"ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის" - რა განაცხადა ანზორ კვარაცხელიამ სასამართლოზე?
ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
"ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის", - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ განაცხადა.
მან მოსამართლეს ადვოკატების შუამდგომლობის გათვალისწინება სთხოვა, რომლებმაც სასამართლოში კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართეს, ალტერნატივის სახით კი, მოსამართლეს 10 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.