"დღეს თუ ეგენი ჩვენს დაშინებას შეძლებენ, ამას თუ გადავყლაპავთ, მერე უფრო დიდ ტერორს მოგვიწყობენ, ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს!" - კვირის პალიტრა

"დღეს თუ ეგენი ჩვენს დაშინებას შეძლებენ, ამას თუ გადავყლაპავთ, მერე უფრო დიდ ტერორს მოგვიწყობენ, ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს!"

მსახიობი ბაჩო ქაჯაია ერთ კვირაზე მეტია, აქციებზე დგას. გაგაცნობთ მის პოზიციას, როგორ აფასებს ამ პერიოდს, რისთვის გაიფიცნენ მსახიობები, რას ფიქრობს დაჭერების თემაზე, უნდა იდგნენ თუ არა აქციაზე არასრულწლოვნები და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება?

- ბაჩო, სულ ახლახან, თქვენი კოლეგა - ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს, რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები, როგორ მიხდა ანდროს დაკავება, ამის შესახებ რა არის თქვენთვის ცნობილი?

- სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც გავრცელდა, მეც არ მაქვს. ახლა აქციაზე ვიყავი, ცოტა ხნით სახლში შემოვირბინე, თბილად ჩავიცვი და ისევ გავდივარ.

- ერთ კვირაზე მეტია აქციებზე ხართ. რა შეგიძლიათ თქვათ ამ პერიოდზე?

- ყველაფერი ნათელია, ჩვენ ქვეტექსტების კითხვა არ გვჭირდება. ჩემი პროფესიის ხიბლი ის არის, რომ ტექსტის ქვეშ ქვეტექსტი წაიკითხო, მაგრამ დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. პირდაპირ ნათქვამია, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებენ, პირდაპირ ჩანს, რომ კონსტიტუციას არღვევენ, ვხედავთ, როგორ უსწორდებიან ადამიანებს რუსთაველის გამზირზე. უსწორდებიან არასრულწლოვნებს, მსახიობებს, ექიმებს, ჟურნალისტებს... დღეს სახლებში მისვლა და დაჭერები დაიწყეს. არ ვიცით, რატომ რისთვის აკავებენ ადამიანებს?

- თქვენთვის ეს რის ნიშანია?

- ეს მათი მეთოდია, რომ დაგვაშინონ, რაც გამორიცხულია, მოხდეს. დღეს თუ ეგენი ჩვენს დაშინებას შეძლებენ, ამას თუ გადავყლაპავთ, მერე უფრო დიდ ტერორს მოგვიწყობენ. ქართველი ხალხის აგორებული ტალღა ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას აუცილებლად გადაყლაპავს.

- მსახიობები გაიფიცეთ, ეს რას ნიშნავს?

- გვინდა სიმშვიდემ უფრო სწრაფად დაისადგუროს, უფრო მალე გაჩერდეს ყველაფერი, ე.წ. ხელისუფლებას გამოეცალოს ყველა ინსტიტუცია ხელიდან. უნდა დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები და ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს.

- ბაჩო, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თეატრებში სპექტაკლების ჩვენება ისედაც შეჩერებულია, რა შედეგი უნდა მოიტანოს მსახიობების გაფიცვამ? რა პასუხი გაქვთ ამ ადამიანებისთვის?

- თეატრები არ არის გაჩერებული, შეგვეძლო, გვემუშავა. დღეს ჩვენ გვინდოდა, შევსულიყავით რუსთაველის თეატრში, მშვიდად დავმსხდარიყავით და განგვეხილა, გვემსჯელა, გაფიცვის შედეგად გამოთავისუფლებული დრო, აქციებზე დგომის გარდა, გონივრულად როგორ გამოგვეყენებინა. რუსთაველის თეატრში შესვლის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მაგრამ როგორც შევძელით, მაინც მოვახერხეთ ერთმანეთისთვის აზრები გაგვეცვალა. მეტნაკლებად უფრო მკაფიო გახდა ჩვენი მესიჯი, რას ვითხოვთ? თავისუფალი არჩვენების დანიშვნის გარდა, აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. პროტესტს აზრი ყოველთვის აქვს.

