სი ძინპინის "ქართული გეგმები" - რა ელის საქართველოს, თუ ევროპამ და ამერიკამ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობები საბოლოოდ გაყინა?! - კვირის პალიტრა

ჩინური "მაფია" მოდის?! - სი ძინპინის "ქართული გეგმები": რა ელის საქართველოს, თუ ევროპამ და ამერიკამ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობები საბოლოოდ გაყინა?!

ნათქვამია: „ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ სჯერათ“. დღეს საქართველოში ბევრს რატომღაც სჯერა, რომ ჩინეთი ის ქვეყანაა, რომელიც ინვესტიციებს არ დაიშურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და აღორძინებისათვის. სჯერათ თუ თავს აჯერებენ, სხვებს კი ატყუებენ?

„მეგობრობის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპები“ ჩინეთთან ურთიერთობებში ისეთივე თავის მოტყუებაა, როგორც „ვეგეტარიანული მწვადი”. ამას ევროპაში ჩვენზე ადრე მიხვდნენ და ცდილობენ, თავი დაიცვან „ჩინური ინვესტიციებისგან“, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება „ჩინური დროშა“ ანუ ჩინეთის გეოპოლიტიკური ინტერესები. გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩინეთი წარმატებით იყენებდა სპეცსამსახურებს, სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩინურ დიასპორას, რომელიც მთელ მსოფლიოშია მომრავლებული (განსაკუთრებით – აშშ-ში) და ჩინურ კრიმინალურ სამყაროს, რომელიც „ტრიადის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

ჩინური მაფია მოდის?!

დღესაც ჩინეთის სპეცსამსახურების ძირითადი დასაყრდენი დიასპორა და „ტრიადაა“. სამივე ერთად კი ერთგულად ემსახურება კომუნისტურ რეჟიმს. ჩინეთის მოსახლეობის ზრდის გამო მრავალი მილიონი ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და, როგორც წესი, ღია და ფარულ კონტაქტს აგრძელებს სამშობლოსთან. მრავალრიცხოვანი დიასპორის შიგნით აგენტურის გადაბირება ჩინეთის დაზვერვის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა.

2024 წლის სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ყოფილი თანაშემწე ლინდა სუნი დაადანაშაულა ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ამერიკის კონტრდაზვერვის მტკიცებით, ჩინური წარმომავლობის ამერიკის მოქალაქე ლინდა სუნი წლების მანძილზე მუშაობდა რა ნიუ-იორკის ორი გუბერნატორის (ენდრიუ კუომოსა და ქეითი ჰოკულის) აპარატის უფროსის მოადგილედ, ცდილობდა, ფარულად გაეტარებინა ჩინეთის ხელისუფლების ინტერესები. მინდა, მკითხველმა წარმოიდგინოს, თუ რა მასშტაბებს აღწევდა, სავარაუდოდ, ჩინეთის „გავლენის აგენტის“ ფარული საქმიანობა: ნიუ-იორკის შტატის ფართობი 141 300 კვადრატული კილომეტრია (ფაქტობრივად, ორი საქართველო) და 20,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მისი ბიუჯეტი – 212 მილიარდი დოლარია.

აი ამ უზარმაზარი შტატის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე გალდათ ქალბატონი ლინდა.

2024 წლის 2 სექტემბერს მასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლეც, ასევე ჩინური წარმომავლობის ამერიკელი ბიზნესმენი კრისტოფერ ჰუ. ეფ-ბე-აი ამტკიცებს, რომ ლინდა სუნი მაქსიმალურად ცდილობდა პეკინის ინტერესების ფარულ ლობირებას, რის სანაცვლოდაც ცოლ–ქმარი მრავალმილიონიან „ჰონორარებს“იღებდაო.

bbbbb-1733476049.jpg

კრისტოფერ ჰუ და ლინდა სუნი

გაირკვა, რომ მათ ნიუ-იორკსა და ჰავაიზე შეიძინეს ძვირად ღირებული უძრავი ქონება, რაშიც გადაიხადეს შესაბამისად: 4.1 და 2.1 მილიონი დოლარი. ასევე, შეიძინეს რამდენიმე ძვირად ღირებული ავტომობილი, მათ შორის - 2024 წლის გამოშვება Ferrari Roma. 3 სექტემბერს სასამართლომ ცოლ-ქმარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა შეზღუდა მათი გადაადგილება შეერთებულ შტატებში და აუკრძალა ნიუ-იორკში ჩინეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან კონტაქტი .

ამ სკანდალის შემდეგ, 4 სექტემბერს, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ნიუ-იორკში ჩინეთის გენერალური კონსულის ხუან პინი ქვეყნიდან გააძევა.

bsdbdb-1733475909.jpg

Ferrari Roma – გემოვნება კი კარგი ჰქონიათ

ჩინური მანქანა - ჯაშუშობის იარაღი?!

