესავია. „მისი დაკავების შესახებ ის ვიცი, რომ „ომონი“ შეუვარდა სახლში და დააკავეს. ბრალდება ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ანდრო არის აქტიური მოქალაქე, ის სისტემატიურად დადის აქციებზე. წიგნებში რაც წაგვიკითხავს, რაც 1924 წელს და 1937 წელს ხდებოდა, ის თამაშდება ახლა ჩვენს თვალწინ, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაერია ხელისუფლება, რუსული „ომონი“. ბოლო დღეების განმავლობაში მსახიობები არიან ძალიან აქტიურები, მათ გამოაცხადეს გაფიცვა. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი პოზიციები და ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ანდროს წინააღმდეგ“, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
ცნობილია ისიც, რომ მსახიობები გაიფიცნენ და მათ შორის იყო ანდრო ჭიჭინაძე, მან 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი „გავიფიცე“. 28 წლის ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია.
"მოძალადე სისტემა უკვე სახლებში გვივარდება! საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ჩვენი დასის წევრის, ანდრო ჭიჭინაძის საკუთარი სახლიდან დაკავების შესახებ!
პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება ვრცელდება ყველაზე და მათ შორის არიან ჩვენი თეატრის მსახიობებიც. სისტემა ჩვენს გასაჩუმებლად ძალას არ იშურებს და საპასუხოდ ჩვენგან გაორმაგებულ წინააღმდეგობას მიიღებს. ჩვენ არ გავჩუმდებით და ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვართ მარტო, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან ერთად რეჟიმს განაჩენს გამოუტანს! ჩვენი თეატრი სოლიდარულია სისტემის ყველა პატიმრის მიმართ და ვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას. ძალა ერთობაშია!", - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში მსახიობის დაკავებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.
რა ბრალს წაუყენებენ დაკავებულ მსახიობს, ეს და უფრო მეტი დეტალი ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი, ასევე ცნობილია, რომ დღეს დააკავეს იუმორისტი, ონისე ცხადაძე. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ ძმამ, სანდრო ცხადაძემ გაავრცელა. როგორც იუმორისტის ძმა წერს, ონისე ცხადაძე ოლიგარქ ივანიშვილის სპეცრაზმმა თერჯოლაში, საცხოვრებელ სახლში დააკავა. სხვა დეტალები ამ ფაქტის ირგვლივაც ჯერჯერობით უცნობია.
თეა ხურცილავა სპეციალურად საიტისთვის