"სკორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს - ბინ ლადენია? აბსურდის თეატრია ჯერჯერობით. მგონია, რომ ცუდი სიზმარია" - ცნობილი მსახიობის დაკავების დეტალები და გამოხმაურება კოლეგებისგან
დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა წუხელ აქცია გამართეს. .
ადგილზე მისული მსახიობები მის სახელს სკანდირებენ და გულშემატკივრობენ. როგორც მსახიობმა, ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა, მათ წინააღმდეგ ეს არის სისტემის "ბოლო, განწირული მეთოდები".
"ეს არის ახალგაზრდების დაშინება ისე, რომ გარეთ გამოსვლა ვეღარ გაბედონ. ამ შემთხვევაში მაგალითი არის ანდრო, რომ თუ ცნობილი მსახიობი დააკავეს უკვე ახალგაზრდებში შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: "მაშინ ჩემს შემთხვევაში რა ხდება?". ეს არის სისტემის ბოლო, განწირული მეთოდები ჩვენს წინააღმდეგ. ამით ვერ შეგვაშინებენ და ვერ შეაჩერებენ იმ ხალხს, რომლებიც თავიანთ ქალაქებში გამოდიან და აპროტესტებენ ამ ყველაფრის მკადრებელ მთავრობას" ,- განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.
რეჟისორი, დავით დოიაშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე წერს:
"მოვლენები ისე შეიცვალა, რომ მართლა არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩემთვისაც ეს არის აბსოლუტურად გამაოგნებელი ამბავი. ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება, ალბათ, სკორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს, რომ ეგ გაემართლებინა და ამათმა როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, მართლა არ ვიცი, მგონია, რომ ცუდი სიზმარია. აბსურდის თეატრია ჯერჯერობით. ვერ აღვიქვამ ამ რეალობას სერიოზულად.
ნუ გვაჯერებთ იმ რეალობას, რომელიც დაუჯერებელია. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია დაგეთანხმოთ იმ რეალობაში, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, არ შეიძლება ამის გამო მე გამომაცხადოთ ტერორისტად ან ჩემი ყველა მსახიობი. თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში მთელი თეატრი ტერორისტები ვართ. სხვანაირად არ ვიცი რა განცხადება უნდა გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ეს როგორ უნდა გამართლდეს, არ ვიცი. ამიტომ მგონია, რომ აბსურდია ეს ყველაფერი.
წაიკითხეთ სრულად - "როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი..." - ცნობილი მსახიობის დაკავების დეტალები და გამოხმაურება კოლეგებისგან