- არჩევნების რომ დაინიშნოს, ბუნებრივია, ის პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც დღევანდელ პოლიტიკურ ველზე არიან. მომავალ მთავრობაში ვის ხედავთ?

- ამ თემაზე ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს! ერთპიროვნული მმართველობა უნდა დაინგრეს. კოალიციური მთავრობა ყოველთვის მყიფეა, შიდა კონკურენცია დიდია, საზოგადოებასაც უფრო მარტივად შეუძლია, წნეხის განახორციელოს. ახალმა მთავრობამ ყველა შემდგომი ნაბიჯი უნდა შეათანხმოს საზოგადოებასთან. ერთი პარტია, ბელადი ყოველთვის ხდება დიქტატორი, საკუთარი სურვილების შემსრულებელი და ხალხი აღარავის ახსენდება. ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს!

ვისურვებდი, უფრო ძლიერი ოპოზიციური სპექტრი გვყავდეს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ თითქმის ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის გვიწევდა არჩევანის გაკეთება. ამიტომაც ვართ დღეს ამ მდგომარეობაში. საზოგადოებრივ მოძრაობას უნდა ჰქონდეს დიდი ძალა, ეს ძალა ახლა ჩანს და როდესაც შედეგს მივაღწევთ, ამის შემდეგაც ამ საზოგადოებამ არ უნდა მოადუნოს ყურადღება, უნდა აკონტროლოს მომავალი მთავრობა და მათზე ზეწოლით (კარგი გაგებით), ეს ქვეყანა ერთად უნდა ვაშენოთ.

- არასრულწლოვნების აქციებზე გასვლის თემას უნდა შევეხო, იმ გარემოში, სადაც დაპირისპირება ხშირად ხდება, არის თუ არა არასრულწლოვანის ადგილი?

- ჩემი შვილები 17, 16 და 11 წლის არიან. უფროსები იყვნენ აქციებზე, მაგრამ იყვნენ ჩემთან ერთად, ცალკე არ გამიშვია. 11 წლის ბავშვი არ ყოფილა არასდროს, ის ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა ხდება. რისკი მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, იქ მყოფი ყველა ადამიანისთვის არსებობს, სახლიდან რომ გავდივარ, ვფიქრობ, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად მიჯდება იქ ყოფნა. 3-4 საათზე ადრე სახლში არ მოვსულვარ, ბევრჯერ საერთოდ გამითენებია. ვიცი, იქ რა ხდება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა საფრთხის შემცვლელია აქციაზე ყოფნა. ეს საფრთხეები არ მოდის მომიტინგეების მხრიდან, ე.წ. ხელისუფლების რობოკოპების ძალის გამოყენება ყოველთვის არაპროპორციულია.

- აქციის მონაწილე სამართალდამცველს რომ დამიზნებით ესვრის ფოიერვერკს, ეს ძალადობად არ მიგაჩნიათ?

- ასეთი ძალადობის აღმოფხვრისთვის რობიკოპებს შეუძლიათ ის ადამიანი გაარიდონ აქციას, მაგრამ ცემას, სახის ძვლების დამტვრევას, დაბლა დავარდნილ ადამიანზე, რომელსაც არანაირი ფოიერვერკი ხელში არ უჭირავს, წიხლებით შედგომას, სასიკვდილოდ გამეტებას, გამართლება არ აქვს.

ფოიერვერკის დამიზნებით სროლას არ ვემხრობი, ყველანაირი ძალადობა არასწორია.

ვთვლი, რომ დღეს რაც ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. სამართალდამცველს ვერ ვუწოდებთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან, არც ერთ მათგანს არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვს. ვინმე ძალას თუ გადაამეტებს, ისიც კი არ ვიცით, პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ და ეს უკვე დარღვევაა.

როდესაც ვლაპარაკობთ აქციის მონაწილეების მხრიდან სამართალდარღვევაზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება?

თამუნა კვინიკაძე

(სპეციალურად საიტისთვის)