მამუკა არეშიძის სკანდალური პროგნოზი: "კატასტროფისკენ მივდივართ და ამას ჩვენი მტრები გამოიყენებენ" - "ამ მოვლენების უკან მე ყოველთვის სხვის ხელს ვხედავ - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძის სკანდალური პროგნოზი: "კატასტროფისკენ მივდივართ და ამას ჩვენი მტრები გამოიყენებენ" - "ამ მოვლენების უკან მე ყოველთვის სხვის ხელს ვხედავ"

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- კატასტროფული, ძალიან რთული ვითარებაა და ძალიან ჰგავს იმ ვითარებებს, რომელსაც 30 წლის განმავლობაში გასაოცარი მონდომებით ვქმნით. სულ ერთსა და იმავე ნაბიჯებს ვდგამთ, რაც მთავრდება ქვეყნისთვის უზარმაზარი პრობლემებით, როგორიც არის სამოქალაქო დაპირისპირება, ომი და ა.შ.

გავიხსენოთ ქრონოლოგიურად: 1991 წლის 2 სექტემბერს დაღვრილმა პირველმა სისხლმა მერე განაპირობა ათასი უბედურება. მაშინ "პირველი არხის" ჟურნალისტი გახლდით და აქციები გავმართეთ 2 სექტემბრის მოვლენების გამო. მახსოვს, ტელევიზია გაიფიცა, ისიც მახსოვს, რა ხდებოდა ქალაქში. 2 სექტემბრის სისხლის პატარა გუბეებიდან ზღვები შემდეგ მივიღეთ, სამოქალაქო დაპირისპირება, ომები აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში. მანამდეც იყო დაწყებული კონფლიქტი, მაგრამ ინტენსიური სახე მიიღო. ერთი და იგივე მეორდება საქართველოს ისტორიაში და ეს ყოველთვის მთავრდება სამოქალაქო დაპირისპირებით, სადაც ყოველთვის საქართველო მარცხდებოდა. ამ მოვლენების უკან მე ყოველთვის სხვის ხელს ვხედავ.

მძიმე პროგნოზი

დასაწყისი სწორედ ასეთია და ამას აუცილებლად მოჰყვება სამოქალაქო დაპირისპირება ან ომი. ვხედავ, მუდამ მავანი სარგებლობს ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებით. ძალიან კარგად მახსოვს, როგორც მოხდა გალის მოვლენების პროვოცირება 1998 წელს, მახსოვს აფხაზეთში როგორ დაიგო ხაფანგი გილაევის ლაშქრობის კონტექსტში. "ვარდების რევოლუციაც" ის მოვლენაა, რომელიც სხვაგან დაიგეგმა. მერე იყო 2005 წლის კონფლიქტი და 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლებშიც ყოველთვის მონაწილეობდნენ სხვა ძალები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა დანგრევამდე მიჰყავდათ.

კარგად მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკელ კოლეგებთან ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვეკამათებოდით, რამდენად იყო ამ ომის ინსპირაციაში ჩართული ამერიკის ხელისუფლება. ამერიკელები თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ თეთრი სახლი არაფერ შუაში იყო. დიდი კამათის შემდეგ ერთმა ჩემმა კოლეგამ, რომელიც ახლა ბარიკადის მეორე მხარეს არის, ჰკითხა ამერიკელებს, კარგი, არ იყო თეთრი სახლი ჩართული, მაშინ პენტაგონიო? ამ კითხვას სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. მერე მიგვანიშნეს მაკკეინის გუნდის ჩართულობაზე. ყოველთვის ვიმეორებ თქვენი გაზეთის ფურცლებზე - რადგან საქართველო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ კვანძზე მდებარეობს, მის შორეულ და ახლობელ მეზობელს, პარტნიორს თუ მტერს, სურს მაქსიმალურად აკონტროლოს ეს სივრცე და ამისთვის ქმნიან საქართველოში გავლენის ჯგუფებს. ასე იყო 30 წლის განმავლობაში.

უცხოური ინტერესები საქართველოში

არის რუსული მეხუთე კოლონა, ისლამისტური მეხუთე კოლონა, დასავლური მეხუთე კოლონა, პატარ-პატარა მეზობლები თავიანთი კოლონებით. ყველას თავისი ჰყავს საქართველოში. ყოველთვის სარგებლობენ საქართველოში შიდადაპირისპირებით და ცდილობენ დივიდენდების მოპოვებას. ეს ფაქტია.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთი დაპირისპირების შემდეგ ის ნაპრალი, რაც საზოგადოებაში არსებობს 90-იანი წლების დამდეგიდან, უფრო და უფრო ღრმავდება, ქვეყანა ცნობიერების, ურთიერთობების დონეზეა დაშლილი. საზოგადოება კონსოლიდირებული არ არის. სწორედ ეს არის ჩვენი მეტოქის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც.

