"სამშობლოს სიყვარულის სახელით ტყუილის გავრცელება, ადამიანის მტრად გამოცხადება და მსგავსი ფაშისტური მიდგომები კარგი ამბავი არ არის" - რას წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე
სოციალურ ქსელში ანუკი კანკია აქვეყნებს მამასთან, გოჩა კანკიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გოჩა კანკია სპეცრაზმელია, რაც მცდარი ინფორმაციაა.
"გამარჯობა, პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი გოჩა კანკია ვართ.
მეორე ფოტოზე, რომელიც "ტელეგრამში" გავრცელდა, ასევე მამაჩემი გოჩაა, თუმცა პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და მამის სახელი სხვისია.
ამქვეყნად ცოტას ვიცნობ ისეთს, ვისაც შეიძლება მასზე ძალიან უყვარდეს სამშობლო.
ჰოდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში მის ამ ფოტოს ჩათიდან ჩათში დაატარებენ - ხან რუსს, ხან სამშობლოს მოღალატეს და რა ვიცი კიდევ რას აღარ ეძახიან.
ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, სპეცრაზმისთვის ცოტა ასაკი აღარ მიწყობს ხელსო…სამშობლოს სიყვარულის სახელით ტყუილის გავრცელება, ადამიანების შევიწროება, მტრად გამოცხადება და მსგავსი ფაშისტური მიდგომები კარგი ამბავი არ არის და იმედია ამ ჭეშმარიტებაზე ყველა ვთანხმდებით", - წერს ანუკი კანკია.