ამერიკელი გენერალი, რომელიც პუტინსაც ემუქრება და ზელენსკისაც - ჩაიშალა თუ არა ტრამპის სამშვიდობო გეგმა?! - კვირის პალიტრა

ამერიკელი გენერალი, რომელიც პუტინსაც ემუქრება და ზელენსკისაც - ჩაიშალა თუ არა ტრამპის სამშვიდობო გეგმა?!

„დასავლეთი ვოლოდიმირ ზელენსკის „ოქროს გადასახლებას“ უმზადებს“, - ნათქვამია ესპანური გაზეთის, „ელ მუნდოს“ (El Mundo) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ან ყველაფერი, ან არაფერი: კიტ კელოგი ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება და ვოლოდიმირ ზელენსკისაც“ (ავტორი - ალებრტო როხასი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„კიევი და მოსკოვი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის წინაშე დადგნენ იმ დროს, როცა ორივენი ერთმანეთთან ბრძოლის პიკზე იმყოფებიან. უკრაინის ომის დასრულება დღეს უფრო ახლოს არ არის, ვიდრე გუშინ იყო, მაგრამ დონალდ ტრამპის გეგმის მიმართ მოსკოვისა და კიევის რეაქციები უფრო გასაგები და მკაფიო ხდება.

„ოქროს გადასახლების“ შემდეგ

კიევის დიპლომატიურ წრეებში უკვე ორი კვირაა, ვრცელდება ხმები, რომ დასავლეთი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ოქროს გადასახლებას“ უმზადებს ლონდონში, მანამდე, ვიდრე უკრაინაში 2023 წელს გადადებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ასეთ ნაბიჯს მოჰყვება უკრაინის სწრაფი მიღება ევროკავშირში, ეკონომიკური დახმარება და ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგება. ეს იქნება, ძირითადად, ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფები, რომელთა დისლოცირება ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდება, დაზავებისა და კონფლიქტის გაყინვის შემდეგ. მათი ფუნქცია იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა და ინციდენტების პრევენცია.

ამერიკელმა გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა, რომელსაც არჩეულმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის დავალება მისცა, უკვე წერილობითი სახით მიანიშნა, მოლაპარაკების დაწყების განზრახვის შესახებ: „აშშ გააგრძელებს უკრაინის იარაღით უზრუნველყოფას და გააძლიერებს მის თავდაცვისუნარიანობას, რათა კიევს გარანტია ჰქონდეს - ცეცხლის შეწყვეტის (დაზავების) შემდეგ რუსეთი არ შეეცდება შეტევითი ოპერაციების განხორციელებას და თავს აღარ დაესხმება უკრაინას, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ“.

რაც შეეხება რუსეთის იძულებას, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის თაობაზე, თავის ახლო გარემოცვას ქცევის მკაფიო სტრატეგია ვლადიმერ პუტინთან მიმართებით თვითონ დონალდ ტრამპმა მოუნიშნა: „თუ რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობას, ჩვენ უკრაინას იმდენ ყველანაირ იარაღს გავუგზავნით, რამდენსაც თვით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ უგზავნიდა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებზე ისეთი ზეწოლისათვის ემზადება, რომ ორივე მხარე მოლაპარაკებაზე დათანხმდეს.

ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს ზავის პირობები, მაგრამ აქ უკვე დონალდ ტრამპისა და კიტ კელოგის პოზიციები ერთმანეთს შორდება. გენერლის გეგმის მიხედვით, ურთიერთშეხების (ან ურთიერთდაშორების) ხაზი იმ მდგომარეობით დარეგისტრირდება, როგორითაც ამჟამად არის შექმნილი და ამაზე კიევი უცილობლად უნდა დათანხმდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა იძულებული ხდება, რუსეთს მისცეს თავისი ტერიტორიის 18% (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები - მთლიანად, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები კი - ნაწილობრივ), რაც თეორიულად მოსკოვისათვის მოგებიანია. თუმცა ასეთ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს მოუწევს შეურიგდეს დამამცირებელ მდგომარეობასაც: უკრაინის კონტროლის ქვეშ დარჩება რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილი ანუ 800 კვადრატული კილომეტრი, რომლის დაბრუნება რუსებმა ვერ შეძლეს.

