"ჩვენ სხვადასხვანაირად გვაცვია, სხვადასხვა საღვთო წერილს ვკითხულობთ, მაგრამ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით, რომ ადამიანმა შეძლოს დაინახოს ღმერთი" - რა თქვეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირებმა აქციაზე
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.
სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით- „ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის“.
რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.
"ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან", - ასე მიმართა ქართველ მუსლიმთა წინამძღვარმა ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულ სამართალდამცავებს.
სასულიერო პირმა პოლიციელებს სთხოვა, ახალგაზრდებზე ხელი არ აწიოს.
„მე, როგორც ქართველი მუსლიმი წინამძღვარმა მინდა გთხოვოთ, რომ არ იძალადოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. თქვენც და ჩვენც ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ყველანი ქართველები ვართ და ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და გაერთიანებული, ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან“, - განაცხადა სასულიერო პირმა.
"ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს ჩვენს ქალაქში და ეს ყველას სირცხვილია - თქვენი სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ჩვენი სამშობლოს სირცხვილია - ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ სამართლიანობის მხარეზე იყოთ ყოველთვის და თქვენი სინდისის კარნახის მიხედვით მოქმედებდეთ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც თქვენ იღებთ", - ასე მიმართა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარ სამართალდამცველებს.
სასულიერო პირმა პოლიციელებს სთხოვა, უყვარდეთ საკუთარი მომავალი.
„ჩვენ ყველას გვწამს, რომ ღმერთი ერთია, ადამიანობა ერთია, ეს პლანეტა ერთია და ჩვენთვის, ამ ქვეყნის მკვიდრთათვის, ეს არის ერთი სამშობლო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ცხოვრების ის პაწაწინა მონაკვეთი, რომელიც ადამიანმა უნდა გაატაროს ამ ქვეყანაზე, სჯობია, რომ გაატაროს მშვიდობაში, სიყვარულში, თავისუფლებაში, ურთიერთპატივისცემაში.
ჩვენ სხვადასხვანაირად გვაცვია, სხვადასხვა საღვთო წერილს ვკითხულობთ, მაგრამ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით, რომ ადამიანმა შეძლოს დაინახოს ღმერთი, დაინახოს ადამიანი, შეძლოს ადამიანის მიმართა თანაგრძნობა გამოხატოს, რომელიც დაჩაგრულია, დამცირებულია, შევიწროებულია. ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს ჩვენს ქალაქში და ეს ყველას სირცხვილია - თქვენი სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ჩვენი სამშობლოს სირცხვილია. ამ ბავშვებზე უკეთესი ჩვენ არავინ და არაფერი გვყავს ამ ქვეყანაზე. თუ ესენი არ იქნებიან ჩვენ, ჩვენი მომავალი არ გვაქვს, არც ჩვენ კულტურას არ აქვს მომავალი, არც ჩვენ ქვეყანას არ აქვს მომავალი. დაზოგეთ, გიყვარდეთ საკუთარი მომავალი. გიყვარდეთ ისინი, ვინც ყველაზე ძვირფასები არიან ჩვენში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ყველანი გაკურთხოთ, შეგაძლებინოთ, რომ სამართლიანობის მხარეზე იყოთ ყოველთვის და თქვენი სინდისის კარნახის მიხედვით მოქმედებდეთ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც თქვენ იღებთ. ღმერთი იყოს თქვენთან, ღმერთი იყოს ჩვენთან, ღმერთი იყოს საქართველოში“, - მიმართა მალხაზ სონღულაშვილმა პოლიციის წარმომადგენლებს.
"მერე რა, რომ ჩვენ არ გაგვიჩენია ის ბავშვები, რომლებსაც თავში წიხლი ამოარტყეს, რომლებიც დააპატიმრეს, რომლებსაც შეიძლება 7-დან 9 წელი მიუსაჯონ, ისინი არიან ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი", - ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ პარლამენტთან, აქციაზე განაცხადა.
რუსუდან გოცირიძის თქმით, ღვთისმსახურის მთავარი მისია უნდა იყოს დაჩაგრულის მხარეს ყოფნა.
„მგონი, ადრეც უნდა გამოვსულიყავით იმიტომ , რომ როცა ის დედა, რომელიც მუხლებზე დაეცა და „ჩემი შვილიაო“ ყვიროდა, მაშინ ვყვიროდით ყველა დედა, რომ ყველას შვილი იყო. მერე რა, რომ ჩვენ არ გაგვიჩენია ის ბავშვები, რომლებსაც თავში წიხლი ამოარტყეს, რომლებიც დააპატიმრეს, რომლებსაც შეიძლება 7-დან 9 წელი მიუსაჯონ. ისინი არიან ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი. ღვთისმსახურის მთავარი მისია უნდა იყოს დაჩაგრულის მხარეს ყოფნა. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ჩვენი სამშობლოს მომავალს, ამიტომ ვდგავართ აქ“, - განაცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.