როგორ ყალიბდებოდა ჩვენი ეროვნული ხასიათი - კვირის პალიტრა

როგორ ყალიბდებოდა ჩვენი ეროვნული ხასიათი

დაუმორჩილებელი ბუნება, უსამართლო­ბასთან შეუგუებლობა - ეს ჩვენი ხასია­თია.­ რა გველის მომავალში, რომელშიც­ ჩვენ მიმართ ინტერესს ბევრად ძლიერი­ ქვეყნები­ იჩენენ. ამ და სხვა კით­ხვებით ისტორიკოსს, პროფე­სორ ვალერი ვაშაკიძეს­ მივმართეთ­, ადამიანს, რომელსაც­ ქართული ხასიათის­ თავისებურე­ბები არა მხოლოდ მეცნიერულად­ აქვს შესწავლილი, არამედ ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც, მაგალითად, სამაჩაბლოსა და აფხაზეთისათვის ბრძოლის ველზე.

- ჩვენთან, ისტორიისა და ეთნოლო­გიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიურ მუზეუმში ინახება პროტოქართველების თავის­ ქალები, რომელთაგან უძველესი დაახლოებით 6000 წელს ითვლის. თუმცა ქართული ეროვნული ცნობიერების, ხასიათის­ ჩამოყალიბება ქრისტიანულ იდეოლოგიას ეფუძნება. იდენტობის ჩამოყალიბებაში იდეოლოგიასთან ერთად დიდ როლს თამა­შობს გეოგრაფიული გარემოც. სწორედ ის განაპირობებს დასახლების ტიპებს­, სამეურნეო საქმიანობას, მეზობლებთან ურთიერთობას და ა.შ., რომელთა ზეგავლენით­ იქმნება ეროვნული ხასიათი. ტერმინი "ქართველი" სწორედ ქრისტიანულ ეპოქაში წარმოიქმნა. ჩვენი ისტორიისთვის ახალ აღმო­ჩენად ითვლება ისრაელში, უმლეიზუნში 20 წლის წინ მიკვლეული V-VI საუკუნეების მიჯნის საფლავის წარწერა, სადაც პირველად იკითხება სახელწოდება "ქართველი".

- საინტერესო აღმოჩენაა.

- ადამიანი, აქედან გამომდინარე, ერი, სოციალური არსებაა, ამიტომაც იდენტობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით სასიცოცხლოა სამეზობლო ურთიერთობები, როდესაც "დაპირისპირებებში" გამოიკვეთება ხალხისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. არ მოიძებნება ხალხი, რომელთა იდენტობა და ხასიათის თავისებურებები იმდენ ხალხთან ურთიერთობაში ჩამოყალიბებულიყოს, როგორიც ჩვენი­. ჩვენს ხასიათზე ზეგავლენა მოახდინეს ელინებმა, ირანულმა კულტურამ, ბიზანტიელებმა, ურარტუელებმა და ა.შ. თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ ბრმად და მექანიკურად არც ერთი ხალხისაგან არ გადმოგვიღია ის მოვლენები, რომლებიც ჩვენს თვითმყოფადობას დააზიანებდა, ვიღებდით მხოლოდ ჩვენთვის პროგრესულ მოვლენებს. Aასე რომ არ ყოფილიყო, დღემდე ჩვენი ნასახიც არ იქნებოდა.

როგორ ვახერხებდით ამას? საამისოდ შემუშავებული მექანიზმებით; მათ შორის, უპირველესად ქრისტიანობით, რომელიც იყო და არის ცოდნაზე დაფუძნებული სწავლება. სწორედ ამიტომ ვიყავით და ვართ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ერი. ასე ყალიბდებოდა ჩვენი ეროვნული ხასიათი.

- იმპულსურობა, უფრო საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ვიდრე საზოგადო საქმეზე,­ ყოველთვის იყო ამ ხასიათის ერთ-ერთი თვისება?

- ჩვენი ხასიათის უპირატესი თვისება იყო სამშობლოსთვის თავგანწირვა. გვქონდა, რა თქმა უნდა, უარყოფითი თვისებებიც, თუმცა უმეტესობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ გამოიწვია, რასთან ერთადაც პასუხისმგებლობაც დავკარგეთ. მარტივად რომ გითხრათ, რუსეთის იმპერიამ გვითხრა, რომ სამშობლოს დაცვა, მოვლა-პატრონობა აღარ გვევალებოდა. ამიტომ თავგზააბნეული ელიტა, რომელსაც ქვეყანაზე ზრუნვა ევალებოდა, ზოგი რუსის ჯარში წავიდა, ზოგიც სამოხელეო აპარატში, ძალიან ცოტა კი განათლების მისაღებად. უმეტესობა, სამწუხაროდ, ლუარსაბ თათქარიძე გახდა, რაც ახლაც დაახლოებით ასეა.

როგორი იყო ჩვენი ეროვნული ხასიათი,­ რით განვსხვავდებოდით სხვა ერებისაგან, ეს კარგად აქვს აღწერილი XII საუკუნის საქართველოს კათოლიკოსს ნიკოლოზ გულაბერისძეს. როდესაც ის ბერძნებსა და ქართველებს ერთმანეთს ადარებდა, წერდა: "რომელიმე ნათესავნი (ბერძნები) ლბილ და დედალ არიან და ფრიად მოსწრაფე ენამჭევრობასა და ფილოსოფოსობისათვის, ხოლო კულად სხვანი არიან ბუნებით სადაგნი და მარტივნი და გონებით წრფელნი, სიმართლესა ცხოვრებისასა­ და უღელსა­ უმანკოებისასა მზიდველნი და მხოლოდ ღმრთისა ოდენ და მკლავისა თვისისა მოსავნი. ვითარცა აჰა, ესე არიან ნათესავნი ჩუენ ქართუელთანი".

- ესე იგი, კათოლიკოსი ამბობს, რომ ქართველები წრფელი და მართალი ხალხია, რომელთაც მხოლოდ საკუთარი მკლავისა და ღმერთის იმედი აქვთ, სხვა არავინ ეხმარება. ეს მიდგომა, პრინციპში, ახლაც ასეთი უნდა იყოს. თანამოაზრენი უნდა ვეძებოთ, მაგრამ მათი ხელის შემყურენი არ უნდა ვიყოთ.

- არც პოლიტიკაში. პოლიტიკა ის საქმეა, სადაც ქვეყნის ინტერესების გამო გამართლებულია ყველაფრის უკანა პლანზე გადატანა, სიცოცხლისაც კი. რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ინტერესი?

რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება, მასთან ერთად კი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. ზოგს ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის და ქილიკობს, ქართველობას გვართმევენო. დიახ, წაგვართმევენ, თუ შევწყვიტეთ "მამულისა ჩვეულებისამებრ სლვაი". ეს VIII საუკუნის ქართველი მწერლის იოანე საბანისძის სწავლებაა. მწერალი აბოს ცხოვრების აღწერისას ამ სამიოდე სიტყვაში ატევს იმ ტრაგედიას, რომელმაც საქართველო იმ მომენტამდე მიიყვანა, რომ ქართველები ირხეოდნენ ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლეულნი. ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ქართველებმა გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზეც მათი იდენტობა შენარჩუნებული იყო, მტრის გარემოცვაში შეიძინეს თვისებები, რომლებიც იდენტური არ იყო მათ ტრადიციულ ზნე-ჩვეულებებთან. ამიტომაც არავის ზეგავლენით არ უნდა გავითავისოთ ის თვისებები, რომლებიც დააზიანებს ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, ეთნოფსიქოლოგიას. უნდა მივიღოთ და "გადმოვაქართულოთ" მხოლოდ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა, ხელს შეუწყობს ჩვენს წინსვლას, ჩვენთვის საზიანო შეთავაზებებზე კი დაუყოვნებლივ ვთქვათ უარი.

რატომ არ უნდა მივიღო ყველაფერი, მაგალითად, რაც დამახასიათებელია ავსტრიელი ან ჩინელი ხალხისათვის და რაც გამოარჩევს მათ სხვებისაგან? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ჩინეთი ან ავსტრია და არა საქართველო.

- თუმცა, თუ ვინმე გეხმარება, მისი თამაშის წესებს უნდა დაემორჩილო.

- არ უნდა დარჩე მუდამ მისკენ ხელგაწვდილი, თავადაც უნდა გააკეთო რაღაც და ეს მდგომარეობა აღარ შეგექმნება.

მაგალითად, ჩვენ გვქონდა გარკვეული ეკონომიკური სიმძლავრეები, რომლებიც იმის ნაცვლად, გაგვევითარებინა, დავანგრიეთ და ჯართად გავიტანეთ. არაფერი გავაკეთეთ და დავრჩით ხელგაწვდილი. სახელმწიფო მიზნად უნდა ისახავდეს, რომ გახდეს თვითკმარი და ამის გამო მისი მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობდეს, Aამის საყრდენი კი არის მხოლოდ განათლება.

