პუტინს ათწლიანი და მრავალმილიარდიანი „სირიული ექსპერიმენტი“ სამარცხვინოდ ჩამოეშალა... - კვირის პალიტრა

პუტინს ათწლიანი და მრავალმილიარდიანი „სირიული ექსპერიმენტი“ სამარცხვინოდ ჩამოეშალა...

მაშინ, 2015 წლის 30 სექტემბერს პუტინმა მთელი დასავლეთი შოკში ჩააგდო, როდესაც რუსეთმა 700 კმ-ით დაშორებულ სირიაში თავისი სამხედროები და საბრძოლო ტექნიკა გადაისროლა, რითაც კრემლმა დაიწყო საბჭოთა ხანის შემდეგ პირველი სამხედრო ოპერაცია პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ...

მაშინ პუტინს ეს მარტო ბაშარ ასადის ხელისუფლების შესანარჩუნებლად როდი სჭირდებოდა-2014 წელს განხორციელებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიისა და დონბასში ოკუპაციის დაწყების გამო დასავლეთმა პუტინის პოლიტიკურ ფიგურას ბოიკოტი გამოუცხადა და კრემლის უხუცეს ბინადარს კვლავ სურდა „დიდ ავიაციაში“ ანუ საერთაშორისო პოლიტიკის ოლიმპზე დაბრუნება, რისთვისაც „სირიული ექსპერიმენტის“ დაწყებაც განიზრახა...

იმის გამო, რომ სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლების შესანარჩუნებლად პუტინის არმიის საექსპედიციო კორპუსი ჩაერთო „ალ-ქაედისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლებში(ძირითადად საავიაციო დაბომბვების სახით, თუმცა პრიგოჟინის „ვაგნერის“ დანაყოფები მცირე მასშტაბის სახმელეთო ოპერაციებსაც ახორციელებდნენ,მაგალითად პალმირას აღება), დასავლეთს აღარაფერი რჩებოდა გაეპროტესტებინა რუსული ჩექმის გამოჩენა ახლო აღმოსავლეთში...

რუსეთმა სირიაში შექმნა ორი მთავარი სამხედრო ბაზა-საჰაერო ჰმეიმიმიში და საზღვაო ტარტუსში (თუმცა ტარტუსში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საზღვაო პუნქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ფუნქციონირებდა).

მაგალითად, 2018 წელს, სირიაში რუსი სამხედროების გამოჩენიდან სამი წლის თავზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ,რომ სამი წლის განმავლობაში სირიაში როტაციის პრინციპით საბრძოლო გამოცდილება მიიღო 63 ათასმა რუსმა სამხედრომ და მათ შორის 434-მა გენერალმა.

putiniphoto-1733650805.jpg
ახლა პუტინს თავსატეხი გაუჩნდა, თუ როგორ გამოიყვანოს უდანაკარგოდ რუსული სამხედრო ბაზები ჰმეიმიმიდან და ტარტუსიდან...

მაგრამ რამდენად გამოადგათ რუს ოკუპანტებს სირიული გამოცდილება 2022 წლის თებერვალში უკრაინაზე თავდასხმისას ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან სირიასა და უკრაინაში სრულიად განსხვავებული სახის საბრძოლო მოქმედებები გაიმართა.

ჰმეიმიმის აეროდრომიდან აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები, როგორც პოლიგონზე, ისე დაუსჯელად ბომბავდნენ დასახლებულ პუნქტებს სირიის უდაბნოში, რადგან საშუალო სიშორის საზენიტო რაკეტების საფრთხე არ ემუქრებოდათ, უკრაინაში კი ამის გამო ბევრჯერ წაიტეხეს კისერი რუსმა მფრინავებმა, როდესაც უკრაინის ცაში მათ სამი კმ-ის სიმაღლის ზემოდანაც „ხსნიდნენ“...

თითქმის ათი წლის განმავლობაში, სირიაში დაიღუპა 184-ზე მეტი რუსი სამხედრო, თუმცა ამ სიაში არ შედის პრიგოჟინის „ვაგნერის“ 266 დაღუპული მებრძოლი(მათი უმეტესი ნაწილი განადგურებული იქნა ერთ ბრძოლაში, 2018 წლის 7 თებერვალს სირიის ქალაქ ჰაშამთან,როდესაც „ვაგნერს“ სურდა ხელში ჩაეგდო ბუნებრივი აირის საბადო და ამერიკულმა სტრატეგიულმა ავიაციამ რუსი „ვაგნერელები“ ნახევატონიანი ბომბებით „დაადუღა“).

სირიის მისიაში რუსეთმა დაკარგა 15-ზე მეტი საბრძოლო და სამხედრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი.

მათ შორის ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია 2015 წლის 24 ნოემბერს თურქული გამანადგურებლის მიერ სირია-თურქეთის საზღვრის თავზე რუსული საფრონტო ბომბდამშენის ჩამოგდებამ, რის გამოც მაშინ მოსკოვი და ანაკარა ლამის ომის დაწყების პირზე დადგნენ.

საერთო ჯამში თითქმის ათწლიანი „სირიული ექსპერიმენტი“ პუტინის რუსეთს ათეულობით მილიარდი დაუჯდა და ბოლოს ყველაფერი ასე სამრცხვინოდ ჩამოეშალა-პუტინის „ჯილა“ ასადმა ათდღიან შემოტევას ვერ გაუძლო და სირიიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა...