"ისეთ მონსტრთან შებმა, როგორიც რუსეთია, საქართველოს არ შეუძლია. გვრჩება იმედად ევროპა, რომელიც ჩემთვის უკანასკნელი ხავსია. დღევანდელი კრიზისული სიტუაცია სასწრაფო პასუხს ითხოვს"
"დიდი ხანია, გაწყვეტილი მაქვს ურთიერთობა ჟურნალისტებთან...
ორი ნინო ვარ - ერთი ძალიან დალაგებული და დაგეგმილი შემოქმედებით ცხოვრობს, და მეორე ნინო - იმპულსური, ემოციური და ხასიათზე დამოკიდებული"
ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, ფიქრის, მსჯელობის, აზრების გაცვლის დრო დგება. რა გვიშლის ხელს წონასწორობისა და ადამიანობის შენარჩუნებაში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად მივმართეთ გამორჩეულად ინტელექტუალურ მსახიობს, ქალბატონ ნინო ბურდულს.
- ყოფასთან ჭიდილში ადამიანები ვივიწყებთ, ვთმობთ ფიქრსა და აზროვნებას. მე ჩემი ხელოვნება მშველის. ისეთი პროფესია მაქვს, სადაც შემიძლია ვიფიქრო და ვიაზროვნო, თან შევქმნა, თან ახალი იდეები გამიჩნდეს, თან საკუთარი თავის რეალიზაციაც მოვახდინო. ეს ბედნიერებაა.
კაცობრიობის ისტორიაში ახალი არაფერი ხდება. უბრალოდ, დრო აჩქარდა. ადამიანის არჩევანია, რამდენად იპოვის ბალანსს საკუთარ თავში და დაინტერესდება იმით, რა შეიძლება გამოასწოროს მან და გამოასწოროს საზოგადოებამ. კაცობრიობა სულ ომშია. ცხადია, ბედნიერებისა და სიმშვიდის პერიოდებიც არსებობს, მაგრამ ეს წამები და მომენტებია, რომლებითაც საზრდოობს ადამიანი, რათა მერე გააგრძელოს ბრძოლა გაუთავებელ პრობლემებთან.
- მიუხედავად მსოფლიოში ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენი ქვეყანა მაინც სამშვიდობო პოლიტიკას ირჩევს.
- სამწუხაროდ, საფრთხე არსად გამქრალა. ისეთ მონსტრთან შებმა, როგორიც რუსეთია, საქართველოს არ შეუძლია. გვრჩება იმედად ევროპა, რომელიც ჩემთვის იყო და არის უკანასკნელი ხავსი კულტურის, ტრადიციების, რასაც კაცობრიობა დღითი დღე კარგავს. ახლა ევროპის მოქალაქეებიც (პოლიტიკოსებზე არ ვსაუბრობ) იმ ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგნენ, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ევროპა რუსეთის გაზს ჩამოეკიდა, საიდანაც დახსნა არც ისე იოლია. დღევანდელი კრიზისული სიტუაცია სასწრაფო პასუხს ითხოვს. ამიტომ სამშვიდობო პოლიტიკა ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
- რა უფრო ძნელია, გულწრფელი იყო სხვების თუ საკუთარი თავის მიმართ?
- საერთოდ, გულწრფელობა საკუთარი თავიდან იწყება. სრული კომფორტი ცხოვრებაში არ არსებობს. კომპრომისზე წასვლა გიწევს, რასაც არ უნდა აკეთებდე. ჩემს საქმიანობაში მეც კომპრომისზე მივდივარ. ტოლერანტული ადამიანი ვარ და პატივს ვცემ სხვების აზრს. შეიძლება ვიკამათო, ცხარედაც, მაგრამ მსახიობი ვარ და როცა რეჟისორთან ვმუშაობ, ვიცი, რომ ის არის წამყვანი და ვეთანხმები თუ არა, მე უნდა მოვძებნო ჩემს თავში ის შეხების წერტილები, სადაც შევძლებ დათანხმებას. ზოგადად, ჩვენ ნიღბებს ამოფარებული ხელოვნება უფრო გვიყვარს... პერსონაჟს რომ ვთამაშობ, იმის უკან სატკივარი უნდა იყოს. თუ არადა, პერსონაჟი ცარიელია. მე კი მიყვარს პერსონიფიცირებული ხელოვნება, როდესაც კონკრეტულ ადამიანებზეა საუბარი. როლს აუცილებლად ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რაღაც უნდა მითხრას თავისი არსებობით სცენაზე.
არ ვარ ის ტიპი, რომელიც კედლებს ანგრევს და კარს ფეხით აღებს. მე თვითონ მიკვირს, რომ კარიერა გავიკეთე ამ პროფესიაში, თუმცა მაინც ვერ ვთვლი თვითრეალიზებულად თავს. მე თუ არ დავხატე, თუ არ დავწერე, თუ არ გადავთარგმნე, რაღაც კიდევ თუ არ გავაკეთე, უკმარისობის გრძნობა მაქვს. რისი გაკეთებაც მინდა, ჩემი ერთი ცხოვრება ამისთვის საკმარისი არ არის.
- თქვენ, როგორც პიროვნებას, გაქვთ რაიმე განსაკუთრებული სათქმელი?
- სათქმელი სხვადასხვა დროს სხვადასხვაა, მაგრამ არსებობს სათქმელი, რომელიც მარადიულია. სიყვარული და კაცთმოყვარეობა ყოველთვის მთავარი თემაა ჩემთვის. საზოგადოებამ რომ იარსებოს, უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. მესმის, რომ არ გამოგვდის, მაგრამ მიმართულება აქეთ უნდა იყოს.
- ხელოვნებაშიც ასეა?
- ხელოვნება არ არსებობს ურთიერთგაცვლის გარეშე, განსაკუთრებით, თეატრი და კინო. ერთხანს ილიაუნში მომავალ მსახიობებს ვასწავლიდი. გამაოგნა იმან, რომ ერთ-ერთ ჯგუფში მეტისმეტად გმირულ-პათეტიკური მანერა ჰქონდათ. ვკითხე კიდეც, ხორავა ან ვასაძე ნანახი თუ გყავთ-მეთქი? წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ იყვნენ. ნეტავ საიდან ჰქონდათ ის მანერა?! მერე მივხვდი, რომ ჩვენი თეატრი პათეტიკას მიუბრუნდა. არადა, მიშა თუმანიშვილმა დაარღვია ეს ყალბი პათეტიკური თეატრი.
წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად - „სამშვიდობო პოლიტიკა ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“
რუსუდან შაიშმელაშვილი