"მრავალწლიანი ცილისწამების და დუმილის შემდეგ, აღარც მე ვაპირებ ამ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეზე გაჩუმებას. ნათია მურაჩაშვილი, ველოდები შენს გამოხმაურებას"
გუშინ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საქართველოს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ გავიდა. ჟურნალისტი, რომელმაც პრეზიდენტს ინტერვიუ ჩამორთვა არხის ერთ-ერთი წამყვანი სახე თამთა სანიკიძე გახლდათ.
ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ჟურნალისტს სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა კითხვების ფორმულირება დაუწუნა, ასევე წერდნენ, რომ სანიკიძეს დაკითხვაზე ჰყავდა პრეზიდენტი.
სანიკიძეს ასევე შეახსენეს, რომ ის პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რძალია. წლებია, რაც სანიკიძე დაოჯახებულია ივანიშვილის დის შვილზე, შმაგი კობახიძეზე, წყვილს საერთო შვილი ჰყავს.
წლების წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან პირველად გადადგა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის შემცვლელად ივანიშვილის დის შვილი შმაგი კობახიძე განიხილებოდა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც წლების მანძილზე ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი გახლდათ, მედიასთან ამბობდა:
"შმაგის ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ არ მგონია, რომ ამ თემას სერიოზულად უნდა განვიხილავდეთ. არ მგონია, რომ ან მას უნდოდეს ეს, ან ვინმე განიხილავდეს ამ თემას."
ინტერნეტში აქამდე არ იძებნება შმაგი კობახიძის არცერთი ფოტო.
რაც შეეხება მეორე თემას, რომელიც პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ თამთა სანიკიძის გარშემო კიდევ ერთხელ აგორდა, აქამდე ბევრჯერ გავრცელებული ჭორია, რომელსაც თავად ჟურნალისტი ყველა ჯერზე უარყოფს.