- არადა, განათლების სრულიად უგონო­ "რეფორმები" მიდის. გავიხსენოთ თუნდაც ბოლოდროინდელი პატრიოტული ლიტერატურის ამოღება ეროვნული გამოცდებიდან.

- რატომ მოიყვანეს ასეთი სიტუაცია დღემდე?! რამდენი მინისტრი გამოიცვალა განათლების სისტემამ, ვეღარც ვითვლი, მაგრამ საქმე რომელმა გააკეთა?! პატრიოტული ლიტერატურის ამოღება ეროვნული გამოცდებიდან დანაშაულია.

- იგივე ხდებოდა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებთან დაკავშირებითაც, რომელთა სკოლის პროგრამებიდან ამოღება, შეკვეცა არც ისე დიდი ხნის წინ მოინდომეს. რომ არა დიდი პროტესტი, ალბათ, ამოიღებდნენ კიდეც.

- ქართველი ერი ჭკვიანია. ჩვენ ისტორიამ გამოგვაწრთო. როდესაც ქართველებზე ვსაუბრობ, არ წარმოიდგინოთ, რომ მხოლოდ ეთნიკურად ქართველს ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აქ ცხოვრობს და უყვარს სამშობლო. მათი თავგანწირვის მაგალითები ჩვენს ისტორიაში არაერთია. 1609 წელს აზვირთებულ მტკვარზე გორელმა სომეხმა მღვდელმა ფიცრები აყარა, რომ ქალაქს არ შემოსეოდნენ ყირიმელი თათრები, რომლებიც ქართლს დასაპყრობად მოადგნენ. მტერი ადიდებულ წყალზე ვეღარ გადმოვიდა და ქალაქი გადარჩა. ან თუნდაც ბორჩალოელ თათარზე, ხუდია ალავერდელზე მოგახსენებთ, რომელმაც ერეკლე მეფეს თავგანწირული ერთგულება გაუწია. ასე რომ,

ქართველობა მხოლოდ გვარი და სახელი არ არის. რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, პატრიოტობა პროფესია არ არის, მაგრამ პროფესიონალიზმი პატრიოტობააო. აი, ასეთი მოქალაქე უნდა გაზარდო. Uდაგეგმილი უნდა გქონდეს, რას ასწავლი და ვინ ასწავლის. არსებობს ცნება "ავადმყოფი ერი", რომელსაც თავისი მახასიათებლები აქვს. ადამიანი რომ გაივლის და ნაგვის პარკს მდინარეში გადააგდებს, ეს უკვე დაავადების ნიშანია. მაგრამ თუ ბავშვებს ვასწავლით, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაშინ ეს სიმპტომები აღარ გვექნება.

ჩვენს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც სომხებმა წუნდა და ახალქალაქი მიიტაცეს. იცით, რას წერდა მემატიანე, როგორ კვდებოდნენ ჩვენი მეფეები? "აღესრულენ მწუხარებასა შინაო". როდესაც წუნდა და ახალქალაქი დავიბრუნეთ, მემატიანემ მეფეებზე დაწერა: "აღესრულენ ნუგეშინისცემულნი დიდად".

- ესეც მინდა გკითხოთ: როგორც ოკეანისგაღმა ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან საქართველოთი უზარმაზარი დაინტერესებაა. ხანდახან ეს გვაოცებს კიდეც - ჩვენს პატარა ქვეყანას ამხელა დატვირთვა რატომ აქვს?

- ნაპოლეონი ამბობდა, გეოგრაფია ბედისწერააო. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენთვის სასჯელიც არის და უპირატესობაც. ჩვენ ვცხოვრობთ ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ხიდზე, და არა დერეფანში, როგორც უწოდებენ. ის მუდამ იპყრობდა დიდი სახელმწიფოების ყურადღებას. ეს ყურადღება და ცნობადობა ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე ოდესმე იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მეგობარი სახელმწიფოს ცნება პირობითია. ყველას საკუთარი ინტერესი აქვს. ეს ერთგვარად სასარგებლოც არის, რადგან შეგვიძლია მათი დაინტერესება ჩვენდა სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ოღონდ ამას ჭკუა სჭირდება. ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან პრაგმატულად, ცივი გონებით. არჩევანი არა მისი ინტერესების, არამედ ქართული ეროვნული სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.