გზა უფსკრულისკენ - რა ელის საქართველოს, თუ მძიმე კრიზისი სასწრაფოდ არ განიმუხტა?! - კვირის პალიტრა

გზა უფსკრულისკენ - რა ელის საქართველოს, თუ მძიმე კრიზისი სასწრაფოდ არ განიმუხტა?!

ჩვენ ყველას, ერსაც და ბერსას, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში გადაიჩეხოს. ყველა შეცდომა გამოსწორებადია, ყველა პოლიტიკოსი შეცვლადია, მაგრამ წელში გატეხილ ქვეყანას არაფერი ეშველება. გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირებამ თაობებს მომავალი დაუკარგა. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს.

ამ დღეებში რამდენჯერმე გადავრჩით მსხვერპლს, რაც ისეთ პროცესებს გამოიწვევდა, რომ ქვეყანა დიდი ალბათობით თავზე დაგვენგრეოდა. სიტუაცია აუცილებლად განსამუხტია - პირველ რიგში, კომპრომისებისა და დათმობების ხარჯზე. საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და სწორედ მან უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები სიტუაციის დასტაბილურებისთვის.

თუ საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტა, ძალიან ცუდი დომინოს პრინციპი დაიწყებს მოქმედებას. პირველ რიგში, ეს „დაარტყამს“ ლარის კურსს, გაყინავს ქვეყანაში ბიზნეს აქტივობებს - ინვესტიციების შემოსვლაზე საუბარიც არ არის. საბოლოოდ, ეს დასრულდება ეკონომიკური კოლაფსით. გაჭირდება ხელფასებისა და პენსიების დარიგება. ქაოსი ქვეყანაში მოარღვევს უსაფრთხოების ყველა სისტემას და აღზევდება კრიმინალი. შეჩერდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამით ისარგებლებს ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დაცვის მოტივით შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოაწყოს. ხაზს ვუსვამთ - რუსეთის სპეცსამსახურების ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოში პოლარიზაცია გადაიზადოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში, შემდეგ კი კიდევ უფრო ღრმა ქაოსში.

მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში, ერთ-ერთი ტრაგიკული ის იქნება, რომ ემიგრაცია რამდენჯერმე გაიზრდება, მასობრივი გახდება „ტვინების გაჟონვა“ საზღვარგარეთ“ - პირველ რიგში, ახალგაზრდების. ეს დემოგრაფიული კატასტროფა იქნება.

ამ სცენართან, სამწუხაროდ, ძალიან ახლოს ვართ.