"მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ოპოზიცია საკუთარ სამშობლოს მტერივით ექცევა”
"ეს ინტერვიუ ერთი რიგითი ქართველის თვალით დანახული რეალობაა, გთხოვთ, ნურავის "ისტობას" ნუ დამწამებთ, არც ერთ პოლიტიკურ მხარეს არ წარმოვადგენ, გეტყვით იმას, რასაც ვხედავ და როგორც ვფიქრობ", - ამბობს მსახიობი დავით დვალი და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.
- ამ მდგომარეობას შევაფასებ, როგორც განსაცდელს საქართველოსთვის, რომელიც გასავლელი და გადასატანი აქვს. ყველა ნორმალური ადამიანის სურვილია, რომ ზედმეტი დაძაბულობა თავიდან ავირიდოთ.
- დაძაბულობა უკვე არის.
- როდესაც ადამიანი თავის რადიკალურ აზრს მიყვება, მას განსხვავებული აზრის მოსმენის სურვილი არ აქვს. ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ მხარეს არ ვგულისხმობ. მშვიდ გარემოში მოლაპარაკებას და აზრის გაცვლას მოაქვს სიკეთე და არა - შხამიანი ენით საუბარს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველი, ან პირიქით - კარგი აღმოჩნდეს. დიდი პოლიტიკა ზედაპირულად არ უნდა განიხილებოდეს, მას სხვა სიღრმეები აქვს. პოლიტიკა და ეკონომიკა განუყოფელი ნაწილია. ჩვენს ეკონომიკაში და გეოპოლიტიკაში დიდი ცვლილებები იგეგმება. აბრეშუმის გზა არის ჩვენი ხსნა და ქვეყნის დიდი წარმატება. ეს გზა სხვა, ძველ სატრანზიტო ქვეყნებს ძალიან არ მოსწონთ. არ მოსწონთ, რომ ცენტრალური მაგისტრალი საქართველოში გაივლის. ის მნიშვნელობა, ამ გზით ჩვენი ქვეყანა რომ შეიძენს, შეიძლება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც გულზე დიდად არ ეხატებოდეს.
აქციის მონაწილე რომ გამოდის აღშფოთებულია (და ვთვლი, რომ სამართლიანად) იმით, რომ მის გვერდით მყოფის უფლებები დაირღვა, ვიღაც გაილახა, ამაზეა კონცენტრირებული, ამაზე აგებს თავის აგრესიას. ახლა ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან შევხედოთ. ხელისუფლება უნდა ხედავდეს, რომ ამ ახალგაზრდებს გული აქვთ ანთებული, თავიანთი სამშობლოსთვის იბრძვიან, გულწრფელები არიან. დღევანდელი პოლიტიკის გაგება ძალიან რთულია, ის არ არის მხოლოდ, რაც ზედაპირზე ჩანს. მგონია, რომ ხელისუფლებას და აქციის მონაწილეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა. უნდა იქნეს ახსნილი მათი პოზიცია, რით არის გამართლებული. შეიძლება ყველაფერი ბოლომდე ვერ ითქვას პოლიტიკაში, მაგრამ მთავარი სათქმელი უნდა მიიტანო ამ ახალგაზრდებამდე. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ხელისუფლება რქებით აწვება თავის გზას და არავის ითვალისწინებს.
- ამ ქვეყანაში არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, ამ მიდგომამ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს?