- დღეს რაც ხდება, ეს ყველაფერი ხომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია?

- ხელისუფლების გადაცდომებზე არაერთხელ მისაუბრია თქვენი გაზეთის ფურცლებზე, თუნდაც იმაზე, რომ შეიძლებოდა იმავეს გაკეთება შინაარსობრივად, მაგრამ ნაბიჯები ყოფილიყო ბევრად მოქნილი და დიმპლომატიური. ის, რომ სხვა ძალები მოქმედებენ ზუსტად იმისთვის, რომ ეს ჯახი მომხდარიყო, ეს ხომ ფაქტია?! მე ხომ ვხედავ, რა ხდება მიტინგების დარბევის დროს. პარადოქსულია, ერთ ტელევიზიაში გუშინ შეჭრა რომ მოინდომეს. იმ ტელევიზიას შევალიე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები და ძალიან კარგად ვიცი, როგორ იქმნება საჭირო სიუჟეტები. გაყოფილი კადრები აჩვენეს: რუსთაველის ერთ კუთხეში მომიტინგეები მშვიდად დგანან, ამ დროს კი ჭიჭინაძის ქუჩაზე, რომელიც ამდენი დღეა სტალინგრადი გახდა, გააფთრებული ბრძოლაა. ჩანს კიდეც, რომ პოლიციასთან კონფლიქტს იწყებენ შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პირები. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ, რომ პოლიციამ მოთმინება დაკარგოს, რა საგნები იხმარონ ამისთვის. საგნების სახეობა და ხარისხი ყოველდღიურად იხვეწება. აშკარად ჩანს, რომ ამ ახალგაზრდა ხალხის დიდ ნაწილს, რომელსაც ვიღაც მართავს, შესაბამისი წვრთნა აქვთ გავლილი.

- ისიც ფაქტია, რომ პოლიცია სასტიკად უსწორდება ხალხს.

- მე არ მიყვარს ზედაპირული მსჯელობა. დიახ, ამაზეა გათვლილი პროპაგანდისტების ქმედება - ზოგი რეაგირებს იმაზე, რასაც აჩვენებს ტელეკომპანია "იმედი", მეორე მხარე რეაგირებს იმაზე, რასაც აჩვენებს "ტვ პირველი". ეს ზუსტად საზოგადოების გაყოფის ტექნოლოგიაში შედის. ის, რაც ჩაიდინეს კონკრეტულმა პოლიციელებმა, კრიტიკაც არ არის საჭირო, ცალსახაა.

- ამ დღეებში არაერთი აქტივისტი დააკავეს­ სამართალდამცავებმა, იმართება სასა­მართლო პროცესები, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ერთი სამართალდამცავიც კი არ არის პასუხისგებაში მიცემული. რატომ არ სჯის მათ ხელისუფლება?

- მოდი, ვაღიაროთ - პოლიციელების სამართლებრივი დევნა რომ დაიწყონ, სხვა პოლიციელები აღარ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. გაიხსენეთ ამერიკაში მომხდარი ფაქტი, როდესაც პოლიციელებს შემოაკვდათ ერთი ტიპური კრიმინალი, აბსოლუტურად უკანონო მეთოდებით დაკავებული. მის სიკვდილს დიდი ამბები მოჰყვა ამერიკაში, ქალაქები მოიცვა კრიმინალმა და რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. ხაზს ვუსვამ - მაშინ პოლიციელებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს იმ პოლიციელებმაც, რომლებიც წიხლებს ურტყამენ წაქცეულ ბიჭს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა მათ პასუხისმგებლობაში ვერ მისცემენ. როგორც ვიცი, ის პოლიციელები, რომლებიც ამ დღეებში ასე მოქმედებდნენ, ჩამოშორებულები არიან ამ საქმეს, მაგალითად, ვინც ჟურნალისტ როგავას ურტყამდა. მე არ ვმუშაობ შს სამინისტროში, მაგრამ ვიცი, რომ ის პირები ჩამოაშორეს აქციებს.

ახლა მთავარი ის არის, რომ კატასტროფისკენ მივდივართ.

რაც ხდება, არის ერის გახლეჩა და ამ სიტუაციას ჩვენი მტრები გამოიყენებენ. მერე ხელისუფლებამ დააშავა თუ ოპოზიციამ, არავის ემახსოვრება, საბოლოოდ ქვეყანა დაზარალდება.

წაიკითხე ვრცლად: „მთავარია, საქართველო არ დამარცხდეს...“