უკრაინული ტრაგედია: 105 ათასი დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული - ზელენსკი უარყოფს
რუსეთ-უკრაინის ომის ათასი დღე-ღამის გასვლის შემდეგ, ორივე დაპირისპირებული მხარე კვლავ მალავს საკუთარ საბრძოლო დანაკარგებს, სამაგიეროდ, აზვიადებს მოწინააღმდეგის დანაკლისს.
რამდენიმე დღის წინ ამ ბლოგში ვწერდი, რომ უკრაინის არმიის დანაკარგი ცოცხალი ძალის სახით, რომელიც დაუბრუნებელ დანაკლისს განეკუთვნება, 100 ათასს შეიძლება აღწევდეს-თქო...
რა ინფორმაცია მიაწოდა გენშტაბმა ზელენსკის?!
და გუშინ, ცნობილმა უკრაინელმა სამხედრო ბლოგერმა იური ბუტუსოვმა გაავრცელა ინფორმაცია - უკრაინის გენშტაბმა მიაწოდა ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტ ზელენსკის იმის შესახებ, რომ დღეისათვის უკრაინის არმიას დაუბრუნებელი დანაკლისის სახით, დაღუპული ჰყავს 70 ათასამდე მებრძოლი, ხოლო 35 ათასი კი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რაც საერთო ჯამში, 105 ათას-კაციან დანაკარგს შეადგენს...
უგზო-უკვლოდ დაკარგულებიდან ზოგიერთი შემდგომ შეიძლება ცოცხალი მოიძებნოს, მაგრამ მათი რიცხვი, როგორც წესი, უმნიშვნელოა...
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამ დანაკარგს, ალბათ, არ აღიარებს, რადგან ნოემბრის ბოლოს, როდესაც ცნობილმა გამოცემამ The Economist-მა გამოაქვეყნა უკრაინის არმიის სავარაუდო დანაკარგი ცოცხალი ძალის სახით და მისი მაქსიმალური რაოდენობა 100 ათასით შეაფასა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაღიაზიანებულმა განაცხადა, რომ ამ ომში 80 ათასზე ბევრად ნაკლები უკრაინის დამცველი დაიღუპაო...

შესაბამისად, პრეზიდენტი ზელენსკი უარყოფს უკრაინელი სამხედრო ბლოგერის - ბუტუსოვის ამ განცხადებას, გენშტაბს პრეზიდენტისთვის დაუბრუნებელი დანაკარგის სწორედ ეს რიცხვი -105 ათასი, აქედან - 70-ათასამდე დაღუპული და 35-ათასამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული რომც მიეწოდებინა...
ამ მძიმე სტატისტიკიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის, რომ დაღუპულთა რიცხვის ნახევრამდე ადის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი, რაც მხოლოდ ერთ უდიდეს საშინელებაზე მიუთითებს - უკრაინის არმიას ძალიან უჭირს ბრძოლის ველიდან დაღუპულთა ცხედრების გამოტანა ან კიდევ უფრო უარესი... დაჭრილების დროული ევაკუაციაც, რაც გარკვეული დროის შემდეგ მათი ტანჯვით დაღუპვას იწვევს...
აგრესორი რუსეთის დაუბრუნებელი საბრძოლო დანაკარგები პირად შემადგენლობაში კიდევ უფრო საშინლად გამოიყურება და, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მალავს მათ რაოდენობას, ეს რიცხვი უკრაინელების დანაკარგზე თითქმის ორჯერ მეტი უნდა იყოს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები მუდმივი შეტევის პროცესში იმყოფებიან, ხოლო შეტევაზე გადასულ მხარეს ყოველთვის მეტი დანაკარგი აქვს თავდაცვაში მყოფთან შედარებით. მით უმეტეს იმ ისტორიული შეტევითი ტაქტიკის გათვალისწინებით, რასაც რუსი გენერლები ყოველთვის მიჰყვებოდნენ -Мы за ценой не постоим და Бабы новых нарожают...
დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევების მიხედვით, რომლებიც დაფუძნებულია ნეკროლოგებისა და საფლავების მოძიებით, ნოემბრის ბოლოსთვის რუსეთს უკრაინაში დაზუსტებულად დაღუპული ჰყავდა 79 ათასზე მეტი თავისი მოქალაქე, თუმცა გასაგებია, რომ ყველას ნეკროლოგი რუსეთის ადგილობრივ პრესაში არ ქვეყნდება...
შეიძლება ითქვას, რომ ათასი დღე-ღამის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ამ ომში უკრაინის მხარის (რომელშიც სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოხალისეებიც შედიან - დაღუპულია 70-მდე ქართველი, როგორც საქართველოს, ისე - უკრაინის მოქალაქე) დაუბრუნებელმა დანაკარგმა ცოცხალი ძალის სახით შეადგინა სწორედ 105 ათასი (70 ათასი დაღუპული და 35 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგული), ხოლო სანიტარულმა დანაკარგმა (სანიტარულ დანაკარგში ითვლებიან ის დაჭრილი და ავადგამხდარი მეომრები, რომლებმაც ერთ დღე-ღამეზე მეტხანს დაკარგეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის უნარი, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ისინი ბრუნდებიან ბრძოლის ველზე) მიაღწია ან გადაცდა 300 ათას კაცს.
რამდენი მებრძოლი დაკარგა რუსეთმა?!
აგრესორი რუსეთის შემთხვევაში, დაუბრუნებელი დანაკარგის რაოდენობა აჭარბებს 200 ათასს, ხოლო დაჭრილ-დაშავებულების კი აღემატება 400 ათასს...
გამოდის, რომ საერთო ჯამში, რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან უკვე დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა არანაკლებ 350 ათასი ადამიანი, ხოლო დაიჭრა-დაშავდა-დასახიჩრდა 700 ათასზე ბევრად მეტი...
რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე ფართომასშტაბიანი და სისხლისმღვრელი საბრძოლო მოქმედებები, რომელიც ბევრად უფრო ტრაგიკულად აისახება უკრაინის ერზე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძირითადი საომარი მოქმედების თეატრი სწორედ უკრაინის ტერიტორიაზეა და მეორეც - ომამდე რუსეთის მოსახლეობა 144 მლნ იყო, უკრაინისა კი - მხოლოდ 41 მლნ და იქიდან დღეს უკრაინაში მხოლოდ 35 მლნ-იღა თუ დარჩა...