- ამით მხოლოდ საქართველოს მტერმა შეიძლება ისარგებლოს, აქციაზე მოხდეს რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მტრისთვის იქნება სასურველი. მეც ვიყავი ახალგაზრდა და ძალიან კარგად მესმის, ახლა რას გრძნობენ, როგორი შემართება აქვთ. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ასაკში ცხელ გულზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ის გამოცდილებაც ნაკლებია, რომელიც სწორი ანალიზის ჩასატარებლადაა საჭირო. საბედნიეროდ, ამ ახალგაზრდებს არ აქვთ გამოვლილი 1990-იანი წლები, არ იციან, რა უბედურება მოაქვს ქართველების დაპირისპირებას. ისინი თავიანთი მდგომარეობის რომანტიზებას ახდენენ. დაძაბული სიტუაცია ბევრად მეტ რამეს აფუჭებს, ვიდრე აკეთებს. ნათელი, სუფთა და წმინდა მიზანი არეულობით ვერ მიიღწევა. არეულობის დროს, ყოველთვის ბინძური ძალა ნახულობს სარგებელს.
- ამ პროცესებში მესამე ძალის ხელს ხედავთ?
- რა თქმა უნდა, მესამე ძალა ჩვენი მტერია, წამქეზებელია. მას აწყობს ჩვენი დაპირისპირება. წაქეზებაა რუსეთში გაკეთებული განცხადება, როდესაც ხელისუფლების წევრების სიმამაცე შეაქეს.
- ეს ხელისუფლების მხარდაჭერად იქნა აღქმული.
- ჩემი აზრით, ეს კონკრეტული ძალის მხარდაჭერა კი არა, წაქეზებაა მისდამი, ამით დესტაბილიზაცია და არეულობა შემოაქვთ. ამ ქვეყნის დასუსტება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ!
- როდესაც მოლაპარაკებები არ გაგვიხსნა, ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ მოექცა? ამის განცდა თქვენ რამდენად გაქვთ?
- ეს განცდა მაქვს. ნებისმიერი კავშირი თავის ინტერესებს ატარებს, სხვის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს. ქვეყნებს აქვთ თავიანთი იდენტობა, რომელიც არ უნდათ რომ დაკარგონ, მაგრამ სურთ იყვნენ ევროკავშირის წევრები. მეც არ მინდა დავკარგო ჩემი იდენტობა, ამაში ცუდი რა არის? როგორც ვხედავ, ეს ევროკავშირისთვის დიდად სასურველი არ არის და მისი ეს მიდგომა არ მომწონს.
ყველა მხარის აზრს ვისმენ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიჯერებ, ჩემთვის ანალიზის გაკეთებაში მეხმარება. რა არის სწორი რა - არა. დღეს ამ დაძაბული მდგომარეობის განმუხტვა ევროკავშირს ძალიან მარტივად შეუძლია - გახსნას მოლაპარაკება და ყველა დამშვიდდება. მეტსაც გეტყვით, საერთაშორისო არენაზე მოვლენების ობიექტურად გაშუქება არ ხდება.
- ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რას ფიქრობთ?
- ოპოზიცია და მომიტინგეები ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ, ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ძალაა, სხვადასხვა სულისკვეთება და შემართებაა. მომიტინგეები არიან გულანთებული ადამიანები, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ოპოზიცია საკუთარ სამშობლოს მტერივით ექცევა. საქართველო ნებისმიერი ფორმით რომ დაზარალდეს, გამარჯვებულები გამოდიან. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ვინმემ მოითხოვოს. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ითქვას, რომ ეს საქმე ამ მთავრობის ხელში გაფუჭდა.
- თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს სიკეთე ამ მთავრობის მონაპოვარია.
- ეს პირდაპირი ღალატია. ამიტომ ოპოზიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან გამიჯნულები უნდა იყვნენ.
- აქციის მონაწილეები, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და კოალიციურ მთავრობას ითხოვენ. არჩევნები მართლაც რომ დაინიშნოს, არჩევანის გაკეთება ხომ ისევ ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოგვიწევს. შესაბამისად, კოალიციურ მთავრობაშიც ისინი მოვლენ. გამიჯვნა სად არის, ეს როგორ გამოდის?