უკანასკნელი წლების მანძილზე ჩინეთის ხელისუფლება თანხებს არ იშურებს სპეცსამსახურების დასაფინანსებლად. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ეკონომიკურ დაზვერვას და სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გამოყენებას ოპერატიული მიზნით. ჩინეთის დაზვერვა ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, რასაც შემდეგი ფაქტიც ადასტურებს. ნოემბრის ბოლოს საინტერესო ინფორმაცია მოვიდა შორეული ავსტრალიიდან: ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტონი ბერკმა უარი თქვა ესარგებლა ჩინური წარმოების ახალი ელექტრომობილით. ამის მიზეზი კი მისი სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების დაჟინებული მოთხოვნა გახდა: ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ჩინურ ელექტრომობილებს, რომლებიც მოწინავე ციფრული ტექნოლოგიებით არიან „გაძეძგილი“, სულ თავისუფლად შეუძლიათ სენსიტიური ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაადგილების მარშრუტი, მისი საუბრები, გეოლოკაცია და ა.შ. შესაძლოა გაკონტროლდეს ჩინეთის სპეცსამსახურების მიერ. თუ გავითვალისწინებთ, რომ: ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ბატონობს სხვებზე, მაშინ გასაგებია ავსტრალიის სპეცსამსახურების შეშფოთება. თანაც ჩინეთ-ავსტრალიის საკმაო დაძაბული საგარეო-პოლიტიკური ურთიერობის ფონზე.

dpsdpd-1733476084.jpg

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტონი ბერკი აშკარად დამწუხრებულია

ევროკავშირის სტრუქტურებში კი უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჩინეთი ნელ-ნელა ხელში იგდებს მთელ კონტინენტს: ყიდულობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს და ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში ინვესტირებას ახდენს, რის შემდეგაც ისინი, ფაქტობრივად, ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის საკუთრება ხდება. “ჩინური შეტევის” ძირითადი მიმართულებები იყო და არის: ევროპის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ობიექტები, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები და

dddd-1733476111.jpg

ერთ-ერთი ჩინური ელექტრომობილის სალონი

ა.შ. ევროკავშირის ქვეყნებში გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი, რომ ჩინელები ევროპულ კომპანიებს, ძირითადად, არა მოგების მიღების მიზნით, არამედ ამ კომპანიებში აკუმულირებული ინტელექტულური და ტექნოლოგიური სიახლეების ხელში ჩასაგდებად და სამშობლოში, ჩინეთში გადასატანად ყიდულობენ .

ჩინეთის "ქართული გეგმები"

ჩინეთის სპეცსამსახურები განსაკუთრებით გულმოდგინედ იმ ქვეყნებში ცდილობენ ოპერატიულ-აგენტურულ შეღწევას და დამკვიდრებას, სადაც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იკვეთება. ბოლო დრომდე ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოც იყო.

თუ ჩვენმა მრავალწლიანმა პარტნიორ-მეგობრებმა ორმხრივი კავშირები შეაჩერეს, მაშინ ამ ვაკუუმის შევსებას ფარულად რუსეთი, ღიად კი - ჩინეთი შეეცდება.

პეკინი სხვადასხვა მეთოდით კიდევ უფრო გააძლიერებს თავის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი - საქართველოში. ჩინეთის ეროვნული ინტერესების სფეროშია საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქუტურის საშუალებით (რკინიგზა და პორტები) ექსპორტ-იმპორტის გაზრდა შავი ზღვის მიმართულებით, ევროპისკენ. ასევე, ჩინეთის სპეცსამსახურებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სივრცე სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად და „ჰიბრიდული ომის“ საწარმოებლად.

მაგალითები საკმაოზე მეტია. 2019 წლის თებერვალში ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთი იმ ქვეყნების რიგში დაასახელა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ლიეტუვას ეროვნულ ინტერესებს. ლიეტუველი კონტრმზვერავები აცხადებდნენ, რომ ჩინეთის სპეცსამსახურები ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების გეგმების შესახებ. ამ მიზნებისთვის ჩინელი მზვერავები ცდილობენ, გადაიბირონ ლიეტუვას მოქალაქეები, რისთვისაც იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, მაგალითად: უფასო მოგზაურობა ჩინეთში, იქ სწავლის დაფინანსება, ფულადი და სხვა სახის საჩუქრები და ა.შ. „უფასო ყველი“ კი სად არის, მგონი კარგადაა ცნობილი.

შესაძლებელია, ვინმეს ეგონოს, რომ საქართველო ჯერ შორსაა ამ პრობლემებისგან, მაგრამ ამგვარი მიდგომა ნამდვილად მცდარია. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ამ შემთხვევაში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წარმოშობას და მათ შესაძლო ნეგატიურ ზემოქმედებას ქვეყნის ეკონომიკაზე, საქართველოს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა სიღრმისეულად არ შეისწავლის.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს 48,000-ზე მეტი ჩინელი ტურისტი ეწვია. თუმცა თავი არ მოვიტყუოთ: ისინი დაბალბიუჯეტიანი ტურისტების სეგმენტში გადიან და აქედან, თუ არ წაიღეს რამე, თორემ თვითონ არაფერს დატოვებენ. არის კიდევ ერთი სტრატეგიული სფერო, სადაც ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება მეთოდურად ახდენს ადამიანური და ფინანსური რესურსების გააქტიურებას: ეს საქართველოს განათლების, უპირველესად კი - უმაღლესი განათლების, სფეროა. 2019 წელს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ საქართველოში დაარსდა „ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი“. ამ „ჯგუფმა“ უკვე შეიძინა და მთლიანად აკონტროლებს საქართველოს რამდენიმე კერძო უნივერსიტეტს. 2023 წლის ზაფხულში დადებული საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ითვალისწინებს „კონფუცის ინსტიტუტების“ ქსელის გაფართოებასაც. მათი მიზნები, მგონი, გასაგებია.

განათლების სისტემა ქვეყნის აღმშენებლობის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია, მაგრამ თუ ამ სფეროში უცხო ქვეყნების აგენტურის "ჩანერგვა" მოხერხდა, მაშინ ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს ქვეყანა "გავლენის აგენტებით" იმართებოდეს, ძალზე რეალურია.