არანაირი სარგებელი პუტინისათვის?!

უკრაინამ წერილობითი სახით უნდა ივალდებულოს, რომ უარს აცხადებს ნატოში გაწევრებაზე, მინიმუმ 20 წლის განმავლობაში, მშვიდობის განსაზღვრული გარანტიების სანაცვლოდ. პარალელურად, აშშ გააგრძელებს უკრაინის არმიისათვის იარაღის მიცემას, რომ მისი ძლიერება რუსების შემკავებელი ფაქტორი გახდეს, სამომავლო თავდასხმის თავიდან აცილების თვალსაზრისით. კიევი ვალდებულობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მხოლოდ დიპლომატიურ მეთოდებს გამოიყენებს. ასეთი სახის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით უკრაინას არ მოუწევს, ღიად თქვას უარი თავის ტერიტორიებზე.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უკრაინაში, ისტორიული გამოცდილების გამო, ვლადიმერ პუტინის დაპირებებს არ ენდობიან: კრემლი დიდი ხანია, არღვევს ყველანაირ შეთანხმებას, დაწყებული ბუდაპეშტის მემორანდუმით, რომელშიც უკრაინის დამოუკიდებლობის გარანტიები იყო ჩადებული.

დონალდ ტრამპმა, რა თქმა უნდა, კარგად იცის საქმიანი მოლაპარაკების წარმართვა, მაგრამ არაფერი იცის კრემლის სპეციფიკური ამბიციების თაობაზე. ძალზე პრობლემატურად მოჩანს მისი რწმენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საჭირო მომენტში, აიღებს ტელეფონს, დაურეკავს ორივე ვლადიმერს და ეტყვის - „აბა, ახლა დასხედით მაგიდასთან და მოილაპარაკეთო“. შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკი იოლად დათანხმდეს, მაგრამ ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა დღეს ამგვარ დიალოგში ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავენ.

დათანმხდება თუ არა პუტინი სამშვიდობო გეგმას?!

ასეთ სიტუაციაში კრემლისა და თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაციის პოზიციები არა მარტო ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, არამედ - სხვადასხვა დონეზეც იმყოფებიან. დონალდ ტრამპს სურს, ომი ნებისმიერ ფასად დაასრულოს (უკრაინის ტერიტორიების დათმობით), ვლადიმერ პუტინს კი უკრაინის სახელმწიფოებრიობის შეზღუდვა, მისი ლიდერის დამხობა და მარიონეტული რეჟიმის შექმნა უნდა. ეს არის რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნა გლობალურ და ევროპულ დონეზე, უსაფრთხოების ახალი წესრიგის დასამყარებლად, რომლის ჩარჩოებში რუსეთი კვლავ გახდება საერთაშორისო ურთიერთობების წამყვანი მოთამაშე, აშშ-სთან ერთად - ანუ ისე, როგორც იოსებ სტალინისა და ფრანკლინ რუზველტის დროს იყო. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ყველაფერში მასაც ისე მოუსმინონ, როგორც სტალინს უსმენდნენ, ამიტომ ძნელი იქნება მისი იძულებით მიყვანა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ტერიტორიული საკითხების განსახილველად, რომლებიც მისთვის, პრინციპში, ამ ეტაპზე ნაკლებმნიშვნელოვანია. მას ხომ საერთოდ არ სურს, რომ უკრაინა არსებობდეს!

დღეისათვის კონტანტინე მალოფეევმა, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა თანამზრახველმა, უკვე განაცხადა, რომ კრემლი კიტ კელოგის გეგმაზე უარს იტყვის: „დისკუსია რომ კონსტრუქციული იყოს, მოლაპარაკება უნდა ეხებოდეს არა უკრაინის მომავალს, არამედ - ევროპისა და მსოფლიოს მომავალს. თუ ჩვენთან ამაზე ლაპარაკი არ სურთ, მაშინ ყველა ეშმაკსაც წაუღია“.

წყარო