- ამ საკითხში ვერ ჩაგყვებით. ჩემი აზრით, არჩევნების ჩატარებას ყველა თავისი ინტერესებით ითხოვს. ვერ გავიგე, სადამდე უნდა ვატაროთ განმეორებითი არჩევნები? მიღებული შედეგი კიდევ ვინმემ რომ გააპროტესტოს, ისევ თავიდან ჩავატაროთ? მახსოვს, 26 ოქტომბრამდე ყველა ამბობდა, ელექტრონული ფორმატით ტარდება და გაყალბება გამორიცხულიაო, ეს არჩევნები ნამდვილ შედეგს გვაჩვენებსო.
საერთოდ სადამდე შეიძლება განიხილებოდეს ქუჩაში ქვეყნის პოლიტიკა? ამ საქმეს მცოდნე, გამოცდილი ადამიანები უნდა მართავდნენ.
- ბოლო 2 დღის განმავლობაში, ვნახეთ, მსახიობების პროტესტი, გაფიცვა. თქვენ ამ სფეროს წარმომადგენელი ხართ, რა გაქვთ სათქმელი?
- ნებისმიერი პროფესიის ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი. თქვენ თქვით "მსახიობების პროტესტი", მე ვიტყვი, მსახიობების ნაწილის პროტესტია. არსებობენ მსახიობები, რომლებიც მათგან განსხვავებულად ფიქრობენ და არსებობს მესამე კატეგორია, რომელსაც ვთვლი, რომ თავად განვეკუთვნები, მსახიობები, რომლებიც არც ერთ მხარეს არ წარმოადგენენ.
საქართველოში მხარეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ავირჩევ, რადგან ვთვლი, რომ ორივე მხარეს ჩემი დები და ძმები არიან. როდესაც მხარეს ირჩევ, უკვე რადიკალი ხდები და რადიკალიზმს სიკეთე არასდროს მოუტანია.
ვის აწვები ბოლომდე, შენსავე მოძმეს?
დაჯექი, დაილაპარაკე და ცივილურად გადაწყვიტე, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს მომავალი.
- ხშირია მოწოდებები ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის მისამართით, დატოვონ არხი, გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სირცხვილით ცხოვრება მოუწევთ. როდესაც მეორე ადამიანის თავისუფალ არჩევანში ერევი, ამ აზროვნებით ევროპული ქვეყნის აშენება შეიძლება?
- ეს ძალადობაა, როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში თავისუფლებაზე გქონდეს პრეტენზია. შეიძლება მეორე ადამიანის აზრი არ მომწონდეს, მაგრამ დაველაპარაკები, ვერ გაიგებს? ამის გულისთვის არ დავაბულინგებ, არ ვეტყვი, რომ შტერია.
- ამ შემთხვევაში უფრო მძიმე ბრალდებები ისმის. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?
- დიალოგი, მოლაპარაკება, ამას ალტერნატივა არ აქვს. როდის უნდა ამოვისუნთქოთ, როდის უნდა განვვითარდეთ, ჯერ შიდა დაპირისპირებას ვერ გავცდენილვართ. თუნდაც 2 წელი რომ გავერთიანდეთ და ერთი სულისკვეთებით ვიაროთ, იცით, როგორი განვითარება გვექნება? მსოფლიოში თითით საჩვენებელი ქვეყანა ვიქნებით.
- როგორ უნდა განვითარდეთ, როდესაც ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ამ მთავრობის პოლიტიკით, რუსეთისკენ მივექანებით.
- მე ასე რადიკალურად საკითხს ვერ ვხედავ. რომელიმე აზრის მუსირებას კი არ ვახდენ, ყველას ვუსმენ და ანალიზს ვაკეთებ. მჯერა, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს აქციაზე დგანან, სამშობლო ძალიან უყვართ, მჯერა, მომავალში ბევრ კარგ რამეს გააკეთებენ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ დღეს ყველას მეტი დაფიქრება და გონიერება გვმართებს!
თამუნა კვინიკაძე
(სპეციალურად საიტისთვის)