ასადი გაფრინდა, მისი გენერლები ერაყში გარბიან, დამასკო რამდენიმე საათში დაეცემა?
ის რაც ამ საათებში, 2024 წლის 7 დეკემბრის მიწურულს ხდება სირიაში, უბრალოდ წარმოუდგენელია - ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელმაც 2011 წლიდან დღემდე გაუძლო სამოქალაქო ომს, სულ რაღაც ათიოდე დღეში ფაქტობრივად ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც 27 ნოემბრიდან მისმა მოწინააღმდეგებმა სხვადასხვა მიმართულებებიდან შეუტიეს...
ბოლო ინფორმაციების თანახმად, აეროპორტიდან აფრინდა და გეზი ერაყისკენ აიღო გამბიის დროშით მფრენმა კერძო რეაქტიულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც შეიძლება იყოს თავად სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელიც სავარაუდოდ ასე შველის თავს, რომ არ გაიზიაროს ლიბიელი კოლეგის მუამარ კადაფის საშინელი ბედი...
ასადს თავის ოჯახი უკვე გახიზნული ჰყავს მოსკოვში, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებდა, რადგან არც რუსეთმა, არც ირანმა და არც „ჰეზბოლამ“ მის რეჟიმს სათანადო დახმარება ვეღარ აღმოუჩინეს, რადგან საკუთარი პრობლემებიც საკმაოდ დაუგროვდათ.
სირიელი სამხედროები განსაკუთრებულად განაწყენებული არიან ირანის ხელისუფლებზე, რომელმაც ორი ბრიგადის მიშველება აღუთქვა, მაგრამ დანაპირები არ თუ ვერ შეასრულა.
შედეგად, სირია-ერაყის საზღვარზე ახლა დიდი საცობია... სირიის არმიის ტანკებისა და ჯავშნმანქანების, რადგან სირიელი სამხედროები ასე შველიან თავს, ერაყში გადასვლით...
შესაბამისად, სირიის დედაქალაქის დამასკოს დაცვისთვის, რომელსაც მოწინააღმდეგეები ორი მხრიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან რამდენიმე კილომეტრში მიუახლოვდნენ, დიდი ბრძოლები აღარ გაიმართება და ის ჩაბარდება...
ასე დასრულდება ბაშარ ასადის 24 წლიანი პრეზიდენტობის ხანა და შესაბამისად ერთი ქვეყანა გამოაკლდება იმ ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი ქვეყნების რიცხვს, ვინც რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია აღიარა...
P.S. ასადის რეჟიმის დამხობისთანავე დაიწყება ახალი „კინო“- თუ როგორ გაასწრებს რუსეთი სირიის ჰმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო სამხედრო ბაზებიდან აჯანყებულებს, იქნებ მოსაგონარი გახდეს 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების სწრაფი ევაკუაცია, რასაც კრემლი თეთრ სახლზე დასაცინად სულ იყენებდა...